რეზონანსი
20.07.2018

გერმანიის ფედერალური მთავრობის კაბინეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებას ითვალისწინებს.

ეს ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენებისა და თავშესაფრის მოთხოვნის ფაქტების შემცირებას, რამდენადაც თავშესაფრის განაცხადების განხილვა მოკლე ვადებში მოხდება.

მნიშვნელოვანია, რომ, თავშესაფრის მაძიებელთა უახლესი მონაცემების თანახმად, ბოლო თვეებში გერმანიაში დაფიქსირებულია კლების დინამიკა.

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, არსებული გამოწვევების საპასუხოდ, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს მთავრობის მიერ, მათ შორისაა: საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, საინფორმაციო კამპანიები, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ატაშეების ქსელის გაფართოება ევროკავშირის - შენგენის წევრ სახელმწიფოებში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების მექანიზმები შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და აღჭურვილია ინსპექტირების შესაბამისი საშუალებებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებთან დამყარებული აქვს ნაყოფიერი ოპერატიული თანამშრომლობა როგორც ფედერალურ, ასევე ფედერალური მიწების დონეზე, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო ხელშეკრულებებს, თანამშრომლობის მემორანდუმებს, პარტნიორობისა და ურთიერთნდობის პრინციპებს.

თანამშრომლობა მოიცავს როგორც ოპერატიულ, ასევე არაოპერატიულ მიმართულებებს და ხორციელდება პოლიციის ატაშეების, ინფორმაციის გაცვლის, ერთობლივი ოპერაციების განხორციელების, რეგულარული მაღალი დონის შეხვედრების მეშვეობით.

ამ კუთხით აღსანიშნავია, ბოლო დროს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და მოადგილე ნინო ჯავახაძის ვიზიტები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

მიმდინარე წლის მაისში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, მშენებლობისა და სამშობლოს საკითხთა ფედერალურ მინისტრ ჰორსტ ზეეჰოფერთან შეხვედრისას, გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა თავშესაფრის მაძიებელთა შემცირების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სამინისტროს მზაობას.

ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს "უსაფრთხო წარმომავლობის ქვეყნად" აღიარების მნიშვნელობაზე, რაც შეამცირებს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის ფაქტებს.

საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობისა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შემცირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები გააცნო ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრს ვიზიტით მყოფმა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემაც.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ჰორსტ ზეეჰოფერის მხრიდან ინიცირებული კანონპროექტის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებას გერმანული პრესა აქტიურად ეხმაურება. საკანონდებლო პროცედურების თანახმად, აღნიშნული კანონპროექტი ბუნდესთაგისა და ბუნდესტრატის (ფედერალური მიწების საბჭოს) თანხმობას საჭიროებს.

გამოცემა "ველტის" თანახმად, საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ფედერალური მთავრობა იმითიც ასაბუთებს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუმჯობესებულია და საქართველოში ოპოზიციას თავისუფლად შეუძლია მოქმედება.

აღსანიშნავია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში უკვე შეყვანილი ჰყავს: ავსტრიას, საფრანგეთს, ბელგიას, ნიდერლანდებს, ბულგარეთს, ისლანდიას, ისრაელსა და ლუქსემბურგს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×