"სანქციებმა არ გაამართლა და ვერ მოიტანა ისეთი შედეგი, როგორსაც ელოდნენ"
ტატა შოშიაშვილი
31.07.2018

 ამერიკის რესპუბლიკური პარტიის სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ სანქციები, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შემოიღო რუსეთის წინააღმდეგ, არაეფექტურია და არ მუშაობს.

საერთაშორისო საკითხებში პოლიტიკური ექსპერტი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ამერიკაში ლინდსი გრემის განცხადებას მხარს დაუჭერენ, რადგან არც ერთ ამერიკელს არ სურს, რომ მისი ქვეყნის საარჩევნო პროცესში ვინმე ჩაერიოს.

მისი თქმით, დღეს, როდესაც ამერიკა და რუსეთი ცდილობენ ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რთული იქნება იმის თქმა, თუ როგორ პოზიციას დაიჭერს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დაუჭერს თუ არა მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას.

"ფოქს ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში სენატორმა გრემმა განაცხადა, რომ სენატში მუშაობენ ახალ კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს დამატებით ახალი შემზღუდველი ზომების შემოღებას. მისი თქმით, კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც მიიღებს.

კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ სენატორ ლინდსი გრემის ეს განცხადება არ იყო პირველი და ექსპერტები საკმაოდ დიდი ხანია მსჯელობენ ამ საკითხზე, რადგან ყველა ის სანქცია, რომელიც რუსეთს აქვს დაკისრესებული, რბილია და, ფაქტობრივად, უშედეგო.

"სენატორის ეს განცხადება ახალი ნამდვილად არ არის და ამის შესახებ უკვე დიდი ხანია, საუბრობენ როგორც ამერიკულ, ისე ევროპულ საექსპერტო საზოგადოებაში.

"ჩემი აზრით, გრემის განცხადებას მთელი ამერიკული საზოგადოება უჭერს მხარს, რადგან არც ერთ მათგანს არ სურს, რომ ამერიკის საარჩევნო პროცესში უცხო ქვეყანა ჩაერიოს. გარდა ამისა, ეს არის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი და ამას, ბუნებრივია, საზოგადოება კმაყოფილებით შეხვდება.

"რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება წარმოუდგენელი იყო რამდენიმე წლის წინ, მაგრამ, როგორც ჩანს, რეალობად იქცა. ამერიკის პროგრესმა განაპირობა ის, რომ სანქციების დაწესება შესაძლებელი გახდა რუსეთისთვის", - აღნიშნა კაკაჩიამ.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ რუსეთის წინააღდეგ დაწესებული სანქციებისთვის ეფექტურის წოდება რთული იქნება, რადგან რეალობა საპირისპიროს გვიჩვენებს.

"რუსეთს დაედო ორი ტიპის სანქცია: პირველი სანქცია ყირიმის ანექსიასთანაა დაკავშირებული, რომელიც შედარებით რბილია და უმტკივნეულოა რუსეთისთვის. ყოველ შემთხვევაში არა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო.

"მეორე დონბასთანაა დაკავშირებული და შედარებით უფრო მტკივნეულია რუსეთის ფედერაციისთვის, მაგრამ არც ეს სანქცია არაა ისეთი, რომელსაც შეეძლებოდა რუსეთის ეკონომიკის შერყევა ან განაპირობებდა იმას, რომ ქვეყანა ხელს აიღებდა უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევაზე.

"თვითონ ექსპერტებიც მიხვდნენ, რომ ამ სანქციებმა არ გაამართლა და ვერ მოიტანა ისეთი შედეგები, როგორებსაც ელოდნენ. ამ სანქციის მიზანი ის იყო, რომ რუსეთს ხელი აეღო უკრაინის საქმეებში ჩარევაზე და პატივი ეცა საერთაშორისო სამართლის ნორმებისთვის, ასევე უარი ეთქვა ყირიმის ანექსიაზე. თუმცა ვერც ერთი შედეგი ვერ დადგა იქიდან გამომდინარე, რომ ეს სანქციები არ იყო ისეთი მტკივნეული რუსეთისთვის, როგორსაც ელოდნენ.

"ასევე, ამერიკის მხრიდან მნიშვნელოვანია ის, რომ, როდესაც უკრაინის საკითხებზე მიმდინარეობს საუბარი, კარგი იქნება, ამ მომენტში საქართველოს პრობლემაც განიხილოს.

"ევროკავშირისგან განსხვავებით, რომელსაც ყველა ქვეყნის თანხმობა დასჭირდება, ამერიკისთვის უფრო მარტივი და შესაძლებელი იქნება უკრაინისა და საქართველოს ერთ პაკეტში მოქცევა ოკუპაციის პრობლემაზე საუბრისას", - ამბობს ექსპერტი.

ამასთანვე, კაკაჩიამ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ტრამპმა უნდა გადაწყვიტოს ის, თუ რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - მხარი დაუჭიროს თავის სენატორებს თუ გააგრძელოს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება.

"ამ შემთხვევაში არ არსებობს ერთიანი ხედვა. ამერიკის საგარეო პოლიტიკაში არის დუალიზმი, ანუ პრეზიდენტი ცდილობს, რომ, პირიქით, დაალოგოს ურთიერთობები და დაუახლოვდეს რუსეთს, ასევე არსებობენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთთან დიალოგი კი არ უნდა შედგეს, ის უნდა დაისაჯოს იმ ჩარევისთვის, რომელიც მან განახორციელა არჩევნების დროს და იმ სანქციებისთვის, რომლებსაც ის ატარებს უკრაინაში, სირიაში და სხვაგან.

"პრობლემა ისაა, რომ დღეს საბოლოოდ ტრამპმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი საკითხია მისთვის პრიორიტეტული. ერთი მხრივ, მას არ შეუძლია უარის თქმა თავისი პარტიის ლიდერებისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. მას, უბრალოდ, საკუთარი პარტიის მხარდაჭერა სჭირდება.

"მაგრამ, როდესაც ერთი ხელი ერთს აკეთებს, მეორე კი - მეორეს, ჩნდება საგარეო პოლიტიკის წარმოების პრობლემა. ზოგადად, სინქრონში უნდა იყოს, როგორც ადმინისტრაცია, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

"ეს არის ის წინააღმდეგობა, რომელიც ახასიათებს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას", - თქვა კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×