თამარ მუკბანიანი
25.07.2018

 ტყიბულში, მინდელის შახტში დასაქმებულები აქციებს მართავენ. მთავარი მოთხოვნა პრემიერთან შეხვედრა და მამუკა ბახტაძის დანაპირების დოკუმენტური გაფორმებაა. მეშახტეები ითხოვენ, კონკრეტულად გაიწეროს, ვინ აანაზღაურებს მათ ხელფასს, სანამ შახტი დახურულია, რა ფორმითა და რამდენი ხნით. ასეთ მოთხოვნებს პროფკავშირში გაწევრიანებული მეშახტეები აყენებენ. ამის პარალელურად, მეშახტეთა სხვა ჯგუფის აქციაც გაიმართა. მათი ძირითადი მოთხოვნა შახტის ადმინისტრაციის ცვლილებას უკავშირდება.

ცნობილია, რომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მინდელის სახელობის შახტში ბოლოს მომხდარი ტრაგედიის შედეგ მიიღო, 18 ივლისს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეშახტეებს კომპანია სამუშაო ადგილზე ჩასვლის მოთხოვნას უყენებს. ამ დროისათვის, მეშახტეებს სამუშაო ადგილებზე ჩასვლას აღარავინ სთავაზობს, თუმცა, ამ ფაქტიდან გამომდინარე, არსებობს შიში, რომ შესაძლოა, პრემიერის სხვა განცხადებებიც იქნას უგულებელყოფილი.

პროფკავშირების ორგანიზებით, ტყიბულში აქცია გუშინ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და მისი ყველა დანაპირების ოფიციალურად გაფორმება მოითხოვეს. მეშახტეები ამბობენ, რომ დეტალურად უნდა გაიწეროს, შახტის დახურვის პირობებში, ვინ აუნაზღაურებს მათ თანხებს და რამდენი ხნით ან რა ფორმით.

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძის თქმით, აუცილებელია, დოკუმენტურად დადასტურდეს პრემიერის დანაპირები, რა მოთხოვნითაც აქცია გაიმართა.

"მეშახტეების აქცია პროფკავშირების მიერ იყო ორგანიზებული. ჩვენთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ ფეროშენადნობთა პროფკავშირები, რკინიგზის პროფკავშირების სამტრედიის რეგიონული ფრთა და პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაცია. რაც შეეხება მოთხოვნებს, ძირითადი მოთხოვნაა პრემიერის მიერ 16 ივლისს გაკეთებული განცხადების დოკუმენტურად გაფორმება: მეშახტეების იძულებითი მოცდენის ხელფასის ანაზღაურება, ასევე მოთხოვნები შრომითი რისკებისა და საფრთხეების აღმოფხვრასთან დაკავშირებით.

მეშახტეები სიტყვაზე არ ენდობიან არავის, პრემიერ-მინისტრსაც კი, ამიტომ ყველა პირობა მხარეების მიერ უნდა იქნას ხელმოწერილი, რათა თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები მომავალში. მაგალითისათვის, გაუგებრობაა ის, რომ 16 ივლისს პრემიერის მიერ შახტის დროებით დახურვის შესახებ განცხადების გაკეთების შედეგ, მეორე დღესვე კომპანიამ მუშებისგან კატასტროფის შემდგომი სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვა მოითხოვა. აქედან გამომდინარე, ასევე მნიშვენელოვანია, დეტალურად გაიწეროს თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები: ვინ იხდის, რამდენს იხდის, რამდენ ხანს გადაიხდის და ა.შ. ჩვენი მიზანია, მეშახტეები არ დარჩნენ მოტყუებულნი", - აცხადებს დოლაბერიძე.

პროფკავშირები ვთვლიან, რომ შახტში არსებული პრობლემები სისტემურია და სახელებისა და გვარების ცვლილება არაფრის მომტანია. "პრობლემას ვერ მოაგვარებს ის, რომ ვინმე დანიშნონ ან მოხსნან. პრობლემა სისტემურია და ამ პრობლემაში წვლილი აქვს როგორც კომპანიას, ასევე - კანონმდებლობას, რომელიც მოუწესრიგებელია და არ იცავს სამუშაოდ გასულ ადამიანს. ფაქტია, მუშები აღარ უნდა გვეღუპებოდეს", - აცხადებს თამაზ დოლაბერიძე.

