თამარ მუკბანიანი
27.07.2018

 დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილი სატრანსპოტო კომპანიის მხრიდან მომსახურების ხარვეზზე საუბრობს. თუკი ცოტა ხნის წინ მგაზვრების უკმაყოფილება უკანონო დაჯარიმების ფაქტებს უკავშირდებოდა, ისინი ავტობუსებში დამონტაჟებული გადახდის უნაღდო ანგარიშსწორების ახალი სისტემის ხარვეზზე ჩივიან, ხოლო სატრანსპორტო კომპანიაში საპირისპიროს აცხადებენ და ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ სისტემა თითქოს კარგად მუშაობს.

ცხადია, თანამედროვე სტანდარტის დანერგვა უდავოდ მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მას არ ექნება ეფექტი, თუ ეს სისტემა ხარვეზით იმუშავებს.

ბოლო პერიოდში იმატა უკმაყოფილო მოქალაქეთა რიცხვმა, რომლებიც ამბობენ, რომ აპარატს ბარათს ადებენ, იგი მწვანდება, მაგრამ შესაბამისი ინფორმაცია კონდუქტორამდე სწორად არ აღწევს. როგორც აღმოჩნდა, მგზავრობიდან მგზავრობამდე უფასო საათნახევრიანი დროის განმავლობაში მათ თანხა მაინც ეჭრებათ ანგარიშიდან. სატრანსპორტო კომპანიაში მსგავს ფაქტებს გამორცხავენ, მომხდარს კი მგზავრთა უყურადღებობას უკავშირებენ.

გადახდის ახალი სისტემა სატრანსპორტო მომსახურებაში ლურჯი ავტობუსების შემოყვანის დროიდან დაინერგა. შესაბამისად, ტრანსპორტში დამონტაჟებული აპარატი ბილეთს არ გასცემს, სამაგიეროდ, ბარათის მიდების შემდეგ მწვანდება, რაც იმის ნიშანია, რომ ღირებულება გადახდილია. თუმცა ავტობუსებში დამონტაჟებულია მეორე აპარატიც, რითაც ნაღდი ანგარიშსწორებაა შესაძლებელი.

მიუხედავად ამისა, კონტროლიორები შიგადაშიგ ამოწმებენ სამგზავრო ბარათებს. გახშირდა შემთხვევა, როცა მგზავრებს აჯარიმებენ და ეუბნებიან, რომ, პროცედურის გავლის მიუხედავად, გადასახადი სისტემაში არ არის ასახული. "რეზონანსი" ამ პრობლემის შესახებ ოთხი თვის წინაც წერდა, მაშინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, რომ ასეთი შემთხვევების შესახებ იციან, თუმცა ამ უსიამოვნო ფაქტს მგზავრების მხრიდან გადახდის დროს არასათანადო ყურადღებას უკავშირებენ. მათი აზრით, შეიძლება, მგზავრმა ვერ დაინახა, გამწვანდა თუ არა აპარატი. ამ გაუგებრობის აღმოსაფხვრელად ახალი სისტემის დანერგვას გეგმავდნენ, რომელიც, ფერის ცვლილების გარდა, ხმოვანი სიგნალით ანიშნებს მგზავრს, რომ ტრანზაქცია შესრულებულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით სტატია "რეზონანსში" 30 მარტს გამოქვეყნდა. ოთხი თვის შემდეგ გამოდის, რომ გადახდის ახალი სისტემა ისევ შემუშავების პროცესშია. ამასობაში, პრობლემა პრობლემად რჩება და ახალი ნიუანსებიც ემატება. ამჯერად უკვე, პირველი მგზავრობის მერე, საათნახევრიან შუალედში, მგზავრთა გარკვეული ნაწილი ვერ ახერხებს მეორედ უფასოდ მგზავრობას და მას ბარათიდან თანხა ჩვეულებრივად ეჭრება.

ეთერ მკალავიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მსგავსი პრობლემა მასაც შეექმნა. თავადაც არ იცის, რამ გამოიწვია ხარვეზი, სისტემის მოშლამ თუ იმან, რომ უფასო მგზავრობის ლიმიტი დროზე ადრე ამოიწურა.

"ასეთივე შემთხვევა მქონდა 12.03.2018-ში. დილით ვიმგზავრე 37 ნომერი ავტობუსით, თავისუფლების მოედანზე გადავჯექი 14 ნომერში, ასვლისთანავე გავატარე ბარათი (ეს აუცილებლად დაფიქსირდებოდა ვიდეოკამერით, რადგან შუა კარში ავედი და წინა მხარეს გავატერე ბარათი). შესაბამისად, დაფიქსირდა 0, აღმაშენებლის ხეივანზე ჩამომსვეს ავტობუსიდან მტკიცებით, რომ ბარათი არ დამიფიქსირებია. რა თქმა უნდა, ვერაფერს გავხდი, გამომიწერეს ჯარიმა. ეს ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, რადგან არასდროს მიკადრია უბილეთოდ მგზავრობა და არც ახლა მქონდა რამე საფუძველი იმისა, რომ ბარათი არ გამეტარებინა. სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო, ვარჩიე, გადამეხადა ჯარიმა, ვიდრე გასაჩივრებაზე დამეხარჯა დრო, თანაც შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აზრი არ ექნებოდა, თორემ მართალი რომ ვიყავი, ძნელი დასადგენი არც ადგილზე იყო", - წერს ეთერ მკალავიშვილი.

