თბილისის ქუჩებში გამუდმებული საცობების მოგვარების გზები კიდევ არ ჩანს. ხიდები და ესტაკადები, რომელთა მშენებლობაზეც პერმანენტული საუბარი მიდიოდა, ჯერ კიდევ არ დაწყებულა, ამიტომ, ქალაქის განტვირთვის მიზნით, სხვადასხვა პრაქტიკული სქემის ამუშავებაა საჭირო. არსებობს მოსაზრება, რომ თბილისის ქუჩებში თვის კენტ და ლუწ რიცხვებში ავტომობილების მოძრაობა შესაბამისი სანომრე ნიშნების მეშვეობით დარეგულირდეს. მეორე ვარიანტია დიდძრავიანი მანქანების ქალაქის ცენტრში გადაადგილების შეზღუდვა.
სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული მეთოდებით შესაძლებელია, თბილისის ქუჩები საცობებისგან განიტვირთოს. მაგალითად, თვის კენტ რიცხვებში გადაადგილდნენ მხოლოდ ის ავტომობილები, რომელთა სანომრე ნიშნებიც კენტ რიცხვზე ბოლოვდება, ხოლო ლუწ რიცხვებში ის მანქანები, რომელთა სანომრე ნიშნები ლუწზე ბოლოვდება.
სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტი დავით მესხიშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ აკრძალვა ძირეულად ვერ მოაგვარებს საცობების პრობლემას, რაც რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული. მისი აზრით, თბილისის ქუჩებში შექმნილი საცობი არის განუვითარებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შედეგი. ავტომობილების (კენტ და ლუწ რიცხვებში) გადაადგილების აკრძალვა მოსახლეობის უმრავლესობის მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს, რადგან, აკრძალვის პარალელურად, სახელმწიფო მოსახლეობას ვერანაირ ალტერნატივას ვერ სთავაზობს.
"ამ ინიციატივის განხილვაც კი წარმოუდგენელია, თან იმ ფონზე, როდესაც ავტომობილი ძალიან ბევრი ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთი საშუალებაა. ქვეყანაში არ არის განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რას სთავაზობთ ადამიანს? რით გადაადგილდეს იმ დღეს, რომელ რიცხვსაც არ დაემთხვევა მისი სანომრე ნიშანი? გამიგონია, რომ ეს პრაქტიკა რამდენიმე ქვეყანაში გავრცელებულია, მაგრამ მათი და ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის შედარებაც არ შეიძლება.
ზოგადად აკრძალვა გამოსავალი არ არის, თუნდაც ეს დიდძრავიანი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა იყოს. ქვეყანას უნდა ჰქონდეს სატრანსპორტო პოლიტიკა, თუ როგორ შეამციროს მანქანების რაოდენობა. უნდა შეამციროს არა მათრახით, არამედ - სწორი მიდგომით. საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განავითარება, რომ ავტომფლობელსაც გაუჩნდეს თავისი მანქანის სახლში დატოვების სურვილი. ამის ალტერნატვა კი დღეს არ გვაქვს, რადგან საკმაოდ მოუხერხებელი და არაკომფორტულია მგზავრობა.
სახელმწიფო ავტოპარკის განახლებასა და შემცირებაზე ერთდროულად უნდა ფიქრობდეს, თუმცა არა - ზეწოლით. დღეს ხალხი "ტაქსაობით", დისტრიბუციითა და სხვა ალტერნატიული ვარიანტით ირჩენს თავს და მათთვის ამის აკრძალვა არ მიმაჩნია მართებულად", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მესხიშვილმა.
მსგავსი შეზღუდვები გამოსავლად არ მიაჩნიათ სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტებს. "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას "ჰაბ ჯორჯიის" ხელმძღვანელმა ვასო ურუშაძემ აღნიშნა, რომ საცობების მოგვარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებაა. ყველას აქვს უფლება, ჰყავდეს პირადი ავტომობილი, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ქალაქს არ ჰყავს გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
"მსგავსი ინიციატივა, რომ ქუჩებში გადაადგილება შესაძლებელი იყოს ლუწ და კენტ რიცხვებში (სანომრე ნიშნის მიხედვით), ნაკლებად რეალურია და მოწყვეტილია იმ რეალობას, რაც დღეს გვაქვს დედაქალაქში. საცობების პრობლემა არის კომპლექსური და ამას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკა. საცობების პრობლემას უნდა ვებრძოლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებით, რადგან საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას ჰყავს ავტომობილი და არანაირი პრობლემა არ არის, რადგან ბევრი ავტომობილი ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლადაც შეიძლება, ჩაითვალოს.
პრობლემა არის ის, რომ ქალაქს არ გააჩნია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეს არის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი საცობებისა. უნდა განვითარდეს მეტრო, ტრამვაი, ავტობუსი და მიკროავტობუსები, რაც ერთადერთი გარანტია მოძრაობის მოწესრიგებისა. ეს შეამცირებს კერძო ტრანსპორტით გადაადგილების რაოდენობას. გარდა ამისა, მწვავე პრობლემაა სხვა უამრავი ფაქტორი, როგორებიცაა: პარკირება, საგზაო მოძრაობის სწორი ორგანიზება, ასევე - საგზაო ინფრასტრუქტურა. ეს გაურკვეველი ინიციატივები, რაც გაჟღერდა, არ მოაგვარებს არანაირ პრობლემას", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ურუშაძემ.
საგზაო სფეროს სპეციალისტ გელა კვაშილავას თქმით, მოუწესრიგებელი საზგადოებრივი ტრანსპორტი, გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა და პარკირების არარსებობა ერთად იწვევს საცობებს. ძირეული პრობლემების მოგვარება განტვირთავს დედაქალაქის ქუჩებს ზედმეტი ავტომობილებისგან და არა - გარკვეული აკრძალვები.
"ყოველწლიურად 10%-ით მატულობს მანქანების რიცხვი ამ ქალაქში, ავტომობილების პარკირება კი ხდება პირდაპირ ქუჩებში. პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, არის პარკინგი. სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნაა, მოწესრიგდეს ავტომობილების გაჩერების საკითხი.
გამართლებულად მიმაჩნია, რომ სხვადასხვა უბანში საათობრივი გადასახადი დაწესდეს შემომავალ ავტომობილებზე. ყველა ქვეყანაშია კერძო ატომობილებზე გაჩერების შეზღუდვა სხვადასხვა საათში, ამას საქართველოში არ ვიყენებთ.
გარდა ამისა, დროულად უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი გადაადგილების სისტემა. ამით თავისთავად მოგვარდება საცობის პრობლემაც. ქალაქში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი, რაც სწრაფად გამოასწორებს სიტუაციას, ვიდრე რამის აკრძალვაა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" კვაშილავამ.