ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ მშვილდი, როგორ საბრძოლო და სანადირო იარაღი, საქართველოში პალეოლითის ხანაში ჩნდება, რომელიც შორ მანძილზე სროლის ერთ-ერთი ძირითადი იარაღი იყო და მებრძოლებს ბრძოლის საშუალებას აძლევდა 150-200 მეტრის რადიუსში. თოფის გამოგონების შემდეგაც კი საქართველოში მშვილდი დიდხანს ითვლებოდა სარბრძოლო და სანადირო იარაღად.
დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა გავაცნოთ რამდენიმე საინტერესო ისტორია, თუ როგორ ამზადებდნენ ძველად საქართველოში მშვილდ-ისარს.
არქეოლოგიური ძიებისას აღმოჩენილი მასალებით, ზეპირსიტყვიერების, ლიტერატურული თუ სხვა წერილობითი წყაროებით დასტურდება, რომ ერთ-ერთი უძველესი აღმოჩენილი მშვილდი დაახლოებით ჩვენს ერამდე 10 000 წლით თარიღდება.
თრიალეთში აღმოჩენილ ძვ.წ.მე-8 და მე-7 საუკუნეების ბრინჯაოს სარტყელზე გამოსახულია მშვილდისრით ნადირობის სცენები, მშვილდები და მშვილდოსნები. ბრინჯაოს ხანის ნაპოვნი მშვილდი კი ადამიანის სიმაღლისაა.
ფრანგი მოგზაური ჟან ბატისტ ტავერნიე წერდა, რომ "ქართველები მშვილდ-ისარს საოცარი სიმარდით ხმარობენ და მთელ აზიაში საუკეთესო სახელი აქვთ განთქმული";
ძველ ბერძნულ მითებში კი მოხსენიებულია მებრძოლი ქალები, რომლებიც, თქმულების თანახმად, შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ასევე კავკასიაში ცხოვრობდნენ და მშვილდ-ისრის ტყორცნაში განსაკუთრებით ყოფილან გაწაფულნი.
რაც შეეხება მისი დამზადების წესს, მშვილდ-ისარი სხვადასხვა მასალისგან მზადდებოდა და იყო სამი სახის, მარტივი, რთული და შედგენილი.
ქართული მშვილდები კეთდებოდა რქისგან, როგორც ჯიხვის, ასევე თხის. იყო ხისგან გამოთლილი, ნაკელსა და ჭვავის ნახარშში დამუშავებული მშვილდებიც.
რთული მშვილდები რამდენიმე მასალისგან მზადდებოდა, ხესთან ერთად სიძლიერისთვის დამატებული ჰქონდა ლითონის, ძვლის, რქის ფენები, სარტყლად გადაკრული ჰქონდა ძარღვი, მყესი ან ტყავი.
მშვილდი კეთდებოდა ადამიანის გაშლილი მკლავის სიგრძე. მარტივი მშვილდს, რომელიც ხისგან მზადდებოდა, ორივე ბოლოზე მიმაგრებული ჰქონდა თოკის წნული, რომელსაც ხევსურეთში "საბამი" ეწოდებოდა.
"საბამს" რქოსანი საქონლის ტყავისგან ან ნაწლავებისგანაც ამზადებდნენ, კანაფსაც ხმარობდნენ. თხილისა და იფნისგან დამზადებულ სამშვილდეს კი ერთი კვირა გამოაშრობდნენ, შემდეგ გამოსაყვანად დებდნენ ნაკელში ერთი-ორი კვირით. ზოგი ოსტატი მას ლუდის სახარშ ქვაბშიც ხარშავდა, ზოგი - არყის ბუყში (არყის გამოხდის შემდეგ დარჩენილ ნაძირალში).
გამოხარშვის შემდეგ გააცლიდნენ ქერქს და შუაში "სახელურას" დაუტოვებდნენ, შემდეგ ჩამოუთლიდნენ. მოქნილობისთვის კი ბოლოში გაუკეთებდნენ სამკუთხა ფორმის ჭდეებს, რომელსაც "კილონი" ეწოდებოდა. "კილონი" "საბამის" დასაჭიმად იყო.
"საბამი" მშვილდის ერთ ბოლში მკვიდრად იყო დამაგრებული, ხოლო თავში მარყუჟი ჰქონდა გამოსკვნილი, რომლის საშუალებითაც ხდებოდა მშვილდის "ჩამოყრა" ან დაჭიმვა.
ამ სახის მშვილდებს გასაძლიერებლად ტყავს, ლითონის მავთულს ან სარტყელს ახვევდნენ. სულხან-საბას განმარტებით, ამ მშვილდს "ბზაკალი" ეწოდებოდა. საბას განმარტებითვე, რქისგან დამზადებულ მშვილდს "აჯის" მშვილდი ეწოდებოდა. მშვილდს მხარზე, ან მხარიღლივ გადაკიდებულს ატარებდნენ. მშვილდის ჩასადებს კი "ხალიფა" ეწოდებოდა.
ისარი
ისარი მზადდებოდა საუკეთესო ჯიშის მსუბუქი ხისგან, შინდის ან ტყემლის ხისგან, რომელსაც ჯერ გათლიდნენ და შემდეგ გაქლიბავდნენ. ისარი შედგებოდა "ბუნიკისგან" (წვერი), ზროსგან (ტანი) და ფრთისგან.
მისი სიგრძე იყო დაახლოებით 60-90 სმ. "ბუნიკსაც" განსხვავებული ფორმა ჰქონდა, როსებრი, ფოთლისებრი, რომბისებური. გამოცდილ ქართველ მშვილდოსანს წუთში 20 ისრის სროლა და ათეულობით ცხენოსანი და ქვეითი მეომრის შეჩერება შეეძლო.
საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნია უძველესი კაჟის "ბუნიკი", რომელსაც პალეოლითის ხანას მიაკუთვნებენ.
ასევე, იყო ცეცხლის გასაჩენი ისრები, ალმოკიდებულ ისარს მტრის ბანაკში ისროდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ იქაურობას. სტრაბონის ცნობით კი, სვანები ისრებს შხამით წამლავდნენ. ასეთ შხამიან ისრებს ქართველები მსტოვრულ ოპერაციებში იყენებდნენ, რომლის ერთი ნაკაწრიც კი მომაკვდინებელი იყო.
ისრების სატარებელს "კაპარჭი" ერქვა, რომელიც ტყავისგან მზადდებოდა, იყო მაღალი და ვიწრო, ორივე მხრივ შებრტყელებული. "მეკაპარჭეს", სულხან-საბას განმარტებით, "ნოჯორგული" ერქვა.
როგორც არჩილ მეფე აღწერს, ქარქაშში ისრების ჩალაგებას თავისი წესი ჰქონდა. ქარქაშის ძირში ჩალაგებული იყო ფრინველის ფრთის რამდენიმე ღერო (სვავის ფრთის ძირი) ისე, რომ თითოეული ისრის ზრო უნდა მოხვედრილიყო ზუსტად ერთ-ერთ ღეროში. ეს "კაპარჭიდან" ისრის დროულად ამოღებას, წყობას და ტყორცნას უწყობდა ხელს.