სხვადასხვა მძიმე მეტალით გამოწვეული დაავადებების მასშტაბი მუდმივად მატულობს. სპეციალისტების ნაწილი ონკოლოგიური და სხვა დაავადებების ზრდას ადამიანის ორგანიზმში სწორედ მძიმე ლითონების სიჭარბეს უკავშირებს. თუკი ბოლო დროს აქტიურად მიდის საუბარი ტყვიის კონცენტრაციის მასშტაბურ ზრდაზე, ჩვენი ჯანმრთელობისთვის არანაკლებ მავნებელია ორგანიზმში დაგროვილი ვერცხლისწყალი, კადმიუმი და სხვა, სულ 40-ზე მეტი ქიმიური ელემენტი, რომლებიც მთელ რიგ დაავადებებს იწვევს.
მძიმე მეტალები მაღალი ატომური მასის მქონე ქიმიური ელემენტების ჯგუფია. მრავალი მათგანი, მაგალითად: რკინა, სპილენძი, თუთია, მოლიბდენი, მონაწილეობს ბიოლოგიურ პროცესებში და განსაზღვრული რაოდენობით აუცილებელია ადამიანის, ცხოველისა და მცენარის ცხოველქმედებისათვის. მეორე მხრივ, მძიმე მეტალები და მათი ნაერთები მავნე გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, გროვდება უჯრედებში და მძიმე შედეგებს იწვევს.
ევროპის ენკოლოგიური კომიტეტის წევრის, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოს რამაზ გახოკიძის შეფასებით, მძიმე ლითონებიდან განსაკუთრებული ტოქსიკურობით ტყვია, ვერცხლისწყალი და კადმიუმი გამოირჩევა.
"სხვადასხვა საკვებში ეს ნივთიერებები განსხვავებულად გროვდება. კადმიუმი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყრის თავს ისპანახში, ტყვია კი - სასმელებსა და ხილში, განსაკუთრებით ბევრი (10%-მდე) გროვდება იგი არაქისში. რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, ვერცხლისწყლის ორგანიზმში მოხვედრის საშიშროებას წარმოადგენს ბრინჯი, რაც არაერთი კვლევით არის დადასტურებული.
ცნობილია, რომ ჩინური ბიჟუტერია კადმიუმს შეიცავს. აშშ-მა აუკრძალა ჩინეთს ტყვიის შემცველი ბიჟუტერიის შეტანა, მათ კი ტყვია კადმიუმით შეცვალეს. კადმიუმის შემცველ ნივთიერებებს იყენებენ ყვითელ, ნარინჯისფერ და წითელ საღებავებად. ეს ლითონი ტყვიაზე საშიშია, რადგან ყველა მისი ნაერთი ძალიან ტოქსიკურია (მეტალურ კადმიუმს ტოქსიკური თვისებები არ ახასიათებს). აღმოჩნდა, რომ ჩინური ბიჟუტერიის 91% კადმიუმისგან შედგება, რომელიც კუმულაციური შხამია (ორგანიზმში გროვდება). მწვავე მოწამვლის სიმპტომებია: ღებინება, კრუნჩხვები, კუნთების ტკივილი, უნებლიე მოტეხილობები.
კადმიუმს შეიცავს არა მარტო ჩინური ბიჟუტერია, არამედ - სათამაშოებიც. საკმარისია, ბავშვმა რამდენჯერმე ჩაიდოს სათამაშო პირში, რომ იგი აღმოჩნდება სისხლში, რის შედეგადაც ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა, ღვიძლი, თირკმელები. კადმიუმის ქრონიკული ზემოქმედება იწვევს ძვლების დაშლას.
კადმიუმი უძლიერესი კანცეროგენია, შეუძლია, გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადებანი. ეს რისკი იზრდება კანთან შეხებით. ზოგჯერ საწამლავი პირდაპირ ცვივა ნაკეთობისგან და კანს ეფრქვევა, პირში ჩადება არც არის საჭირო. მძიმე მეტალებს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს კოსმეტიკური და პარფიუმერიული პროდუქტები", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" რამაზ გახოკიძე.
რაც შეეხება ვერცხლისწყალს, მას დიდი რაოდენობით აგროვებს ზღვისა და მტკნარი წყლის მრავალი ორგანიზმი. საკვებად თევზისა და ზღვის პროდუქტების გამოყენება არაერთხელ გამხდარა მოსახლეობის მოწამვლის მიზეზი. ერთ-ერთი საშიში ლითონია ასევე ალუმინი, რომელსაც ფართოდ იყენებენ კვების მრეწველობაში.
