უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია შავიზღვისპირეთში აგვისტოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში ეს მონაცემები ურთიერთგამომრიცხავია, რაც ზღვის კურორტებზე აგვისტოში წასვლის მსურველებს დასვენებისათვის ოპტიმალური დროის შერჩევას ურთულებს.
მაგალითად, ერთი ვერსიით, ბათუმში მთელი აგვისტოს განმავლობაში მხოლოდ 2 მზიანი დღე იქნება და ისიც - მხოლოდ აგვისტოს ბოლოს. სხვა წყაროს ცნობით, 6 აგვისტომდე წვიმა იქნება, მაგრამ შემდეგ გამოიდარებს და კარგი ამინდი შესაძლოა, თვის ბოლომდე გაგრძელდეს.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში აგვისტოს ამინდთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული მონაცემები არ აქვთ, რადგან, მათი თქმით, ამინდის ზუსტად პროგნოზირება მხოლოდ 7 აგვისტომდე მონაკვეთშია შესაძლებელი.
ინტერნეტრესურს ფსსგცუფერუკ-ის ამინდის პროგნოზის მიხედვით, აგვისტოს 31 დღიდან მხოლოდ ორი დღე იქნება მზიანი - 24 და 25 აგვისტო, 10 დღის განმავლობაში იწვიმებს, დანარჩენი დღეები კი ნახევრად მოღრუბლული იქნება. ამავე პროგნოზით, მოღრუბლული ამინდისა და წვიმის გარდა, ბათუმში ტემპერატურაც დაბალი იქნება.
განსხვავებული მონაცემები აქვს ამინდის პროგნოზების სხვა ინტერნეტრესურს - ცუფერუკყსწქ-ს. მათი პროგნოზით, 6 აგვისტომდე ბათუმში წვიმიანი ამინდია, თუმცა 6 აგვისტოდან გამოიდარებს და მინიმუმ 11 აგვისტოს ჩათვლით კარგი ამინდია მოსალოდნელი. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ვებ-გვერდს მთელი აგვისტოს ამინდის პროგნოზი არ აქვს და მოსალოდნელი ამინდი მხოლოდ 11 აგვისტოს ჩათვლითაა მითითებული.
"ამინდი.ჯი"-ს ცნობით კი, ბათუმში აგვისტოს დასაწყისსა და შუა რიცხვებში იქნება წვიმა, ხოლო ხუთიდან შვიდ აგვისტომდე, შემდეგ ათიდან თორმეტ აგვისტომდე და თხუთმეტ-თექვსმეტ რიცხვებში მზიანი ამინდი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში 2 აგვისტოდან მოსალოდნელია არამდგრადი ამინდი:
"ორი რიცხვიდან დასავლეთ საქართველოში ცოტათი არამდგრადი ამინდი იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაუღებლად იწვიმებს და არ გამოიდარებს. ეს იქნება ხანმოკლე წვიმა", - აღნიშნა გვაზავამ.
მისივე ცნობით, ამინდის ზუსტი პროგნოზის გაკეთება მხოლოდ 7 აგვისტომდეა შესაძლებელი:
"აგვისტოს დასაწყისში დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით - ორი აგვისტოდან, მოსალოდნელია არამდგრადი ამინდი. ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა 1-2 გრადუსით დაიკლებს. შვიდ აგვისტომდე სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია 27-29 გრადუსი, დაბლობ რაიონებში - 30-32 გრადუსი, ხოლო მთიან რაიონებში 32-34 გრადუსამდე მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა.
"ორიდან შვიდი აგვისტოს ჩათვლით, დღის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ძალიან დაბალია სეტყვის ალბათობა, ხოლო ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით 30-35 გრადუსს მიაღწევს, მთიან რაიონებში კი - 31-33 გრადუსს", - ამობობს დოდო გვაზავა.
მისივე თქმით, აგვისტოს შუა რიცხვების შემდეგ ყოველთვის შეიმჩნეოდა ამინდის მცირედით ცვლილება და, სავარაუდოდ, წელსაც ასე იქნება:
"მოწოდებული ინფორმაცია ზუსტია და გამართლებადობა დაახლოებით 80% აქვს. აგვისტოში საერთოდ ცვლილებები ხდება ამინდში, განსაკუთრებით 19 აგვისტოდან ტემპერატურა იკლებს. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ დღის ხანგრძლივობა იკლებს.
"ასევე იკლებს ენერგია, რომლითაც დედამიწა მზის სხივებით ცხელდება, მზის დახრის კუთხე იცვლება დედამიწის მიმართ. ამიტომ ამ დროს ყოველთვის არის ხოლმე მოსალოდნელი ამინდში ცვლილებები. ამას თან ერთვის დროგამოშვებით ხანმოკლე ხასიათის წვიმა.
"დასავლეთ საქართველოში 19 აგვისტოდან ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ დაიკლებს, ეს ძირითადად შეიმჩნევა აღმოსავლეთ საქართველოში.
"დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და შედარებით გრილი ამინდი სანაპირო რაიონებში ბევრად უფრო კომფორტული იქნება დამსვენებელთათვის, 35-37 გრადუსზე ადამიანი საერთოდ ვერ ახერხებს დასვენებას. ხანმოკლე წვიმა იქნება ხოლმე", - განაცხადა გვაზავამ.