რეიდების შიში ახალგაზრდებში ჯერ კიდევ მუშაობს
თეო გუდავაძე
27.07.2018

 12 მაისის მასშტაბური საპოლიციო ოპერაციის შემდეგ, თბილისის კლუბებში ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა, რაც ღამის კლუბებისთვის ცუდი აღმოჩნდა. საზოგადოების ერთი ნაწილი ამ ფაქტს დადებითად აფასებს და ფიქრობს, რომ ამ გზით შესაძლოა, ნარკოტიკებისკენ მიდრეკილი თაობის გადარჩენა მოხერხდეს. მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ 12 მაისს ჩატარებული რეიდით ვერ აღმოიფხვრება ნარკოტიკების პრობლემა ქვეყანაში, თუმცა ზოგიერთ ფენაში ამ ყველაფერმა შიში გამოიწვია. ახალგაზრდები ახლა ცდილობენ, კლუბის ტერიტორიაზე არ მიიღონ არანაირი ნარკოტიკი.

თბილისში, ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. თუ ერთი ნაწილი ღამის კლუბებში ჩატარებულ რეიდს ამართლებდა და დაგვიანებულადაც მიიჩნევდა, მეორე ნაწილი დღემდე თვლის, რომ ასეთი ფორმა დაუშვებელია. ამას შესაძლოა, რიგი პრობლემები მოჰყვეს, მათ შორის - ტურიზმის, ეკონომიკის დაზარალება.

ლილე მიქიაშვილი კლუბ "ბასიანის" ხშირი სტუმარია. მისი თქმით, 12 მაისს ჩატარებულმა რეიდმა, როგორც კლუბის ბიუჯეტზე, ასევე სტუმრების რაოდენობაზეც იმოქმედა:

"ბასიანი" ჩემი მეორე სახლია. რთული სამუშაო გრაფიკი მაქვს. ვმუშაობ მთელი დღის განმავლობაში, 12 საათი და პარასკევი-შაბათი ნამდვილად არის ჩემი განტვირთვის დღეები. როდესაც კლუბში მივდივარ, იმხელა რიგი აღარ არის და არც შიგნით შეინიშნება ბევრი ხალხი. ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ 12 მაისის გავლენაა, შესაძლოა, ზაფხულია და, უბრალოდ, ახალგაზრდების უმეტესობა დასასვენებლად არის წასული და ამიტომ არ არის იმდენი ხალხი, რამდენიც ადრე იყო ხოლმე.

შეუძლებელია, "ბასიანი", "გალერია", "ხიდი", "მტკვარი" ან სხვა კლუბი ამრავლებდეს ბარიგებს და ხელს უწყობდეს ახალგაზრდების სიკვდილიანობას. მე იქ ბედნიერ ახალგაზრდებს ვხედავ, ისინი მთელი კვირა მუშაობენ და განტვირთვას ამ ადგილებში ახერხებენ. ამაში ცუდი არაფერია.

მცირე ნაწილი, რომელიც იღებდა კლუბში ნარკოტიკებს, ეს ხალხიც შეშინდა, მეტი ინფორმაცია მიიღო და ვეღარ ბედავს მსგავსი ნაბიჯების გადადგმას. მე პირადად ტელევიზიით მას მერე მხოლოდ ერთელ მოვისმინე ზედოზირებით გარდაცვლილ ახალგაზრდებზე და ისინიც სახლში იპოვეს, თუ სწორად მახსოვს. კლუბის დაცვა უფრო მეტად არის ორიენტირებული, რომ შიგნით არავინ არაფერი მიიღოს და დაიცვას იმ ახალგაზრდების უსაფრთხოება, რომლებიც კლუბის ტერიტორიაზე არიან.

საჭიროა სწორი ნარკოპოლიტიკა და არა - უდანაშაულო ადამიანების სასტიკი დასჯა, ბიზნესის შეფერხება და მსგავსი არაადეკვატური ნაბიჯები. ტურისტების უმრავლესობას მოსწონს თბილისის ღამის გართობა. 12 მაისის შესახებ მთელმა მსოფლიომ და საკლუბო სცენამ გაიგო და ეს ნამდვილად აფერხებს იმ ტურისტებს, ვისაც უნდა ნახოს, თბილისის ღამის ცხოვრება როგორია", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ლილე მიქიაშვილმა.

12 მაისის რეიდის შიშმა გარკვეული ზეგავლენა ნამდვილად მოახდინა იმ არასრულწლოვნებზე, რომლებიც კლუბურ ნარკოტიკს ეტანებოდნენ. ისინი ახლა ცდილობენ, გაურკვეველი ან ახალი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი არ მიიღონ, განსაკუთრებით - კლუბის ტერიტორიაზე.

ნინი სიდამონიძე (რესპონდენტის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელი და გვარი შეცვლილია) ამბობს, რომ ძალიან ხშირად დადიოდა "ხიდზე" მოსაწვევის გამოყენებით:

"არ ვარ სრულწლოვანი და, შესაბამისად, ჩვეულებრივი გზით კლუბის ტერიტორიაზე ვერ შევიდოდი. კლუბური ნარკოტიკი გამისინჯავს ორჯერ კლუბის ტერიტიაზე, თუმცა 12 მაისის მერე იმდენად შეშინებული ვარ და ზოგადად იმ პერიოდში განვითარებული მოვლენების გავლენა იმდენად მძაფრია, საერთოდ აღარ მაქვს სურვილი რამის გასინჯვისა.

ძნელია, როდესაც ამ ასაკში ხარ და მსგავსი ამბის გამო გიჭერენ. ასეთ დროს ყოველთვის ფიქრობ მშობლებზე და გეშინია მათი რეაქციის. ჩემი რამდენიმე მეგობარი, რომლებიც ასევე არასრულწლოვნები არიან, მხოლოდ ამ მიზეზით აღარ იღებენ არაფერს და მარიხუანასაც კი აღარ ეწევიან. არ ვიცით, პოლიცია როდის და სად გაგვაჩერებს.

ვფიქრობ, კლუბური ნარკოტიკი დასაშვები უნდა იყოს და ვისაც მოსწონს ასე გართობა, რატომაც არა, უნდა გაერთოს. მე მგონი, უფრო მკაცრად გაკონტროლდება ის ნარკოტიკი, რაც შემოვა ქვეყანაში", - უთხრა "რეზონანსს" ნინი სიდამონიძემ.

დიდი ხანია, საზოგადოება და მეცნიერება დავობს იმაზე, არის თუ არა კლუბურ ნარკოტიკსა და ნარკოტიკს შორის განსხვავება. მათი ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ კლუბური ნარკოტიკი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სრულებით არ არის საშიში, ხოლო მეორე ნაწილი ამბობს, რომ ნარკოტიკი ყველა კუთხით ცუდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×