ღია კაფეებსა და რესტორნებს საფრთხე ემუქრება
თამარ მუკბანიანი
18.07.2018

 თამბაქოს მოწევა ღია სივრცეშიც აღარ იქნება დასაშვები. ახალი ინიციატივის მიხედვით, დახურული შენობების შემდეგ, უნდა დარეგულირდეს ღია ადგილებში სიგარეტის მოხმარებაც და მხოლოდ სპეციალურ ადგილებში უნდა იყოს დასაშვები თამბაქოს მოწევა. შეიძლება, ეს ნიშნავდეს კაფე-რესტორნების ღია აივნებზე მოწევის შეზღუდვასაც. ინიციატივის შესახებ, რომელიც უკვე პარლამენტშია, თითქმის არაფერი იციან უმრავლესობის დეპუტატებმა.

თამბაქოს კონტროლის ალიანსი ითხოვს, ღია სივრცეში მოწევა მხოლოდ სპეციალურ ადგილებზე იყოს დაშვებული. ამ ინიციატივით ალიანსმა უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით. ახალი ინიციატივის მიხედვით, დაწესებულებების ტერიტორიაზე, ღია ადგილებზე მოწევა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ ამისთვის სპეციალურად დადგენილ ადგილებზე.

ჯერჯერობით უცნობია, მმართველი უმრავლესობა და საპარლამენტო ოპოზიცია აქცევს თუ არა კანონპროექტს კანონად, თუმცა ფაქტია, 1-ელ მაისს თამბაქოს დახურლ სივრცეებში მოწევის აკრძალვა არცთუ ეფექტურად სრულდება, რასაც შსს-ს სტატისტიკა მოწმობს. მისი მიხედვით, სამართალდამცველებმა ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების დარღვევის სულ 140 შემთხვევა გამოავლინეს, აქედან 101 - მაისში, ხოლო 39 - ივნისში. ცხადია, სამართალდარღვევის შემთხვევათა უმეტესობა ამ სტატისტიკის მიღმაა.

ბევრად უფრო რთული აღსასრულებელი იქნება კანონი, რომლის მიხედვითაც, ღია სივრცეში უნდა მოეწყოს ადგილები, სადაც მოწევა დაშვებული იქნება, უმეტეს ადგილებში კი აიკრძალება. ნიშნავს თუ არა ეს დამატებით წნეხს კაფე-რესტორნებისთვის, რომლებმაც დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის შემდეგ გარე სივრცეები მოაწყვეს და ხარჯი უკვე გასწიეს? გულისხმობს თუ არა ინიციატივა ვერანდებსა და ღია კაფეებში მოწევის აკრძალვას? ეს კითხვები ჯერ უპასუხოდაა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ დაწესებულებებში უნდა იყოს სივრცე, სადაც მწეველები სხვისი უფლების შელახვის გარეშე შეძლებენ მოწევას.

"მიმდინარეობს მონიტორინგი, თუ როგორ არიან მომზდებული შესაბამისი სამსახურები მოქალაქის ინფორმირებისთვის მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამის შედეგად ვნახეთ, რომ მოსახლეობის მხარდაჭერაც დიდია ამ საკითხში. კანონი მუშაობს და ადამიანები მას იცავენ. პირველი თვის განმავლობაში სულ 100-მდე ჯარიმა იყო. 6 თვის განმავლობაში ის თანდათან სოციალურ მოთხოვნად იქცევა.

არის სიტუაციები, როდესაც მწეველებსაც უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ადგილები საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, კლინიკებში, უმაღლეს სასწავლებლებში და სხვა, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, სხვისი უფლებების შელახვის გარეშე მოწიონ თამბაქო. ამიტომ კომიტეტი იმსჯელებს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე და ამას შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის სახით ჩამოვაყალიბებთ", - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ინიციატივას აბსურდულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსათვის ზედმეტი დანახარჯის გარდა არაფრის მომტანი იქნება.

"მაშინ, როცა იღებდნენ კანონს თამბაქოს შესახებ, რითიც დახურულ სივრცეში მოწევა იკრძალებოდა, პოზიცია იყო ასეთი - მწეველებისათვის რჩებოდა სივრცე. ეს იქნებოდა ღია ვერანდები და გარე მაგიდები კაფე-რესტორნებში. ახლა აშკარაა, ცდილობენ, შეზღუდონ ეს მომენტიც.

თავისთავად გაუგებარია, როგორ ან ვინ უნდა მოაწყოს ეს სივრცეები. ისევ ბიუჯეტმა უნდა გასწიოს ხარჯი მათ მოსაწყობად? თვითონ იდეა, ღია სივრცეში მოწევის ნაწილობრივ აკრძალვა, რა თქმა უნდა, აბსურდის თეატრია", - აცხადებს პაატა ბაირახტარი.

"რეზონანსი" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს დაუკავშირდა. მათი თქმით, ინიციატივის შესახებ არაფერი იციან და კომენტარისაგან ამ ეტაპზე თავი შეიკავეს. თამბაქოს დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის ინიციატორმა გუგული მაღრაძემ კითხვას საერთოდ არ უპასუხა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×