ვინ ანადგურებს ტყეს და ვის მიჰყავს ქვეყანა ეკოლოგიურ კატასტროფამდე? ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საქართველოს ახალმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ პირველი ბრძოლა სვანეთის სოფელ ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობას გამოუცხადა.
2000 გლეხის მიერ მოჭრილი ხე შეძლებს თუ არა გადაფაროს იმ დიდი კომპანიების მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელთა საქმიანობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობა არაერთხელ გამოსულა?
ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ბოლო 7 თვის განმავლობაში საქართველოში ხე-ტყის უკანონო ჭრის 679 ფაქტი გამოვლინდა, უკანონო ტრანსპორტირების კი - 640. 124 შემთხვევაში ფაქტი სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა, სულ ამ ხნის განმავლობაში კი უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ოდენობამ 6087 კუბური მეტრი შეადგინა.
საქსტატ-ის მონაცემებით, 2012 წელს ქვეყნიდან 9, 516 300 აშშ დოლარის ღრებულების (გასწვრივ დახერხილი ან დასახერხი) ხე-ტყის მასალა გავიდა, 2013 წელს - 11,730 600 აშშ დოლარის, 2014 წელს - 11 331 000 აშშ დოლარის.
2015 წელს ექსპორტი ოდნავ შემცირდა და 10 937 200 აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წლიდან ეს მაჩვენებელი მზარდია. ამ წელს ქვეყნიდან 13 612 000 აშშ დოლარის ღირებულების (გასწვრივ დახერხილი ან დასახერხი) ხე-ტყის მასალა გავიდა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 16 799 100 აშშ დოლარს გაუტოლდა, 2018 წლის იანვარ-მაისში ექსპორტმა 6 289 600 აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოში ხე-ტყის მასობრივი გაჩეხვა რომ საგანგაშოა, ამის შესახებ პდწიფდ აწკუთე-ის მონაცემებითაც ნათელი ხდება. 2001-2017 წლებში საქართველოში 9,700 ჰექტარი ტყე გაქრა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ტყის ყველაზე დიდი მოცულობა 2014 წელს გაიჩეხა და 1,97 ჰექტარი შედგინა.
კვლევა ასევე აჩვენებს, რომ 2017 წელს ტყის მასივი ყველაზე მასშტაბურად 5 რეგიონში შემცირდა და განადგურდა, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთში - 1,9%, თბილისში - 0,8 %, ქვემო ქართლში -0,52%, კახეთში - 0,32%, იმერეთში -0,27%.
ეს ორგანიზაცია 1997 წელს დაარსდა. მისი საქმიანობის სფეროს სატელიტური ფოტოების საშუალებით ტყის საფარზე მონიტორინგის განხორციელება და ინფორმაციის შეგროვება წარმოადგენს. დღევანდელი მონაცემებით, ორგანიზაცია ონლაინ მონიტორინგს 200-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" თავმჯდომარე მანანა ქოჩვაძე "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში ხე-ტყის მასობრივი გაჩეხვის სერიოზული პრობლემები არსებობს და ამას როგორც სტატისტიკის დეპარტამენტის, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებს.
მისი თქმით, ამ კუთხით ყველაზე სავალალო ვითარებაში კახეთია, სადაც ტყის მასობრივი ჩეხვა ყველაზე მომატებულია.
ქოჩვაძე ამბობს, რომ სვანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების პრობლემა ყოველთვის იდგა, რადგანაც ადგილობრივებს სხვა შემოსავლის წყარო არ გააჩნიათ, თუმცა ისინი მხოლოდ და მხოლოდ დაქირავებულ მუშახელს წარმოადგენენ.
მისი განცხადებით, სვანეთში მოქმედებს ორგანიზებული ხე-ტყის მაფია. ისინი შეკრული არიან როგორც პოლიციასთან, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სვანეთიდან უკანონოდ მოჭრილი ხის მასალა ასე გამოაქვთ.
მისივე განცხადებით, გამოტანილი მასალის რეალიზაცია თბილისში ხდება, რომელსაც, ასევე თავისი მფარველები ჰყავს.
ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტყისა და ხეების მასობრივად გაჩეხვის ფაქტები დიდი კომპანიების მიერ ფიქსირდება, რომლის ნებართვასაც თავად სახელმწიფო გასცემს.
"სვანეთში მიმდინარე პროცესები ერთგვარი საჩვენებელი დასჯა იყო. იმაზე არვინ დავობს, რომ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვება დაუშვებელია, მაგრამ სად არის გაშიფრული ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ამ რეგიონში წლებია, მუშაობს?
"როგორ გამოაქვთ ამ ადამიანებს ეს მასალა სვანეთიდან? იქ წლებია, ფინანსთა სამინისტროს ინსპექტორები დგანან, რომლებიც ყველა გამსვლელსა და გამომსვლელს აკონტროლებს. სად მიაქვთ რეალიზაციისთვის გამზადებული მასალა? ვინმემ ის ხალხი დააკავა?
"სოფელ ჭუბერსა და ხაიშში სულ 2000-მდე ადამიანი ცხოვრობს. აქედან ნახევარი ბავშვი, ქალი და მოხუცია. ახლა ამათ გამოვაკლოთ იმ მამაკაცების რაოდენობა, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ ტყეს ჩეხავენ.
"ჩემთვის გაუგებარია, რა ისეთი წინააღმდეგობა გაუწია ამ მცირერიცხოვანმა მოსახლეობამ, რომ ამ მასშტაბის რაოდენობის პოლიციის შეყვანა გახდა საჭირო?
"დიდი კომპანიები ვხედავთ, ტყეს და ჩვენს გარემოს რა ზიანს აყენებენ, მათთან მისული სპეცრაზმი ვინმემ ნახა? ეს იყო ძალის დემონსტრირება და სვანების დასჯა ჰესის მშენებლობაზე უარის თქმის გამო", - აცხადებს "რეზონანსთან" მანანა ქორჩვაძე.
მისივე თქმით, ხე-ტყის მასობრივი ჩეხვის კუთხით ყველაზე სავალალო მდგომარეობა საქართველოს ხუთ რეგიონშია. ესენია: სამცხე-ჯავახეთი, თბილისი, ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, სადაც ეკოლოგიური თვალსაზრისით დიდი კატასტროფის წინაშე ვდგავართ.