რეზონანსი
20.08.2018

 (რეზონანსი) ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე თვლის რომ შამბას „ეხო მოსკვისთვის" მიცემული ინტერვიუ რუსული სპეცსამსახურების სპეცოპერაციაა. მანამდე კი გაზეთ „იზვესტიაში" ხაჯიმბას ინტერვიუ გამოქვეყნდა. მისი აზრით „თუკი ხაჯიმბას განაცხადის სამიზნე იყო ხელისუფლება, შამბას განაცხადის სამიზნე საზოგადოებაა (უფრო ზუსტად, საზოგადოებრივი აზრის შექმნა)".

ის დარწმუნებულია, რომ ეს ოპერაცია განხორციელდა ქართული მედიის ხელით, რომელმაც ისეთი ამონარიდები გაავრცელა შამბას ინტერვიუდან, რომ ხელი შეუწყო მცდარი აზრის შექმნას.

მისი მოწოდებაა, წავიკითხოთ ინფორმაცია „გავაანალიზოთ კარგად და, ბოლოს, გამოვაქვეყნოთ ე. წ. "ნიუსად", რომ უნებლიეთ არ ვიქცეთ უფასო აგენტურად".

ქვევით გთავაზობთ მის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტს.

„ახლა კი გავიაზროთ - შამბას ინტერვიუმდე ("ეხო მოსკვისთვის") "იზვესტიაში" გამოქვეყნდა ხაჯიმბას ინტერვიუ, რომელშიც ის ამბობს, რომ რკინიგზის გახსნაზე არიან თანახმანი (ეკონომიკურ ხეირს ვნახავთო და, ცხადია, იგულისხმება, რომ თბილისი აფხაზეთთან გააფორმებს შეთანხმებას რკინიგზის ამოქმედებაზე), მანამდე იცით, რომ წინააღმდეგები იყვნენ.

იბადება კითხვა - რატომ დათანხმდნენ (თუმცა თბილისს მათთვის ეს არასდროს შეუთავაზებია აღიარების შემდეგ, აი, შევარდნაძისა და პუტინის მოლაპარაკებით კი, რკინიგზა უნდა გახსნილიყო დევნილთა ნაწილის დაბრუნების სანაცვლოდ). ამ კითხვას ხაჯიმბა პასუხობს იმავე ინტერვიუში - უნდა თუ არა თბილისს, რკინიგზა მაინც გაიხსნება (ანუ ძალით გახსნის რუსეთი, ესე იგი - აბა, სხვა როგორ უნდა გაიხსნას რამე ტერიტორიაზე, რომელსაც თბილისის აკონტროლებს?!). შამბა კი თავის ინტერვიუში იმეორებს, რომ ქართველებთან მტრობა არ უნდა და კეთილმეზობლური ურთიერთობა სწადია, ოღონდ დევნილების დაბრუნების თემა დახურულია (ანუ, თუ ჭკუით მოიქცევით, აუზში წყალს ჩაგისხამთ, მაშასადამე, რუსულ ტანკებს არ მოგაყენებთო).

გავითვალისწინოთ კონტექსტი - აღიარების 10 წლისთავი (26 აგვისტოს).

თუკი ხაჯიმბას განაცხადის სამიზნე იყო ხელისუფლება, შამბას განაცხადის სამიზნე საზოგადოებაა (უფრო ზუსტად, საზოგადოებრივი აზრის შექმნა).

რატომ შეირჩა შამბა? იმიტომ რომ მას ყველაზე უკეთ ცნობს (სახეზეც, გვარითაც და მოქმედებითაც) ქართველი საზოგადოება და აიტაცებდნენ მის გამონაათქვამებს.

შამბას ინტერვიუ ისეა აგებული - რომ გათვალისწინებულია ქართული ხასიათი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ე. წ. "ცხელი თავი"), რამაც იმუშავა და მცდარი საზოგადოებრივი აზრი (თითქოსდა ერთ-ერთი მთავარი აფხაზი სეპარატოსტი მოიქცა და ქართველთმოყვარული გახდა, ანუ შანსი გაჩნდა) შექმნა..

ეს ვისი ინტერესია (განსაკუთრებით, რკინიგზის გახსნის კონტექსტში)? რუსეთის. ვინ უნდა განახორციელოს ეს ინტერესი? რუსულმა სპეცსამსახურებმა.

ვისი ხელით? და აი, აქ მივადექით ყველაზე მტკივნეულ საკითხს - ეს განხორციელდა ქართული მედიის ხელით, რომელმაც (ვიმედოვნებ, რომ უნებლიეთ) ისეთი ამონარიდები გაავრცელა შამბას ინტერვიუდან, რომ ხელი შეუწყო მცდარი აზრის შექმნას (ვითომ აფხაზები დაგვიტკბნენ).

ამავე კონტექსტშია კასპიის ზღვის გადანაწილების საკითხი (ვრცელი თემაა და აღარ დავხუნძლავ სათქმელს).

მორალი - ვაიძულოთ თავებს, წავიკითხოთ ინფორმაცია, შემდეგ გავაანალიზოთ კარგად და, ბოლოს, გამოვაქვეყნოთ ე. წ. "ნიუსად", რომ უნებლიეთ არ ვიქცეთ უფასო აგენტურად (ასეთი რამ მიღებულია სპეცსამსახურების მუშაობაში - პერსონას შესაძლოა, წარმოდგენა არ ჰქონდეს, ისე უსრულებდეს დავალებას, თავად კი ეგონოს, რომ ფრიად პატრიოტულად იღწვის), მით უფრო, რომ ფასიანი აგენტურაც ფხიზლობს.

ეს მხოლოდ ჩემი აზრია (საყველპუროდ ჩამოვყარე) და მეტი არაფერი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×