მეშახტეები შიშობენ, რომ მათ მიერ სამუშაოს გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა, ტრაგედია განმეორდეს. გარანტს, რომ ასე არ მოხდება, ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, არავინ იძლევა. დასაქმებულების დიდ ინტერესს იწვევს ასევე ხელფასის მოცულობა და მისი გაცემის ფორმა შახტის დახურვის განმავლობაში.

მეშახტე გაგა ისაკაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის.

"ჩვენი მთავარი მოთხოვნა პრემიერთან შეხვედრაა. მამუკა ბახტაძეს უნდა მოვთხოვოთ არსებული სისტემის შეცვლა და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. დღეს შახტში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მუშაობის გაგრძელება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ვშიშობ, რომ შეიძლება, მოკლე ხანში იგივე შედეგი დადგეს, რაც იყო აქამდე - ადამინების მასობრივი სიკვდილი სამუშაო ადგილებზე. ამიტომ უნდა მოხდეს მაღაროს რეაბილიტაცია, ახალი ტექნოლოგიების შემოტანა, დამონტაჟება და ამის შემდეგ აუცილებლად აღდგეს შახტებში უსაფრთხო შრომა.

პრემიერმა განაცადა, რომ მეშახტეთა ხელფასები გამოძიების დასრულებამდე ანაზღაურდებოდა. ამ ყველაფერზე ოფიციალური დამატებითი დოკუმენტები გვჭირდება. ჩვენ არ ვიცით, კონკეტულად ვინ და რა ფრომით ან რამდენს გადაგვიხდის იძულებითი განაცდურის თანხას, იქნება ეს სახელმწიფო თუ კომპანია. ოფიციალურად არაფერი ვიცით, ინფორმაციას პირადი საუბრებით ვიგებთ, რაც დამაბნეველია, ამიტომ ვითხოვთ ყველა დაპირების ოფიცალურ დადასტურებას", - ამბობს გაგა ისაკაძე.

როგორც აღვნიშნე, მეშახტეების მეორე ჯგუფს აქვს განსხვავებული მოთხოვნები.

ხვიჩა გაბუნიაც მეშახტეა, თუმცა ის პროფკავშირების აქციაზე არ იმყოფებოდა. აქციაზე, რომელშიც გაბუნია მონაწილეობდა, განსხვავებული მოთხოვნები გაჟღერდა. მთავრი შახტის დირექციის ცვლილებაა.

"ჩვენი მოთხოვნა პროფკავშირებისაგან განსხვავებულია. ჩვენს აქციაზე მთავარი მოთხოვნა იყო ადმინისტრაციის დაუყოვნებლივი ცვლილება სრულად, მათ შორის ჯაყელის (მინდელის სახელობის შახტის გენდირექტორი) გათავისუფლება. მივმართავთ მთავრობასა და შახტის მფლობელ ბატონ დავით ბეჟუაშვილს, რომ შახტისათვის ახალი გენდირექტორი დანიშნონ. ჩვენც ვთვლით, რომ აუცილებელია, პრემიერის ყველა დაპირება გაფორმდეს ოფიციალურად, რათა გაუგებრობები ავიცილოთ თავიდან.

მთავრობას მივმართავ თხოვნით: ჩამობრძანდით, ჩაერიეთ, მოგვაქციეთ ყურადღება, რათა ისედაც ემოციური ფონის უფრო დაძაბვა არ მოხდეს. დაელაპარაკეთ ბატონ ბეჟუაშვილს. ამ დირექციის პირობებში, ჩვენ მუშაობის გაგრძელებას არ ვგეგმავთ. მოიწვიონ ისეთი დირექტორი, ვინც იქნება კომპეტენტური და, ამასთანავე, გულისხმიერი იმ ადამიანების მიმართ, ვისაც უმძიმესი შრომა გვიწევს", - აცხადებს "რეზონანსთან" ხვიჩა გაბუნია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×