27 ივლისს თბილისის თავზე დაფიქსირებულმა ნისლმა რამდენიმე საათით ქალაქში ხილვადობა გააუარესა და მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, რომ უცნაური ნისლის ჩამოწოლა განაპირობა სამხრეთიდან გადმოტანილი მტვრიანი ან ქვიშიანი ჰაერის მასების შერევამ. მისივე თქმით, მომავალი თვის განმავლობაში შესაძლოა, მსგავსი შემთხვევა განმეორდეს, თუმცა ის ჯანმრთელობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
ეკოლოგიის საკითხებში ექსპერტმა ნინო ჩხობაძემ აღნიშნა, რომ სამხრეთიდან წამოსული ქვიშიანი მასების გარდა, ეს ნისლი შესაძლოა, რომ ე.წ. სმოგმა, ანუ ავტომობილების გამონაბოლქვმაც გამოიწვია.
"პირველი არხის" ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის მრჩეველი ნია გიუაშვილი აცხადებს, რომ მტვრის ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცია საფრთხეს, პირველ რიგში, ბავშვებს, მოხუცებს, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის დაავადების მქონე ადამიანებს უქმნის და ამ შემთხვევაში ზოგადი რეკომენდაციაა სახლში დარჩენა და კარ-ფანჯრის ფარდებით დაცვა, ოთახების კონდიცირება, გარეთ ყოფნის პერიოდისა და ფიზიკური აქტივობის მაქსიმალურად შეზღუდვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ აღნიშნა, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა საქართველოსთვის, თუმცა საშიში ამაში არაფერია:
"ამ შემთხვევაში დამოკიდებულნი ვართ ატმოსფეროს ცირკულაციაზე. საზღვრები ატმოსფეროს არ აქვს და დედამიწას გარს აკრავს, ამიტომ ჩვენი ქვეყნის ამინდს განაპირობებს სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე სინოპტიკური და დამატებით სხვა პროცესები.
"მაგალითად, სამხრეთ რაიონებში, არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკაში არის ე.წ. ქვიშის ქარიშხლები. როდესაც ხდება სამხრეთიდან ჰაერის მასის გადმოსვლა ისევე, როგორც გუშინ, ამ შემთხვევაში გადმოსასვლელი ჰაერის მასაში ირევა, სავარაუდოდ, მტვერი და სილა.
"თუმცა, დოზირების მიხედვით შედარებით ნაკლები იყო, ანუ არ მიუღწევია საგანგაშო ნიშნულამდე. ამ დროს ცოტათი ღრუბლიანობამაც მოიმატა, რაც განპირობებული იყო სამხრეთიდან მოქმედი დაბალი წნევისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
"იმ შემთხვევაში, თუ საწვიმარი ღრუბლები წარმოიქმნებოდა, ჩვენ ეს ყველაფერი დაგვიბრუნდებოდა ჭუჭყიანი, ტალახიანი წვიმის სახით. უკვე საღამოს საათებისკენ დასავლეთის მიმართულებით დაიწყო ქარმა მოძრაობა და შედარებით მტვრიანი ჰაერი გაწმინდა", - ამბობს გვაზავა.
ნინო ჩხობაძის განაცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ, ოფიციალური ინფორმაციით, ეს იყო არაბეთიდან წამოსული ჰაერის მიერ მოტანილი ქვიშით გამოწვეული, გამორიცხული არაა, რომ თბილისის თავზე ჩამოწოლილი ნისლი გამოიწვია ე.წ. სმოგმა:
"როგორც დადასტურდა, საბოლოო ჯამში, ეს იყო მოტანილი ქვიშა, რომელიც გადმოვიდა აზიის ნახევარკუნძულიდან. თუმცა, მე მაინც ვვარაუდობ, რომ ნაწილობრივ ეს გამოიწვია ჩვენი სმოგის დალექვამ, ანუ ტრანსპორტის გამონაბოლქვის მიერ დაბინძურებულმა ჰაერმა.
"ასეთი მოვლენები შესაძლოა, მოხდეს, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე მაინც არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მარტო ქვიშა იყო. სმოგიც არის აშკარად, რომელიც ქალაქის თავზე დიდი ხანია, შეიმჩნევა", - თქვა ჩხობაძემ.
მისივე თქმით, თბილისის თავზე ჩამოწოლილმა ნისლმა შესაძლოა, ჰაერის უკმარისობა გამოიწვიოს:
"თვითონ ქვიშა არ იქნება ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი, მაგრამ როდესაც ატმოსფერულ ჰაერში ამდენი მტვერი დაფრინავს, თავისთავად შესაძლოა, რომ ზოგიერთი მოსახლისთვის პრობლემური გახდეს. ასეც მოხდა, მგონი, ბევრ ადამიანს გაუჭირდა სუნთქვა.
"ბოლო პერიოდში რამდენჯერმე იყო მსგავსი შემთხვევა, მაგალითად, აჭარაში, როდესაც ჰაერის მიერ შემოტანილი ქვიშის გამო ვარდისფერი თოვლი წამოვიდა. ეს ნიშნავს იმას, რომ, ზოგადად, მსოფლიოს კლიმატში რაღაც ხდება", - ამბობს ნინო ჩხობაძე.
"მთელ კვირასთან" საუბრისას დოდო გვაზავამ განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევა შესაძლოა, კიდევ განმეორდეს აგვისტოს თვეში, რადგან საქართველოში არსებულ ამინდს განაპირობებს სამხრეთის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი მტვრიანი ჰაერის მასები:
"თვის ბოლომდე ჩვენი ქვეყნის ამინდი განპირობებულია სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების მოქმედებით. რადგან არაბეთის ნახევარკუნძულზე ჯერ კიდევ დგას შედარებით მტვრიანი და სილიანი ჰაერის მასები, შესაბამისად, შესაძლოა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ცა ისევ შეფერადდეს", - განაცხადა გვაზავამ.
ექსპერტი ჩხობაძეც ასევე მიიჩნევს, რომ მსგავსი შემთხვევა შესაძლოა, კიდევ განმეორდეს:
"ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ კიდევ განმეორდეს. მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ უნდა გამოვრიცხოთ სმოგი. სმოგი ერთობლიობაში აკეთებს იმას, რაც ჩვენ ვნახეთ", - განაცხადა ექსპერტმ