დეკანოზი თამაზ ლომიძე"ფეისბუქით" პირად გვერდზე მოზარდების სექსუალური განათლების შესახებ წერს და შვილებთან დაკავშირებით, პირად გამოცდილებას გვიზიარებს:
"შანტაჟი ბავშვობიდან იწყება. 9-10 წლის რომ იყო ჩემი ბიჭი, ჰქონდა ფაზა, როცა ხშირად უჩნდებოდა სურვილი სახლში ეთქვა სქესთან დაკავშირებული სიტყვები, ხმამაღლა წამოიძახებდა რამე სქესთან დაკავშირებულ ფრაზას ან ჟარგონს ან ხუმრობით იტყოდა რამეს, თან ისე, რომ ახლობელ დიდებსაც გაგვეგო. მე არასოდეს გავწყრომივარ ამის გამო, რადგან ვხვდებოდი, რომ ეს მისთვის ადამიანში რაღაც ახლის აღმოჩენის ფაზა იყო და ამიტომ არც შემირცხვენია და არც დამისჯია ამის გამო. პირიქით, ხშირად ავყოლივარ ასეთ ხუმრობებში, რათა მარტო არ ყოფილიყო თავის აღმოჩენებში. 12 წლის რომ იყო, ბიოლოგიის სახელმძღვანელო მოიტანა სკოლიდან (გერმანიაში სწავლობს), სადაც ქალის და კაცის სქესობრივი აგებულება და რეპროდუქციის ორგანოები იყო აღწერილი, ასევე ბავშვისთვის გასაგებ, სამეცნიერო ენაზე აღწერილი იყო სქესობრივი აქტი და ბავშვის ჩასახვის პროცესი. მოიტანა ეს წიგნი, თან მიყვებოდა ამ უცნაური გაკვეთილის შესახებ, თან ეცინებოდა უხერხულობისგან და თანაც ძალიან უნდოდა აუცილებლად ჩემთვისაც ეჩვენებინა ეს გაკვეთილი. მე არ გავწითლებულვარ ჩვენი მშობლების მსგავსად, უკან არ დამიხევია, პირიქით იქით ვთხოვე წაეკითხა ჩემთვისაც, რა ისწავლეს. მოვიდა, ძმაკაცივით დამიჯდა გვერდით, წამიკითხა და ჩემი რეაქციით დარწმუნდა, რომ ამ ყველაფერში არ იყო არაფერი სამარცხვინო, წარმოუდგენელი ან ბინძური საიდუმლო. ჩემი რეაქციით მე არ შემიშინებია და დამიშანტაჟებია ბავშვი. მას შემდეგაც თუ რამ დელიკატური კითხვა უჩნდება სქესთან დაკავშირებით, იცის, რომ შეუძლია სრულიად ბუნებრივად მკითხოს და ამისთვის არავინ შეაჩვენებს.
თუ გვინდა, რომ ჩვენი შვილები არ იყვნენ ასეთი ბოროტების მსხვერპლნი, ყველა უნდა გავთავისუფლდეთ სქესის კომპლექსისგან, შევიგნოთ, რომ სქესი არათუ სამარცხვინოა, არამედ პირიქით, სწორედ ღმერთისგან აქვს ადამიანს სქესი, ადამიანის სწორედ სქესობრივი გზით გამრავლება აკურთხა უფალმა და სქესობრივი კავშირიც ქალის და კაცის სიყვარულის განუყოფელი ნაწილია.
თუ გვინდა ჯანსაღი მომავალი, უპირველესად სკოლამ და ასევე მშობლებმაც ბავშვის ასაკის შესაბამისად უნდა ცნობიერი გავხადოთ მათთვის საკუთარი სქესი. ვასწავლოთ, როგორაა სქესობრივად აგებული ქალი და კაცი, რა არის მათი სქესობრივი განსხვავება, რატომ იზიდავთ და სიამოვნებთ ერთად ყოფნა, როდის და როგორ ჩნდება მათში სიყვარული, როგორ ჩაისახება და ჩნდება ბავშვი, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივი და კარგია და ა.შ.
ჩვენი შვილების მტერია ის, ვინც სკოლაში ამ საკითხების ღიად და აკადემიურად სწავლებას ეწინააღმდეგება".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე