აშშ-თურქეთის დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება
ეკატერინე ბასილაია
16.08.2018

 თურქეთში პატიმრობაში მყოფი ამერიკელი პასტორის გამო ვაშინგტონსა და ანკარას შორის არსებულმა დაპირისპირებამ ერთგვარი ეკონომიკური ომის სახე მიიღო. ჯერ აშშ-მა დაუწესა სანქციები თურქეთს, რის გამოც თურქული ლირა კატასტროფულად უფასურდება, ახლა კი ანკარამ უპასუხა ვაშინგტონს პროდუქციის დიდ ნაწილზე საბაჟო გადასახადის გაზრდით.

სანამდე შეიძლება ეს დაპირისპირება გაგრძელდეს, ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძეს პროგნოზის გაკეთება უჭირს, რადგან, მისი თქმით, არც ერთი მხარიდან არ შეინიშნება უკან დახევა და ახლა აშშ-ის მორიგ, საპასუხო ნაბიჯს ელიან.

პარალელურად, აშშ-ისა და თურქეთის ლიდერებიც ხმამაღლა და ხისტი განცხადებებით აფასებენ შექმნილ კრიზისს. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ "ამ ეტაპზე თურქეთთან ურთიერთობები კარგ მდგომარეობაში არ არის".

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, აშშ-მა მიზანმიმართული სავაჭრო ომი გამოუცხადა და აშშ-მა პასტორი ამჯობინა ნატო-ს სტრატეგიულ მოკავშირე ანკარას.

გუშინ, ერდოღანის განკარგულებით, თურქეთმა აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქტზე საბაჟო ტარიფები გაზარდა, მათ შორის - ავტომობილებზე, ალკოჰოლსა და თამბაქოს ნაწარმზე, კოსმეტიკაზე. განკარგულების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფი 120%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებზე - 140%-ით, თამბაქოს ნაწარმზე - 60%-ით, კოსმეტიკაზე - 60%-ით, ბრინჯზე - 50%-ით, ქვანახშირზე - 13,7%-ით.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ესაა პასუხი "აშშ-ის ადმინისტრაციის შეტევაზე თურქეთის ეკონომიკის მიმართ". გარდა ამისა, გუშინ გაიმართა სასამართლო მოსმენა ამერიკელი პასტორის შინაპატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე და იზმირის სასამართლომ სასულიერო პირი ისევ შინაპატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც ბრანსონის გათავისუფლებასა და თურქეთის ტერიტორიის დატოვებას მოითხოვდა.

ანკარის ამ ნაბიჯამდე იყო ამერიკელების არაერთგზის მოთხოვნა პასტორის გათავისუფლებაზე, თურქეთის უარის შემდეგ კი, 10 აგვისტოს, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური სანქციები დაწესდა. თურქეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე, მათ შორის, რკინასა და ალუმინზე ტარიფები გაორმაგდა, რამაც თურქული ლირის კატასტროფული გაუფასურება გამოიწვია.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საკუთარ გამოსვლაში აშშ თურქეთის წინააღმდეგ "მიზანმიმართულ სავაჭრო ომში" დაადანაშაულა და მოსახლეობას მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადოს ამერიკულ ტექნიკას.

"ამერიკას "აიფონი" აქვს, თუმცა არსებობს "სამსუნგი", განაცხადა ერდოღანმა და დააანონსა, რომ თურქეთი ამერიკულ ნაწარმს ადგილობრივი პროდუქციით ჩაანაცვლებს და ამერიკულ სანქციებსაც საკადრის პასუხს გასცემს.

გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ აშშ-მა ამერიკელი პასტორ ენდრიუ ბრანსონი ამჯობინა ნატო-ს სტრატეგიულ მოკავშირე ანკარას.

