გვანცა ნინუა
24.08.2018

 ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა და ახალგაზრდების მასობრივი მიგრაცია ლენტეხის რაიონში მთავარ პრობლემებად მიაჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ ლენტეხს 2016 წელს მაღალმთიანი რაიონის სტატუსი მიენიჭა, რითაც სოციალური და ეკონომიკური შეღავათები მიიღო, ლენტეხელების გასაჭირი არ შეცვლილა. ვერც ის მოხერხდა, რომ შეღავათების დაწესებას მთიან რეგიონებში ხალხის დამაგრება და დაბრუნება მოჰყოლოდა.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ კანონი კარგია, მაგრამ არასაკმარისი, რაც გასულმა ორმა წელმა ნათლად აჩვენა. დღეს არსებული შეღავათებითა და დახმარებით მათ მხოლოდ ნაწილობრივ უმსუბუქდებათ ყოფა, მაგრამ შეუძლებელია, მსგავსი პირობებით ვინმე დაბრუნდეს რეგიონში საცხოვრებლად ან ამ შეღავათების გამო არ დატოვოს ისედაც დაცლის პირას მდგარი რაიონი.

მოსახლეობა რეგიონის განვითარების ერთ-ერთ მთავარ გზად ტურიზმს მიიჩნევს, რისი პოტენციალიც რაიონს უდავოდ აქვს, თუმცა ამ მხრივ მხარე აბსოლუტურად განუვითარებელია და უცხოელები მხოლოდ გზად იყენებენ უშგულისაკენ, ისიც არცთუ ხშირად, რადგან დამაკავშირებელი გზა ისევ არ არის აღდგენილი.

ახალგაზრდების მასობრივ მიგარაციას მიიჩნევს მთავარ პრობლემად ლეილა ბენდელიანი. იგი ამბობს, რომ ეკონომიკური ვითარება ახალგაზრდებს განვითარების ყველანაირ პერსპექტივას უსპობს და ისინი ამიტომ გარბიან ქალაქში ან სულაც სხვა ქვეყნებში.

"ისე, როგორც მთელ ქვეყანაში, მთავარი პრობლემა ქვემო სვანეთისათვისაც უმუშევრობაა. არც ერთი ასაკის ადამიანებისათვის არ არის უკეთესი მდგომარეობა, მაგრამ ახალგაზრდები უფრო მტკივნეულად აღიქვამენ და განიცდიან. ფაქტობრივად, აქ დარჩენით განვითარებისა და მომავლის პერსპექტივა ესპობათ და ამიტომაც გარბიან დედაქალაქში ან უცხო ქვეყნებში.

რამდენადაც ვიცი, ბოლო აღწერით, ლენტეხის რაიონში ათასი ადამიანიც კი არ ცხოვრობს და ამ დროს საკრებულოსა და გამგეობაში ორასამდე ადამიანი მუშაობს. დასაქმების ერთადერთი გზა ეს არის და ამიტომაც მაქსიმალურად გაბერილია შტატები, არავის აინტერესებს კვალიფიკაცია და ვის რისი გაკეთება შეუძლია. მთავარია, რაც შეიძლება მეტი ოჯახიდან ჰყავდეთ დასაქმებული, რომ არჩევნებზე პრობლემა არ შეექმნათ.

მთის პროგრამაში ისეთი პუნქტები და შეღავათებია ჩადებული, რაც შობადობას გაზრდისო. რაიონში ახალგაზრდები აღარ დარჩნენ და ვინ უნდა გააჩინოს ბავშვები? გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რომ მხარე, რომელსაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, ამას საერთოდ ვერ იყენებს. ერთადერთი გზაა მესტიისკენ და ამიტომ ჩადიან ტურისტები, მაგრამ ისინიც მცირე რაოდენობით. 2 წელია, დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს და საშველი ვერ დააყენეს. წარმოიდგინეთ, მთელ რაიონში ერთადერთი ნორმალური სასტუმროა და ისიც ახლა, სულ რამდენიმე კვირის წინ, დასრულდა," - ამბობს თაკო ბენდელიანი.

დემოგრაფი ანზორ თოთაძე აცხადებს, რომ თუ ასე გაგრძელდა, არა მხოლოდ ლენტეხი, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებიც, ისეთი უმშვენიერესი კუთხეები, როგორებიცაა რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი და მცხეთა-მთიანეთი, მალე დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებიან.

"დაცლა თუ ამ ტემპით გაგრძელდა, როგორც ბოლო 25 წელიწადში ხდება, ქართველებით დასახლებული რამდენიმე რეგიონი მომავალი მეოთხედი საუკუნის შემდეგ აღარ იარსებებს. ამ ტემპით ალბათ მომდევნო 25 წელიწადში იმერეთი, ფაქტობრივად, გაუკაცრიელდება. ასეთი პერსპექტივით აქ მხოლოდ რამდენიმე ათეული ათასი კაცი იცხოვრებს.

სოფლად 2002-2014 წლებში ბუნებრივმა მატებამ შეადგინა 39 000 კაცი. ამ დროს 495 000 ადამიანია ბოლო 20 წლის განმავლობაში გადასახლებული სოფლიდან. მათი ნაწილი წავიდა ემიგრაციაში, ნაწილმა გადაინაცვლა დიდ ქალაქებში, სადაც თავის რჩენა თითქოს უფრო იოლია", -  განუცხადა "რეზონანსს" ანზორ თოთაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×