მაია მჭედლიძის თქმით კი, მის შემთხვევაში პრობლემა ნამდვილად იცის, რაც საათნახევრიანი დროის ნახევარ საათში "ამოწურვას" უკავშირდება.

"ავტობუსით გადაადგილება სამსახურის გამო თითქმის ყოველდღიურად მიწევს. არ ვიქნები უმადური ვთქვა, რომ ვითარება არ გამოსწორებულა, მაგრამ ვხედავ იმასაც, რომ მომსახურების მხრივ მგაზავრებს სერიოზული პრობლემა აქვთ. მქონდა შემთხვევა, რომ დავჯარიმდი, რადგან "გამწვანებულმა" ბარათმა თანხის გადახდა შემოწმებისას არ დააფიქსირა. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს სალარო აპარატის ხარვეზი იყო, ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარვადგინე სატრანსპორტო კომპანიაში და ჯარიმის გაუქმება მოვითხოვე, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიე.

ამის შემდეგ მუდმივად ვცდილობდი, რომ ელექტრონული სისტემით არ მესარგებლა, მაგრამ ამ ცდამაც ვერ გაამართლა. ნაღდი ფულით გადახდისას აპარატმა უფასო ქვითრის მაგივრად ფასიანი ამომიბეჭდა. არადა, პირველი მგზავრობიდან 30 წუთზე მეტი არ იყო გასული. როცა კონტროლიორთან გავაპროტესტე, მან მირჩია, რომ ბანკში მივსულიყავი და ვითარება იქ გამერკვია, თუმცა ბანკში მითხრეს, რომ ეს აპარატის ხარვეზია და საბანკო მომსახურებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. გამოდის, რომ ჯარიმა გადავიხადე, მაგრამ ჩემ მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის ანაზრაურებაზე არავის უფიქრია. მარტო ავტობუსების გამოცვლა საქმეს ვერ უშველის, თუ ადამიანების უფლებები ყოველ ჯერზე ირღვევა ისე, რომ თავის დაცვის შანსსაც არ უტოვებენ. არ შეიძლება, ყოველთვის მომხმარებელი იყოს მტყუანი, როცა რეალურად პირიქითაა", - ამბობს უკმაყოფილო მომხმარებელი.

აღნიშნულთან დაკავშირებით "რეზონანსი" დაუკავშირდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, სადაც განაცხადეს, რომ უსამართლო დაჯარიმებები აბსოლუტურად გამორიცხულია და მიზეზი მგზავრების უყურადღებობა შეიძლება, იყოს.

"დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხარვეზიანი სალარო აპარატებით ავტობუსები არ გამოდიან სამუშაოდ. პრობლემა თუ გადაადგილების პროცესში წარმოიქმნება, მძღოლს მგზავრები მიჰყავს ადგილამე (ბოლო გაჩერებამდე), შემდეგ კი მიდის სერვისცენტრში, სადაც ხარვეზი სწორდება. ასეთი რამდენიმე სერვისცენტრია დედაქალაქში, ხოლო იმ დროს, როცა აპარატს პრობლემა აქვს, არ ხდება მგზავრთათვის ბილეთის მოთხოვნა და ამ დროს არავინ დაჯარიმდება.

ასე რომ, გამოვრიცხავთ მოსახლეობის უკანონო დაჯარიმების ფაქტებს. მიზეზი, რის გამოც კონტროლის სამსახურს მოქალაქის სანქცირება უწევს, ვინაიდან გადახდის ახალი სისტემა ქაღალდით არ ადასტურებს გადახდას, ხშირად არის, როდესაც მგზავრს ჰგონია, რომ ბარათი გაატარა, სათანადო ყურადღება არ მიაქცია ეკრანზე ფერის ცვლილებას ან, ხალხმრავლობის გამო, ვერ დააფიქსირა, სათანადოდ გამწვანდა თუ არა აპარატი. შეიძლება იყოს სხვა პრობლემაც მგზავრების მხრიდან. კომპანია სრულად გამორიცხავს უსაფუძვლო დაჯარიმებებს, მით უფრო, ასეთი ფაქტების გახშირებას", - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში და დასძენენ, რომ, პრობლემის შემთხვევაში, მგზავრებმა ბარათები სერვისცენტრებში უნდა წარადგინონ.

"რეზონანსის" კითხვაზე, როდის იგეგმება 4 თვის წინ დაანონსებული ახალი სისტემის შემოტანა, რომელიც, ფერის შეცვლის გარდა, მგზავრს ტრანზაქციის შესრულებას ხმოვანი სიგნალითაც ანიშნებს, კომპნიაში ზუსტი პასუხის გაცემა უჭირთ.

სატრანსპორტო კომპანიაში აცახდებენ, რომ სისტემაზე მუშაობა კვლავ გრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×