"ალუმინის ტარაში ან ფოლგაში მოთავსებული საკვები ათასჯერ უფრო მეტ მავნე ნივთიერებებს შეიცავს, ვიდრე ახალი პროდუქტები. ალუმინი ნაწილობრივ იხსნება საკვებში და შეუძლია გამოიწვიოს კიბო, გულსისხლძარღვთა დაავადებები, მამაკაცთა უნაყოფობა, ართრიტი, თავის ტკივილი, აღგზნებადობა, უძილობა, ნაადრევი სიბერე, ჭკუასუსტობა. მას შეუძლია ალცჰაიმერის დაავადების პროვოცირებაც (გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ალცჰაიმერით დაავადებულთა ტვინი შეიცავს ალუმინის მომატებულ რაოდენობას).
ხანგრძლივი შენახვით ან გაცხელებით ალუმინის ტარაში მოთავსებულ საკვებში მეტალის რაოდენობა თითქმის ორჯერ არის გაზრდილი", - აღნიშნავს რამაზ გახოკიძე და დასძენს, რომ ალუმინი განსაკუთრებით აზიანებს ბავშვებსა და ხანდაზმულებს. კერძოდ, ბავშვებში ალუმინის სიჭარბე იწვევს ანემიას, რაქიტს, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებებს, აგრესიასა და მეხსიერების დაქვეითებას.
"ალუმინი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შედის საფუარებში, სინთეზურ საღებავებსა და საკვებ დანამატებში. მათ გარეშე კი არ მზადდება ძეხვები, კონსერვები, საფუარიანი პური (განსაკუთრებით - თეთრი) და სხვა პროდუქტები. აღმოჩნდა, რომ ლუდში შედის ნივთიერებები, რომელთაც, სხვა სასმელებისგან განსხვავებით, შეუძლია ალუმინის მარილების გამოტანა. მიუხედავად ამისა, სასურველია, რომ მოერიდოთ ალუმინის ქილებს", - ამბობს გახოკიძე.
პედიატრ მაია აბულაშვილის ინფორმაციით, სათამაშოების დიდ ნაწილში ტყვიისა და კადმიუმის შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატება და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველია.
ადმიუმისა და ტყვიის მაღალი შემცველობით, ძირითადად, ჩინური სათამაშოები გამოირჩევა. საფრთხის შემცველია ასევე საბავშვო "პარფიუმერია", რომელიც სულაც არ არის უსაფრთხო და მისი ხარისხი ჩვენი პატარების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. როგორც წესი, ასეთი სათამაშო ყურადღებას იპყრობს მძაფრი სუნით, რომელიც მოქმედებს ჰემოგლობინზე. როდესაც ბავშვებს რკინის დეფიციტი აღენიშნებათ, შესაძლოა, მძაფრი სუნი შეისუნთქონ, შედეგად კი რკინის ადგილას სხვა ლითონი ჩადგება. შემთხვევა არ არის გამორიცხული, ანემიის სახით გვიან გამოვლინდეს.
ბავშვს, როდესაც უვარგისი სათამაშოთი თამაშობს ან უხარისხო საკვებით იკვებება, შესაძლოა, ნერვიული სისტემა დაუზიანდეს. სათამაშოს შემთხვევაში, გააჩნია რა ლითონია, რა მინერალებისა და ელემენტებისგან შედგება, ხოლო კვების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი საკვებ დანამატებში მაღალი დოზით არ შეიცავდეს სინთეზურ საღებავებსა და სხვადასხვა კონსერვანტს. ასეთი საკვები, სინამდვილეში, მძიმე მეტალებითაა გაჯერებული და მისი გამოყენება შეიძლება, მრავალი დაავადების მაპროვოცირებელი გახდეს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კადმიუმისა და ტყვიის შემცველი პროდუქცია იწვევს გონებრივ ჩამორჩენას და ბავშვის ნორმალურ განვითარებას აფერხებს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" აბულაშვილმა.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ყურადღებას იქცევს, ორგანიზმში მძიმე მეტალების შემცველობის სწრაფი შეფასების მეთოდია, რომელიც თმის მულტიელემენტურ ანალიზს უკავშირდება. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, თმის ანალიზის საშუალებით შესაძლებელია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და მავნე მინერალურ ნივთიერებათა რაოდენობის განსაზღვრა ორგანიზმში.