(რეზონანსი) განათლების ექსპერტი გია მურღულია ქვეყანაში მოახლვებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
„პრეზიდენტობის ამდენი კანდიდატი რომ გვყავს და თან, მეტ-ნაკლებად, სისულელეს რომ ლაპარაკობენ, ეს მხოლოდ კანდიდატთა პრობლემად უნდა აღვიქვათ, თუ - მთლიანად საზოგადოების? მეგონა, ამ წლების განმავლობაში განცვიფრებისა და აღშფოთების უნარი თუ შეგრძნება დავკარგე, მაგრამ ამ ორს განახლების საოცარი შესაძლებლობები აღმოაჩნდა ჩვენში.
„განსაკუთრებით დამაინტრიგებლად მუდმივი პრეტენდენტები გამოიყურებიან. საქმე იქამდე მივიდა, რომ მათი დაცინვაც კი ეზარებათ. ამ კარიკატურული პერსონების პერიოდული აქტუალიზება უკვე ბავშვებსაც აღარ ართობთ. ერთი კითხვა კი, ალბათ, ყველას აქვს: როგორ აგროვებენ ესენი რეგისტრირებისთვის აუცილებელ მრავალათასიან მხარდამჭერთა ხელმოწერებს? როდესაც იდიოტს ჰპირდები მხარდაჭერას, ან ნაძირალა ხარ, ან - თავადაც იდიოტი - არსებობს მესამე პასუხი? რა თქმა უნდა, გარდა იდიოტებისა, არჩევნებში არაერთგზის გამოცდილი (გამოცვლილი, ნახმარი, გამოყენებული) პერსონებიც მონაწილეობენ. ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის, შედეგის თვალსაზრისით, იდიოტობა და გამოყენებადობა ერთი და იგივე რამ არის.
„არჩევნების ჩატარების შემდეგ ძალიან საინტერესო იქნებოდა ინტერვიუების აღება ბოლო ადგილებზე (აქ, მოგეხსენებათ, პირველის გარდა, ყველა ბოლოა) გასულ კანდიდატთა მომხრეთაგან. რა შეგრძნებაა, როდესაც ხმას 0,001 პროცენტს აძლევ? ან - თუნდაც 1 პროცენტს? განა ნათელი არ არის, რომ რაღაც არასწორად შეგიფასებია? (თუ, რა თქმა უნდა, არჩევნები წესიერად ტარდება). სანამ ამბავი მოხდება, მანამდე საქართველოში ყველა კარგი წინასწარმეტყველია. მერეა, ცოტა რომ იშმუშნებიან, თუმცა რაც მოხდება, მალევე ავიწყდებათ - წინასწარმეტყველებსაც და მსმენელებსაც. ამიტომაც არავის რცხვენია", - წერს განათლების ექსპერტი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე