ოჯახის შექმნაზე ფიქრისას სხვადასხვა დაბრკოლებას აწყდება ადამიანი. ზოგისთვის პრობლემა ფინანსური მდგომარეობაა, ზოგისთვის - მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შიში და ა.შ. ძველად თუ ადრეულ ასაკშივე იქმნებოდა ოჯახები, ახლა პერიოდმა საკმაოდ გადაიწია. ყველა ცდილობს, ქორწინებამდე გარკვეულ სოციალურ მდგომარეობასა თუ სტატუსს მიაღწიოს.
ოჯახის ყოლა, მისი შექმნა და შემდეგ ღირსეულად გაძღოლა უდიდესი პასუხისმგებლობაა და არც ისე მარტივი. რასაკვირველია, 16-18 წლის გამოუცდელი ადამიანისთვის გაცილებით რთულია ყველა იმ დაბრკოლებასთან გამკლავება, რაც თან ახლავს თანაცხოვრებას, თუმცა შეხედულება, რომ 30 წლის ასაკში შეუღლებისას პრობლემები არ არსებობს, მართებული არ არის. ყველა ასაკს თან ახლავს გართულებები, თუმცა უკეთესია, ეს ნაბიჯი მაშინ გადაიდგას, როცა წყვილი სოციალურად დამოუკიდებლობას შეძლებს.
სიყვარული ნამდვილად მნიშვნელოვანია ურთიერთობაში, თუმცა საწყის ეტაპზე, როდესაც ახალგაზრდა წყვილს შორის პრობლემები იჩენს ხოლმე თავს, თითქოს ეს გრძნობა სადღაც ქრება. გრძნობა, რომელსაც ხშირად სიყვარულს არქმევენ, სინამდვილეში კი მიჩვევაა, გატაცება, დამოუკიდებლობის შეგრძნება და სხვა.
25 წლის მარიამ კანდელაკი მიიჩნევს, რომ დაქორწინებისთვის ოპტიმალური ასაკი 25-30 წელია, როდესაც ადამიანს სოციალური სტატუსი გარკვეულწილად ჩამოყალიბებული აქვს:
"ამ ასაკში ადამიანებს საკუთარი პროფესია აქვთ, ასევე შეუძლიათ ემოციების მართვა. აქვთ გარკვეული გამოცდილება სხვადასხვა ცხოვრებისეული დაბრკოლებებისა გადალახვის შესახებ. ჩამოყალიბებული შეხედულება იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სრულფასოვანი ოჯახი, ამასთან არ გაურბიან პასუხისმგებლობასა და მოვალეობებს.
რაც არ უნდა ბევრი იუაროს ადამიანმა, სოციალური საკითხი მაინც პირველ ადგილზე დგება და ხშირად გარკვეულ პრობლემებს ის ქმნის ურთიერთობაში. ოჯახის მართვისთვის, შვილების აღზრდისთვის, განთლებისთვის აუცილებელია ფინანსური რესურსი. ეს ყველაფერი გარკვეულ თანხებს უკავშირდება.
ასევე აღვნიშნავდი იმ ფაქტსაც, რომ პიროვნების მონდომებასა და მოტივაციაზე უამრავი რამ არის დამოკიდებული, შესაძლოა, გაცილებით პატარა ასაკში შეძლოს ოჯახისთვის ბევრი რამ ადამიანმა, რასაც ვერ მიაღწიოს სხვამ, უკვე ზრდასრულმა. იმის თქმა მინდა, რომ ცხოვრებაში მაინც ინდივიდუალურია ხოლმე ასეთი საკითხები", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას კანდელაკმა.
არსებობს მოსაზრებები, თითქოს მე-7 წელი ყველაზე რთულია ქორწინებისას, ზოგიერთი კი პირველ წელს მიიჩნევს გარდამტეხად და ა.შ. ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს ფსიქოლოგ ლია ქურხულს. ის მიიჩნევს, რომ პირველი წელი მართლაც უკეთ გააცნობისა და თანაცხოვრების შეგუების პერიოდია:
"ოჯახის შექმნა მაშინ არის მიზანშეწონილი, როდესაც პიროვნება სოციალურად და მოქალაქეობრივად ჩამოყალიბებულია, აქვს ფასეულობები და აცნობიერებს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის სირთულესა და დაბრკოლებებს. შესაბამისად, სასურველია, წყვილის ოჯახად შერწყმა 25 წლის ზემოთ მოხდეს.
თანაცხოვრების პირველი წელი კრიზისული პერიოდია, როცა ორი ადამიანი ავლენს ისეთ თვისებებსა და მანერებს, რაზეც ადრე ყურადღებას არ ამახვილებდნენ. უკეთ შეცნობისას, რასაკვირველია, პრობლემებიც იჩენს ხოლმე თავს და თუკი ამ დაბრკოლებებს ვერ გადალახავენ, სამწუხაროდ, ეს ოჯახები მალევე ინგრევა.
ამბობენ, თითქოს მე-7 წელია კრიზისული. ეს შეიძლება განიმარტოს პერიოდად, როდესაც მამაკაცი პროფესიულ წარმატებას აღწევს, რის გამოც უჩნდება რაღაც ახლის სურვილი, პასუხისმგებლობისგან ცოტა ხნით გათავისუფლება და ა.შ. შესაბამისად, მოსალოდნელია პრობლემები, კონფლიქტი ოჯახში და სხვა. დაახლოებით ეს დრო შეიძლება მივიჩნიოთ მე-7 წლის კრიზისად", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ფსიქოლოგმა ქურხულმა.
სხვადასხვა გამოკითხვით, სწორედ 25-30 წელი სახელდება დაოჯახებისთვის მისაღებ პერიოდად. აქვე აღსანიშნავია, რომ ოჯახის სიმყარეს სხვა ბევრი ფაქტორი განაპირობებს, ასაკის გარდა, მაგალითად: ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ინტერესები, ფასეულობები, ის, თუ ვისთან ერთად ცხოვრობს წყვილი და სხვა.
30 წლის დავით გასვიანი ფიქრობს, რომ წყვილის კეთილდღეობისთვის აუცილებელია, თუ ისინი ცალკე იცხოვრებენ და მშობლებს ან სხვა გარეშე პირებს არ ჩარევენ ყოველდღიურ ურთიერთობაში:
"დღეს ბევრად სხვაგვარი თაობაა და ხშირად ახალგაზრდების ქცევები და შეხედულებები არ მოსწონთ მშობლებს. უამრავი შემთხვევაა, რომ სწორედ მათი ზედმეტი ჩარევით ჩნდება პრობლემები წყვილის ცხოვრებაში. ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებელია დაოჯახებისას ცოლ-ქმარმა ცალკე იცხოვროს და თავიანთ ყოველდღიურობაში ზედმეტად არვის არ ჩაახედოს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გასვიანმა.