აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ყველასათვის მოულოდნელად, ახალი შეხვედრა დაგეგმეს
ია აბულაშვილი
30.07.2018

 ტრამპი-პუტინის შეხვედრებთან დაკავშირებით მოვლენები კალეიდოსკოპურად სწრაფად იცვლება. ოქტომბერში ვალადიმირ პუტინის ვაშინგტონში ვიზიტამდე შეიძლება, მოსკოვს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეწვიოს. გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა ტრამპი მოსკოვში ოფიციალურად მიიწვია. თეთრი სახლის პრესსპიკერ სარა სანდერსის განცხადებით, დონალდ ტრამპი პუტინთან ხელახალი შეხვედრის იდეას მიესალმება.

"პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ ჰელსინკის სამიტის შემდეგ კიდევ ერთი სამიტის გამართვა აუცილებელია. მანამდე მან თავად მიიწვია პუტინი ვაშინგტონში და ახლა პრეზიდენტი მზადაა, განიხილოს მისი მიწვევა მოსკოვში", - აცხადებს თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი.

ვაშინგტონში პუტინის მიწვევის საკითხი, როგორც თეთრი სახლი აცხადებდა, დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანაშემწე ჯონ ბოლტონს დაავალა და მხარეებს შორის ამ საკითხის განხილვა უკვე მიმდინარეობს. ე.ი. აშშ დათანხმდა დიალოგს სამუშაო დონეზე ორივე ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს მეშვეობით და ეს დიალოგი გრძელდება.

რატომ გახდა აუცილებელი ტარმპი-პუტინის მორიგი სამიტის გამართვა ამჯერად მოსკოვში, ამის შესახებ "მთელი კვირა" ქართველ ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს გაესაუბრა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ, მიუხედავად პესიმიზმისა, ტრამპი-პუტინის პირველი ოფიციალური შეხვედრა მარტო ხელის ჩამორთმევის დონეზე არ ყოფილა და ჰელსინკის სამიტიდან პროცესის ასეთი პროგრესი იმაზე მიანიშნებს, რომ ურთიერთობის ახალი ეტაპი იწყება.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას თქმით, პირველი შეხვედრა არ იქნებოდა გადამწყვეტი და მხარეებმა მხოლოდ პოზიციები მოსინჯეს, გაიარეს ის თემები, რომლებზეც ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებები.

"პირველი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, რომ დაიწყოს მოლაპარაკებათა შემდგომი რაუნდები, რომლებზეც ორივე მხარეს უფრო მკაფიოდ ექნებათ ჩამოყალიბებული პოზიციები და საერთოდ, არსებობს თუ არა კომპრომისები იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებში შედის.

"რატომ გახდა აუცილებელი ვაშინგტონში პუტინის ვიზიტამდე დონალდ ტრამპის მოსკოვში ოფიციალური მიწვევა, ეს, გარკვეულწილად, კითხვებს ბადებს. საქმე ისაა, რომ რუსეთის მხარე ყოველთვის წინააღმდეგია, რომ მოხდეს შეხვედრების ჩანაწერების გაკეთება და ასეთი ჩანაწერებიც არ არსებობს, რაც სერიოზულ უთანხმოებას იწვევს აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში. მათ არ იციან, რაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის ლიდერებმა შეხვედრაზე, რომელსაც მხოლოდ თარჯიმნები ესწრებოდნენ.

"სავარაუდოდ, პირველ შეხვედრაზე მათ შეძლეს ისეთ საკითხებზე პოზიტივის მიღწევა, რომლებიც სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს. ეს შეიძლება იყოს სირიის საკითხიც, რაც მოსკოვში საუბრის თემა შეიძლება, გახდეს.

"ტრამპისთვის ეს შეხვედრები, ალბათ, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გარკვეული შედეგები დადოს, პატარა წარმატება მაინც მოიპოვოს ქვეყნის შიგნით, რადგან მისი საგარეო კუთხით საქმიანობა კრიტიკის ობიექტი ხდება, რომ მან კორეაში ჩასვლით შედეგი ვერ დადო. პუტინთან შეხვედრაც ერთ-ერთი სერიოზული კრიტიკის საგანი გახდა აშშ-ის პოლიტიკური წრეების მხრიდან. თუმცა, აშშ-ის წამყვანი ექსპერტები მაინც ურჩევენ ტრამპს, საერთო ენა გამონახოს რუსეთთან და დააბალანსოს სიტუაცია.

"რაც შეეხება პუტინს, მისთვის ეს მორიგი გამარჯვება იქნება ჰელსინკის სამიტის შემდედ. თავად აშშ-ის პრეზიდენტი ჩადის მოსკოვში მოსალაპარაკებლად - ანუ, რუსეთი ხდება ანგარიშგასაწევი ძალა. ამას აქვს ფასი ქვეყნის შიგნითაც, სწორედ ამ იმიჯის სარფიანად გაყიდვას ცდილობს პუტინი", - განაცხადა "მთელ კვირასთან" კორნელი კაკაჩიამ.

"ტრამპი ცდილობს, პუტინი თავის თამაშში ჩაითრიოს. მას მანევრირების გარკვეულ სივრცეს აძლევს. თითქოს მიდის დათმობებზე და რუსეთთან "მეგობრული" სივრცის შექმნით ცდილობს, მოადუნოს რუსეთის ყურადღება სხვადასხვა პოლიტიკურ ფრონტზე, რათა შემდეგ შეუტიოს.

"ჰელსინკიში პირველივე შეხედრაზე მან მოახერხა პუტინთან ბარიერის გადალახვა, შევიდა მის სივრცეში, დაიმეგობრა, წაიყვანა გარკვეულ დათმობებზე. მორიგი შეხვედრის რაუნდიც, ალბათ, ტრამპის ერთ-ერთი პოლიტიკური ხერხი იქნება, დაითანხმოს პუტინი რაც შეიძლება სწრაფად იმ საკითხებზე, რომლებიც მის ინტერესებში შედის. ალბათ, ეს უფრო სირიის საკითხს შეეხება და ისინი შეეცდებიან სირიის კატასტროფის შეჩერებას და აშშ, რუსეთთან ერთად, მოახდენს მშვიდობიან კოორდინაციას სირიაში", - ამბობს "მთელ კვირასთან" ექსპერტი კახაბერ ჯაყელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×