ქართველი ემიგრანტებისთვის და მათთვის, ვისაც უცხოეთში წასვლის სურვილი ახლა გაუჩნდა, მდგომარეობა სულ უფრო რთულდება. ევროპაში დარჩენა სულ უფრო რთულდება, მეზობელ ქვეყნებში კრიზისი და გაურკვევლობაა. იმედი იმისა, რომ ადამიანები საქართველოდან გაქცევით უშველიდნენ თავს, თანდათან ქრება. საქმე ისე მიდის, ემიგრანტების ნაწილს მუდმივად მოუწევს გადაადგილება ბედის საძებნელად.
ემიგრანტებისთვის პირობები გაამკაცრეს გერმანიამ და ევროპის სხვა ქვეყნებმაც. ასევე გართულდა ისრაელში შესვლა, რომელიც, ერთი პირობა, კარგი სამიზნე იყო უცხოეთში წამსვლელთათვის. ამჟამად ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით საზღვარგარეთ წასულ ადამიანებს თავად ექმნებათ პრობლემები.
ემიგრანტები "ბიზნეს-რეზონანსთან" სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ რთულ საცხოვრებელ და სამუშაო პირობებზე საუბრობენ. ერთ-ერთი მათგანი ახლახან დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ არა საკუთარი ნებით, არამედ - დეპორტით. მზია ნატროშვილი ამბობს, რომ გერმანიაში 7 თვის წინ ვალის გამო წავიდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მალულად მუშაობდა, ბოლოს კი ქვეყნიდან ისე გამოუშვეს, რომ აქ დატოვებული ვალი ბოლომდე ვერ გაისტუმრა.
"ბევრს ჰგონია, რომ უცხოეთში წასვლა გვიხარია. ერთი სული მქონდა, პრობლემები მომეგვარებინა და ჩემს ქვეყანაში, ჩემს ოჯახთან დავბრუნებულიყავი, მაგრამ ვერ შევძელი. გერმანიაში 7 თვის წინ წავედი. გამუდმებით შიშის ქვეშ ვიყავი, ვიმალებოდი და სამსახურში ისე დავდიოდი. პრობლემები მაიძულებდა, მემუშავა და როგორმე გამომესწორებინა რთული მდგომარეობა, თუმცა ეს მაინც ვერ შევძელი. ახლა, დეპორტის გამო, სხვა ქვეყანაში გადასვლა არ შემიძლია, აქაც ვერ ვმუშაობ. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ვერ დავსაქმდი", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" მზია ნატროშვილი.
საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება "ყყ|"-ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე აღნიშნავს, რომ ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში დიდ დამცირებას იღებენ. იგი ევროპის ქვეყნებს არასწორ მიდგომაში ადანაშაულებს, რადგან ასიათასობით ემიგრანტს იღებენ აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან, საიდანაც მათ ტერორისტული საფრთხეც კი ემუქრებათ და ამ დროს საქართველოს მოქალაქეებს დევნიან.
რაც შეეხება საქართველოს როლს, ტომარაძის აზრით, ჩვენს ქვეყანას აქვს იმის პოტენციალი, რომ სწორი მმართველობის პირობებში სხვა ქვეყანაში კი არ წავიდნენ ემიგრანტები, პირიქით, აქეთ მიიღოს ქვეყანამ შრომითი მიგრანტები, თუმცა ამ რესურსს არ იყენებს.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არსებობს უცხოეთიდან ქართველი ემიგრანტების მიერ ფულადი გზავნილების ხარჯზე. არის რამდენიმე ევროპული ქვეყანა, რომლებიც უკვე აღარ იღებს ემიგრანტებს, ასევე დიდი პრობლემაა ისრაელშიც, სადაც არ უშვებენ ქართველებს. გახშირდა შემთხვევები, როდესაც უკან აგზავნიან დეპორტით იქ ჩასულ ჩვენს მოქალაქეებს.
ავიღოთ ისრაელის მაგალითი, როდესაც გაუქმდა ისრაელსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი, ამან გამოიწვია ის, რომ დღეს ამ ქვეყანაში შესვლა, გაიოლების ნაცვლად, გართულდა. ძალიან აქვთ უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული. ამ რეალობას სჯობდა, ყოფილიყო სავიზო რეჟიმი და არ გაჩენილიყო პატარა ბზარები ჩვენი რამდენიმესაუკუნოვან ურთიერთობასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებს. როდესაც გამოცხადდა ვიზალიბერალიზაცია, სწორედ ამის "წყალობით" არალეგალურ ემიგრანტთა რიცხვმა იმატა. შემდეგ მათ მკვეთრად შეცვალეს პოლიტიკა. ეს არ ამართლებს ევროპის ქვეყნების დამოკიდებულებას, რადგან ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და, აქედან გამომდინარე, მკაცრი სანქციების გატარება არ მიმაჩნია მართებულად. ისინი ასიათასობით ემიგრანტს იღებენ აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან, საიდანაც მათ გარკვეული ტერორისტული საფრთხეც ემუქრებათ.
საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ, სწორი მმართველობის პირობებში, სხვა ქვეყანაში კი არ წავიდნენ ჩვენი მოქალაქეები, პირიქით, აქეთ მიიღოს ქვეყანამ შრომითი მიგრანტები, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია. ამის პოტენციალი ნამდვილადაა, მაგრამ ყველა მთავრობა არასწორ პოლიტიკას ატარებს და ვერ მოახერხეს, რომ ქვეყანა ყოფილიყო მწარმოებელი და არა - მომხმარებელი", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ტომარაძემ.
ემიგრანტების უდიდესი ნაწილის მიზანი სოციალური პრობლემებიდან თავის დაღწევაა. ისინი ცდილობენ, საკუთარი ფინანსური მდგომარეობა გამოასწორონ. მათდა სამწუხაროდ, უკვე დიდი ნაწილი საქართველოში გამოძევებულის სტატუსით ბრუნდება. ეკონომიკის სფეროს სპეციალისტი პაატა აროშიძე ამბობს, რომ ახლა ჩვენი სახელმწიფოს პრეროგატივაა მათზე ზრუნვა.
"ქართველი ემიგრანტი ევროპაში ასოცირდება მძარცველსა და უდისციპლინო ადამიანთან. ყველა, ვინც რაღაცას ჩაიდენს, ჩრდილოკავკასიელი, სომეხი თუ აზრბაიჯანელი, ამბობს, რომ ქართველია. ეს, გარკვეულწილად, საქართველოს სახელს უტეხს. არიან ისეთებიც, რომლებიც საშრომად არ მიდიან და ცუდ გზას ადგანან, თუმცა, რეალურად, ვინც წასულია, უდიდესი ნაწილი, ცდილობს, საკუთარი რთული ფინანსური მდგომარეობა გამოასწოროს, რადგან მძიმე სოციალურ პირობებს გაექცა ქვეყნიდან.
გერმანიამ და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, საიდანაც ემიგრანტთა ნაკადს აღარ მიიღებენ. ცალკეული მოქალაქეებისთვის ეს ცუდია, რადგან აქ შემოსავლის წყარო არ აქვთ, მიდიან ქვეყნის გარეთ სამუშაოდ და იქაც ვეღარ შეძლებენ შესვლას. ზოგ შემთხვევაში შედიან, მაგრამ უკან აბრუნებენ დეპორტით.
ბანალურად ჟღერს ჩემი ნათქვამი, მაგრამ სახელმწიფოს პრეროგატივაა, ამ ხალხზე იზრუნოს და დაასაქმოს. ბიზნესის ხელშეწყობა და სამუშაო ადგილების შექმნა, ესაა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" აროშიძემ.