"ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაასკვნა, რომ სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში რუსეთის ბრალი ნათელია და სწორედ ამის გამო, აშშ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა. ამ სიახლემ რუსეთის საფონდო ბირჟაზე კატასტროფული გავლენა უკვე მოახდინა. ხუთშაბათს რუბლის კურსი მკვეთრად დაეცა და 2016 წლის ფსკერს მიუახლოვდა. კერძოდ, 1 დოლარის ფასი 66 რუბლს გადასცდა, ევროსი კი - 76 რუბლს. მკვეთრად დაეცა ასევე ძირითადი კომპანიების აქციები - მაგალითად, ვტბ ბანკის აქციები 3,44%-ით გაიაფდა, ტრანსნეფტი - 2,21%-ით.
კონკრეტულად, აშშ-მა რუსეთს რა სანქციაები შეიძლება დაუწესოს და რუსეთის საპასუხო რეაქცია როგორი იქნება, ამ საკითხთან დაკავშირებით "რეზონანსი" სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას გაესაუბრა. მან განაცხადა, რომ აშშ-მა შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის მსგავსი სანქციები შემოიღოს, რომელიც იურიდიულ პირებს შეეხებათ.
"კანონის მიხედვით, სანქციები შეეხებათ კონკრეტულად პიროვნებებსა და სტრუქტურებს, რომლებიც, სავარაუდოდ, იყვნენ კავშირში სკრიპალების მოწამვლის ფაქტთან. ამერიკელები გაიმეორებენ ბრიტანელების მიერ შემოღებულ სანქციებს, რომლებიც ინდივიდებსა და იურიდიულ პირებზე იყო მიმართული", - აღნიშნა მან.
მისი განცხადებით, შესაძლოა, სანქციები იმ ორგანიზაციაზეც გავრცელდეს, რომელმაც სკრიპალების მგზავრობა უზრუნველყო.
მაისაია ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით ამერიკის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციაზეც საუბრობს.
"საუბარია ასევე, სპესამსახურის ნუსხასა და საწარმოთა ნუსხაზე, რომლითაც მზადდებოდა აღნიშნული პრეპარატი. შესაძლოა, საუბარი იყოს იმ სტრუქტურებზეც, რომლებმაც უზრუნველყვეს ორი ადამიანის გამგზავრება და შემდგომში უკან დაბრუნება. ეს იქნება მიზანმიმართული და კონკრეტული სანქციები.
"ამერიკელებმა ყირიმის ფაქტორთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადეს; მათ, გარკვეულწილად, რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთგვარი სარეზერვო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობა დაიტოვეს.
"რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელები ჩადიოდნენ ვაშინგტონში და იქ კონსულტაციებს მათ კოლეგებთან მართავდნენ. ეს ეხებოდა საერთო თემას - ბრძოლას ტერორიზმთან. სავარუდოდ, ეს სანქციები ამ მიმართულებასაც შეეხება და შესაძლოა, ამერიკელებმა ამასაც დაუსვან წერტილი", - აცხადებს ის.
მაისაიას თქმით, რუსეთმა აშშ-ს შესაძლოა, იმ რუსულ მოწყობილობაზე უთხრას უარი, რომელზეც ამერიკული ხომალდები მუშაობენ.
"რუსეთი გულხელდაკრეფილი არ იქნება და მას ექნება გარკვეული რეაქცია. რუსეთსა და ამერიკას შორის კიდევ თანამშრომლობის ერთი სფერო რჩება - ეს არის კოსმოსი.
"რამდენიმე ამერიკული ხომალდი მუშაობს რუსულ მოწყობილობებზე, რომლებიც ახდენენ თხევადი საწვავის გენერირებას. შესაძლოა, რუსებმა ამ მიმართულებით გადადგან ნაბიჯები", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
შეგახსენებთ, რომ 4 მარტს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის რეკრეაციულ ზონაში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სკრიპალი უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
სკრიპალებზე თავდასხმის დროს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება "ნოვიჩოკი" გამოიყენეს და ბრიტანეთის ხელისუფლებამ თავდასხმაზე პასუხიმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა.