საქართველო თავისი ისტორიის განმავლობაში ომის ქარცეცხლში ტრიალებდა და ქართველები მუდამ ქვეყნის დასაცავად იბრძოდნენ. ამიტომაც ქართველ კაცს ბავშვობიდან მეომრად ზრდიდნენ.
როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ბავშვს სამი წლიდან აჩვევდნენ გამძლეობას, 6 წლიდან კი ასწავლიდნენ ცურვას ძველი ქართული ტრადიციებით - ხეშეკრულს, ფეხშეკრულს, გამოცურვას. 10-წლიდან კი ასწავლიდნენ შორ მანძილზე ცურვას, წყალში ტვირთის ზიდვას, ყვინთვას.
15-16 წლის ასაკიდან მოზარდი ითვისებდა სხვადასხვა საბრძოლო იარაღის გამოყენებას, ცხენზე ჯირითს, ცხენის ზურგზე ფეხზე დგომას, ცხენიდან ცხენზე გადახტომას, ცხენზე ხმლისა და მშვილდის ოსტატურად ხმარებას.
ასევე, ასწავლიდნენ კედელზე ცოცვას, ფეხაკრეფით სიარულს, ღამე ხედვას, მიდამოს დაზვერვას და ჭრილობის მოშუშებას. 17-19 წლისანი კი უკვე მეომრები იყვნენ და მეფის ლაშქარში ირიცხებოდნენ.
ისტორიკოსთა შეფასებით, საქართველოში ბრძოლის კულტურა და შეირაღება მრავალფეროვანი იყო. ბრძოლის დროს ერთიანი ლაშქრის შეკრება და მათი სწორად განლაგება კი გამჭრიახ მხედართმთავარს მოითხოვდა.
ძველ დროში ბრძოლის წინ ქართული ლაშქარი, როგორც წესი, დიდ ველზე იკრიბებოდა და საბრძოლო წყობით განლაგდებოდა. მოწინავე პოზიცია ცხენოსან მებრძოლებს ეკავათ, რომლებსაც შუბებით მტრის ცენტრალური ნაწილის გარღვევა ევალებოდათ.
ცენტრალურ პოზიციას იკავებდა ლაშქრის ის ნაწილი, რომელსაც მტრის მოგერიება ევალებოდათ და სწორედ მასზე გადადიოდა ბრძოლის მთელი სიმძიმე.
ისინი შეიარაღებული იყვნენ ქართული გორდა ხმლებითა და ხანჯლებით, მოკლე შუბებითა და ცხენოსანი მოწინააღმდეგის მოსაგერიებლად განკუთვნილი პატარა ფარებით. ფლანგებზე განლაგებულ მეომრებს კი ევალებოდათ მტერზე მოულოდნელი თავდასხმა.
"ქართველი მეომრები ომში საოცრად იბრძვიან, აქვთ შემზარავი ხმა და საოცარი სისასტიკე, ქართული ლაშქარი ერთიანია და მისი დამარცხება შეუძლებელია. ქართველები ომშიც კი მღერიან და საბრძოლოს უკრავენ, რაც მათ დიდ მხნეობას მატებს" - წერდა არაბი ისტორიკოსი.
დღევანდელ სტატიაში გავიხსენებთ იმ სალაშქრო საკრავებს, რომლებიც ქართველ კაცს ბრძოლაში მხნეობას მატებდა - ბუკი და ნაღარა, გუდასტვირი და სხვა საკრავები.
ბუკი ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნიდან მიიჩნეოდა სამხედრო სასიგნალო საკრავად ლაშქრობისას. ბუკს ისე ახმაურებდნენ, რომ ყველას უნდა გაეგო ბრძოლისთვის მზადება ან დამთავრება.
"ირანში ლაშქრობიდან საქართველოში დაბრუნებულ ძლევამოსილ ჯარს თამარი მიეგება ზეიმითა და დიდებითა, იყო ხმა ბუკითა და დომბულითა", - წერს თამარის პირველი ისტორიკოსი.
დომბულას, ანუ ნაღარას, უკრავდნენ სამხედრო ლაშქრობის დროს. იგი შედგებოდა ორი მოზრდილი ჭურისაგან, რომლებზეც თხის, ნუკრის ან მოზვერის ტყავი იყო გადაკრული. ორივე ჭური ქვევით იყო დაგრძელებული, ქვევრის მსგავსად, ზევით კი - წაკვეთილი. მას ამზადებდნენ ხისგან, დასარტყმელად კი იყენებდნენ მრგვალთავიან მაგარ ჯოხებს.
საომარი ირაღი იყო ჩასაბერი საკრავი გუდასტვირიც, რომელიც ორი ძირითადი ნაწილისაგან - გუდისა და სტვირისგან შედგებოდა.
გუდა ცხვრის ან თხის ტყავისგან მზადდებოდა. გუდას ზემოთა მხრიდან ერთ ფეხში დატანებული ჰქონდა ხის პატარა მილი "ხრიკო", რომლითაც მას ბერავდნენ, ქვემოთა მხრიდან კი ჩასმული ჰქონდა სტვირის ბუდე, ორი ლერწმისგან დამზადებული მილი; მარცხენა მილს ერქვა "მთქმელი", მარჯვენას - "მოძახილი".
გუდასტვირით სრულდებოდა ორხმიანი ჰანგები რქაში ჩასმული ორი ლერწმის ერთდროული აჟღერებით. რქა ჯიხვის ან ხის იყო, შემკული ძეწკვებითა და ფერადი მინებით. რქაში ჩასმული იყო "ღრუბელი" (ბამბა), რომელიც იწოვდა დაკვრის დროს გამოყოფილ ნერწყვს.
რქას, ისე როგორც გუდას, სვამდნენ ბუდეში, ანუ შალითაში. ამ საკრავზე მხოლოდ მამაკაცები უკრავდნენ. მესტვირის რეპერტუარში შედიოდა ისტორიული და ეპიკური ლექსები, ძირითადად კი ბერიკაული.
ლაშქრულ ფერხულებს ისტორიული მისია ჰქონდა. ფერხული ასახავდა გადატანილი ბრძოლის სიუჟეტს, ქართველი ვაჟკაცის მეომრულ სულისკვეთებას და გამარჯვებული მეომრებიც სიამაყითა და სიხარულით ცეკვავდნენ ფერხულს.
ეს ცეკვა სრულდებოდა გამარჯვების აღსანიშნავად. წრეზე მოცეკვავე მებრძოლები ფერხულს მართავდნენ და ლექსავდნენ თავიანთ გმირულ თავგადასავალს.
თქმულების თანახმად, ერთ-ერთ ომში ქართველებს დიდი ბრძოლა გადაუტანიათ. მტრის ლაშქარს ხმალამოღებული ეკვეთნენ, ერთზე ათი კაცი მოდიოდა. ბრძოლა დამთავრდა, სისხლის ზღვა იდგა, მტერი ისე მოესპოთ, რომ ამბის მთქმელით არავინ დარჩენილა.
ქარული ლაშქარი ერთად დადგა, ყველას მარჯვენა ხელში ხმალი ეჭირა და ხმამალა ყვიროდა "ჩვენს მარჯვენას გაუმარჯოს". "გაუმარჯოს" - მიუცია დასტური მეფეს. ამის შემდეგ ეს მისალმება ქართულ ლაშქარში წესად იქცა.