თურქეთის ხელისუფლება ენდრიუ ბრანსონს ბრალს სდებს ჯაშუშობაში, ტერორიზმსა და 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიჩნეულ, აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენთან კავშირში. ბრალდება 35 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

სასულიერო პირი პატიმრობაში 2016 წლის დეკემბრიდან იმყოფება. ბრანსონი, მეუღლესთან ერთად, თურქეთში, ქალაქ იზმირში, 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ევანგელისტური ეკლესიის მოძღვარი იყო.

თურქეთსა და აშშ-ს შორის არსებულ უთანხმოებაში ერთ-ერთი ყველზე არსებითი საკითხი სწორედ პასტორის გათავისუფლების საკითხია და არც ერთი მხარე უკან დახევას არ აპირებს.

"ბლუმბერგის" ცნობით, მხოლოდ 10 აგვისტოს, ამერიკული სანქციის დაწესების დღეს, თურქეთის ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან 13.5%-ით გაუფასურდა, რითაც ახალი რეკორდი მოხსნა, ბოლო დღეებში კი ლირა დაახლოებით 20%-ითაა გაუფასურებული.

გარდა პასტორის არგათავისუფლებისა, ამერიკასა და თურქეთს შორს არცთუ კარგი ურთიერთობა თურქეთის მიერ რუსული წარმოების ეს-400-ის თავდაცვის სისტემის შეძენის გამოცაა და თუკი მანამდე არსებული გეგმით, ანკარას ვაშინგტონისგან 100 ავიაგამანადგურებელი უნდა შეეძინა და თურქეთი ეფ-35-ების მესამე უმსხვილესი ოპერატორი უნდა გამხდარიყო, მოიერიშეების გადაცემა დაბლოკა.

ორ დღის წინ აშშ-მა დაამტკიცა თავდაცვის ბიუჯეტი და, დოკუმენტის თანახმად, აშშ თურქეთისთვის ეფ-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდების პროცესს აჩერებს. კანონის მიხედვით, მოიერიშეების თურქეთისათვის გადაცემა იბლოკება მანამდე, სანამ პენტაგონი არ გადახედავს აშშ-თურქეთის ურთიერთობებს როგორც სამხედრო თანამშრომლობის, ისე ზოგად კონტექსტში.

"როიტერსის" ცნობით, თავდაცვის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს, რამდენად საფრთხის შემცველია პროგრამის გაგრძელება იმ ფონზე, როცა ანკარა მოსკოვისგან რუსეთში წარმოებულ ეს-400-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს ყიდულობს.

ამირან სალუქვაძის თქმით, თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობები უკვე დაახლოებით 2 წელია, დაძაბულია და ანკარა-ვაშინგტონს შორის ძალიან ბევრი პრობლემატური საკითხი დაგროვდა. მაგალითად ის, რომ ანკარა ვაშინგტონიდან ითხოვს ფეთჰულა გიულენის გადაცემას, ასევე ანკარა უკმაყოფილოა აშშ-ის მიერ სირიაში ქურთული დაჯგუფებების მხარდაჭერის გამო. ახლა ამ დაპირისპირებამ მწვავე ფაზა მიიღო პასტორის არგათავისუფლების გამო.

"არც ერთი მხრიდან არ შეინიშნება უკან დახევა. თუ ასეთი რიტორიკა გაგრძელდება, თუ ასეთი ტენდენციები იქნება შენარჩუნებული, გამორიცხული არ არის, ნატო-ში თურქეთის წევრობის კითხვის ნიშანი დადგეს.

"ერდოღანმა მინიშნებები გააკეთა, რომ თუ ასე გაგრძელდება აშშ-ის დამოკიდებულება თურქეთისადმი, ანკარას სხვა მოკავშირეების ძებნა მოუწევს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს განცხადება მხოლოდ სიტყვიერი მუქარაა და ერდოღანი ამ ნაბიჯს არ გადადგმას იმიტომ, რომ ნატო-ს გარეშე თურქეთი საკმაოდ შესუსტდება და ამაზე ყველა საერთაშორისო ექსპერტი თანხმდება", - ამბობს სალუქვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×