გვანცა წულაია
16.12.2017

პარლამენტმა 115 ხმით კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატანი ცვლილებების პროექტი გუშინ მეორე მოსმენით მიიღო. ის, რომ ახალ კონსტიტუციაში ცვლილებები მალე განხორციელდებოდა, პრაქტიკულად, კონსტიტუციის დამტკიცებისას უკვე ცნობილი იყო. ცნობილი იყო ის ახალი ცვლილებებიც, რაც, სავარაუდოდ, ახალდამტკიცებულ კონსტიტუციაში შევიდოდა. თუმცა ხელისუფლებამ ამ ცვლილებებში კიდევ დამატებითი ცვლილებები მეორე მოსმენით განხილვის წინ შეიტანა.

გუშინ მეორე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები რიგ საკითხებს მოიცავს, მათ შორის კონსტიტუციის მე-18 მუხლს, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ეხება.

ახალი ვერსიის თანახმად, კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება ხდება, გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ.

იცვლება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებული მე-16 მუხლი, საიდანაც ამოიღებენ სიტყვებს: "სახელმწიფო უსაფრთხოება", "დანაშაულის თავიდან აცილება" და "მართლმსაჯულების განხორციელება".

გარდა ამისა, ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამი თვით იზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადა. ასევე, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.

ახალმიღებულ კონსტიტუციაში ტერმინი "ხმოსანი" აღარ იარსებებს და "საარჩევნო კოლეგიის წევრით" ჩანაცვლდება.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძის შეფასებით, პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებების ცვლილებების ცვლილებას იღებს. როგორც მან განაცხადა, კონსტიტუციის ასეთი ხშირი ცვლილებების პროცესი უცნაური და რეკორდულია თუნდაც ქართული პოლიტიკური ცხოვრებისათვის.

გამართლებულია თუ არა ახალშეცვლილ კონსტიტუციაში დაგეგმილ ახალ ცვლილებებში კიდევ ახალი ცვლილებების შეტანა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "საერთოდ, როგორ ჩანს, ჩვენი კონსტიტუცია და სამართლებრივი ველი დაღვინებული არ არის. ცხადია, ცვლილებების შეტანა ცუდი არ არის, მაგრამ იდეოლოგიურ მიმართულებას და ღერძს უნდა ემსახურებოდეს. პრინციპში, ასეთი ცვლილებები სავსებით დასაშვებია."

 

 

 იური მეჩითოვი(ფოტოგრაფი):"შემიძლია, ზოგადად გითხრათ, კონსტიტუცია არ არის გაყინული ორგანო. თუ ცვლილებები საჭიროა და ცხოვრება მოითხოვს, უნდა იქნეს შეტანილი. კონსტიტუცია თამაშდება, ბევჯერ შეიცვალა და, როგორც ჩანს, კიდევ შეიცვლება."

 

 

 

 

 რეზო მიშველაძე (მწერალი): "კონსტიტუცია არც კანონთა კრებულია და არც რომელიმე პარტიის ან ხელისუფლების სურვილებს მისადაგებული დოკუმენტი. კონსტიტუცია არის სახელმწიფოს მოწყობის უმთავრესი კანონი და რამდენ ახალ გამომცხვარ ხელისუფალს თუ ახალ არჩეულ პარლამენტს მოეხუშტურება, მისი წამდაუწუმი ცვალებადობა ამის მიხედვით არ უნდა ხდებოდეს.

"ახლა გვეუბნებიან, რომ საქართველო გადადის საპარლამენტო რესპუბლიკაზე და ამიტომ შევიდა მასში ცვლილებებიო. სწორედ ეს ცვლილებები გახდა ზოგიერთი პოლიტიკოსის ვნებათაღელვის მიზეზი. მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა ისტორიული კანონზომიერება ან ეპოქის მოთხოვნილება სრულიადაც არ არის. ეს არის კონსტიტუციის საკუთარ მხრებზე მორგების სურვილი, რაც წამოიწყო სააკაშვილმა და დღევანდელი ხელისუფლებაც წარმატებით აგრძელებს.

"ვფიქრობ, საქართველო ჯერ მზად არ არის, რომ საპარლამენტო ხელისუფლებაზე გადავიდეს. ის უმწიფარი სტრიქონები, რომელსაც ამ კონსტიტუციაში ვხვდები, ხვალ და ზეგ განწირულია ისევ ამოსაღებად და გადასაკეთებლად. პირადად მე საქართველოს არსებობის შენარჩუნება მსურს და ამისთვის ჩვენი ახალი კონსტიტუცია ბევრს ვერაფერს გააკეთებს."

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "ცვლილებებს, რომლებიც კონსტიტუციაში შევიდა, ძალიან ბევრი აჟიოტაჟი მოჰყვა. ახლა კიდევ ცვლილებების შეტანა ისე, რომ საზოგადოების აზრი გათვალისწინებული არ იქნეს, მგონი, საქმეს დააზიანებს და ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს.

"კონსტიტუციაში ამდენი ცვლილებების შეტანა სწორი არ არის და საზოგადოებაში არასტაბილურობის განცდას გააჩენს. არა მარტო ჩვენთან, არამედ გარედანაც ასე იქნება აღქმული."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×