კოტე მარჯანიშვილი 1910 წელს მოსკოვში სამხატვრო თეატრში რეჟისორ გორდონ კრეგთან ერთად შექსპირის "ჰამლეტის" დადგმაზე მუშაობდა, მაგრამ, იმ დროიდან მოყოლებული, გამუდმებით ფიქრობდა, "ჰამლეტი" თავად დაედგა. სამშობლოში დაბრუნებულმა დიდმა მაესტრომ "ჰამლეტის" დადგმა ქართულ სცენაზე 1924 წლის ამბების ზეგავლენით გადაწყვიტა.
"მარჯანიშვილის "ჰამლეტი" ყველაზე პოლიტიკური და ყველაზე მამხილებელი პათოსით გამსჭვალული ქმნილება იყო. არა მხოლოდ მხატვრული თვალსაზრისით იყო მოვლენა ქართული თეატრის ისტორიაში, არამედ მოასწავებდა, რა მოხდებოდა საქართველოში გასაბჭოების შემდეგ.
"დროთა კავშირი დაირღვა და წყეულმა ბედმა მე რად მარგუნა მისი შეკვრა" - ჰამლეტის ამ სიტყვებზე აიგო კოტე მარჯანიშვილის სპექტაკლის კონცეფცია. ბოლშევიკური საქართველოს კულტურაში კი "ჰამლეტი" პირველი და უკანასკნელი სპექტაკლი იყო, რომელშიც ეს სიტყვები ითქვა - "თითქოს ქვეყანა იყოს ბაღი გაუმარგლავი, რაშიაც მხოლოდ ხარობს ღვარძლი, ცუდი ბალახი" - წერდნენ თეატრის კრიტიკოსები მარჯანიშვილისეულ ინტერპრეტაციაზე.
აყველაფერი კი ასე დაიწყო: 1925 წელს რუსთაველის თეატრის ფოიეში გამოკრულმა განცხადებამ დასს ამცნო - კოტე მარჯანიშვილი მუშაობას იწყებს შექსპირის "ჰამლეტზე" და 1 ივნისს მთელი დასი უნდა გამოცხადდეს პიესის წაკითხვაზე. არავინ უწყის, ვინ ითამაშებს ჰამლეტს, რადგან მაესტროს გადაწყვეტილება თეატრში მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის. მარჯანიშვილი სცენაზე ადის, მცირე პაუზის შემდეგ რეჟისორი თავის ჩანფიქრს გაამხელს და ჰამლეტის როლის შემსრულებელს დაასახელებს - უშანგი ჩხეიძე.
მსახიობს თურმე ჯერ ხუმრობა ეგონა, მე სადაური ჰამლეტი ვარო, უთქვამს მაესტროსთვის, მაგრამ მარჯანიშვილი დააჯერებს ახალბედა მსახიობს, რომ სწორედ მან უნდა ითამაშოს ჰამლეტი. ამბობენ, ბედნიერებისგან გაბრუებულ უშანგი ჩხეიძეს 5 ღამეს ვერ დაუხუჭავს თვალი... იმასაც ამბობენ, რომ მარჯანიშვილმა ეს გადაწყვეტილება ლეგენდარული "ცხვრის წყაროს" დადგმის შემდეგ მიიღო და კომპოზიტორ თამარ ვახვახიშვილისთვის უთქვამს, "ეს ჭაბუკი ღვთის ნაბოძები ტრაგიკოსია, მე მას ჰამლეტს ვათამაშებ." ეს ჭაბუკი კი დამწყები მსახიობი, 24 წლის უშანგი ჩხეიძეა, რომელიც მხოლოდ ერთი წელია, რუსთაველის თეატრშია და "ცხვრის წყაროში" სრულიად უმნიშვნელო როლს თამაშობს.
ოფელიას როლზე ოთხი მსახიობი იყო შერჩეული, მაგრამ რეჟისორმა ვერიკო ანჯაფარიძე აირჩია, რომელიც წლების შემდეგ პირველ რეპეტიციას ასე იხსენებდა.
"ჰამლეტის როლის შესრულება უშანგი ჩხეიძისთვის დიდი გამბედაობა იყო, მაგრამ კოტეს უყვარდა ახალბედა, გამოუცდელი მსახიობის ნიჭის აღმოჩენა და ამ ნიჭის დახვეწა, გაღრმავება. თავს ევლებოდა... და, აი, დადგა დრო რეპეტიციისა, როდესაც უშანგის მთელი ხმით უნდა წარმოეთქვა ჰამლეტის მონოლოგი "ყოფნა-არყოფნა". სარეპეტიციო დარბაზი სავსეა მსახიობებით. უშანგი დგას გაფითრებული. კოტე საშინლად ღელავს, აღგზნებული თვალები უბრწყინავს, მისი მღელვარება ყველას გადაგვედო.
კოტემ მაშინვე იგრძნო უშანგის საშინელი მღელვარება, უეცრად ხმამაღალი სიცილით წყვეტს რეპეტიციას, ეძახის მსახიობებს, უამბობს მათ რაღაც სასაცილო აბდაუბდას, რომელსაც იქვე თხზავს. ასე გრძელდება დიდხანს, ყველა გაოგნებულია, რამ გამოიწვია ასეთი თავდაუჭერელი ხარხარი. ვერ გავიგეთ, რატომ დაარღვია კოტემ ასეთი მნიშვნელოვანი რეპეტიციის განწყობილება. ისევ მოუთმენლად წყვეტს სიცილს, უშანგი ოთახის სიღრმეში მიჰყავს და ეუბნება - "დაიწყე მონოლოგი. ხმამაღლა მთელი ხმით!".
მარჯანიშვილის ექსპერიმენტმა გაამართლა. 1925 წლის შემდეგ "ჰამლეტი" ქართულ სცენაზე ბევრჯერ დაიდგა, მაგრამ ყველა აღიარებდა, რომ ვერავინ დაჩრდილა უშანგი ჩხეიძის ნათამაშები ჰამლეტი, მისი არაჩვეულებრივი სცენური მომხიბვლელობა, ფართო არტისტული დიაპაზონი, საოცარი ტემპერამენტი და გმირული სულისკვეთება, რომელიც ასე აღაფრთოვანებდა მაყურებელს.
მერე იყო კარლ ტომასი, ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ", იაგო "შექსპირის" ოტელოში, ლეგენდარული "ურიელ აკოსტა"... დიდ გალაკტიონს მსახიობის დაკრძლვის დღეს რომ ათქმევინებს - "მიწაში ჩაესვენა ტრაგედიის ცეცხლისგან გადამწვარი ჩვენი დროის დიდი მსახიობი უშანგი ჩხეიძე".