ია აბულაშვილი
29.08.2018

 "გოლი, ორი გოლი მინდა, ხვედელიძე!" "ხვედელიძე, დაცვას მიხედე, დაცვას"! "ახლა გეტირება ყოფა, ხვედელიძე, გაირკვევა, ვინაა ფეოლა - მე თუ შენ" - გასული საუკუნის 70-იან წლებში გადაღებული "ფეოლა" დღესაც ყველა თაობის საყვარელი ფილმია, ასეთი წარმატებული კი შესანიშნავი მსახიობის - იპოლიტე ხვიჩიასა და იმ 22 პატარა ბიჭის შესრულებით გახდა, რომლებიც რეჟისორმა ბაადურ წულაძემ თბილისისა და ბათუმის ეზოებში იპოვა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: ბაადურ წულაძეს ეს ფილმი შემთხვევით გადაუღია. სცენარის დაწერა რევაზ გაბრიაძეს სთხოვა, იპოლიტეს კი - სახლმმართველ ბონდო დოლაბერიძის როლის შესრულება. როგორ იღებდნენ ფილმ "ფეოლას", თავად ბაადურ წულაძე ასე იხსენებს.

"მოსკოვიდან თბილისში რომ ჩამოვედი, ვიღებდი მოკლემეტრაჟიან ფილმს "სამნი ზღვის პირას", რომელიც ჩემი სადიპლომო სურათი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვიღაცამ რაღაც გადაიღო და კრემლის მესვეურებს არ მოეწონათ. ატყდა ამბავი, მთელი საკავშირო ცეკას დადგენილება ამ ფილმზე იყო.

"გავჩერდი, ვიყავი ასე უსაქმოდ, ტრამვაის ფულიც არ მქონდა. მერე მიშა კობახიძე ჩამოვიდა, სადიპლომო ფილმს იღებდა და მითხრა - ჩემთან ითამაშეო, ოღონდ ფული არ მაქვსო. დავთანხმდი. გადაიღო, მაგრამ არ მოეწონა. ახალი სცენარი დაწერა და გადაიღო "ქორწილი". აქედან დაიწყო ჩემი მსახიობობა.

"მერე ხან სად მეძახდნენ, ხან - სად, მაგრამ რას მიშველიდა, დიპლომს თუ ვერ დავიცავდი. საგონებელში ჩავვარდი. გიორგი შენგელაია მაშინ მოკლემეტრაჟიან ფილმს იღებდა. მითხრა, მეორე რეჟისორად იმუშავე და სადიპლომოში ჩაგეთვლებაო. ვინაიდან "ვგიკში" მიცნობდნენ, დიპლომი მომცეს.

"ჩამოვედი თბილისში, მაგრამ ფილმს მაინც არ მაძლევენ. რეზო გაბრიაძე უკვე ცნობილი სცენარისტი იყო. მივედი და ვუთხარი, რაიმე ჩემთვის დაეწერა, რომ გადამეღო. "ფეოლას" მოკლე შინაარსი მომიყვა. ვუთხარი - დაწერე-მეთქი. რეზო რომ დასვა და დააწერინო, დიდი პრობლემაა. ასე მიყვებოდა და მიყვებოდა:

"ერთ-ერთი უბნის სახლმმართველ ბონდო დოლაბერიძეს დაავალებენ, რომ შეკრიბოს საფეხბურთო გუნდი და გაიყვანოს ქალაქის პირველობაზე. ბონდო ფეხბურთს დასანახავად ვერ იტანს და თანაც ამ საქმის არაფერი გაეგება. ბონდო დავალებას უგულოდ ეკიდება, ცდილობს, გუნდი პირველსავე შეჯიბრში დამარცხდეს, რომ ამ საქმისგან გათავისუფლდეს, მაგრამ ბავშვები ზედიზედ იმარჯვებენ.

"გახსოვთ კადრი ფილმიდან: "ფეოლა, მოვიგეთ."  "გაგიჭირდებოდათ" - ეუბნება ხვიჩია ხვედელიძეს. მერე ბონდო გუნდისთვის თავს აღარ ზოგავს, ბიჭები მას "ფეოლას" შეარქმევენ.

"რაღაც პერიოდში კინოსტუდიას გაუჭირდა, გეგმას ვერ ასრულებდა. რეზოს ვუთხარი - აი, ახლა მაქვს შანსი, რომ გავძვრე და უნდა მიშველო-მეთქი. როგორც იქნა, დაწერა "ფეოლას" სცენარი. მიიღეს, მაგრამ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩემი საქმე. პირველ მასალას თუ გადაიღებ, თუ მოგვეწონება, მაშინ გააგრძელეო. გადავიღე პირველი ეპიზოდი. მოეწონათ, გავაგრძელე.

"ბავშვებს დიდხანს ვეძებდი. ისინი თან სიმპათიურები უნდა ყოფილიყვნენ, თან ხულიგნები. ბავშვებმა გამამწარეს, როგორ გინდა ყოველდღე 22 გადარეული მოზარდის კადრში შეყვანა.

"ხვედელიძე (გიორგი ცინცაძე) ბათუმში ვიპოვეთ. გვითხრეს, ისეთი ცელქია, ყველაფერს ჩაგიშლითო. იპოლიტეს შვილის როლს თბილისელი ქურთის ბიჭი შამილოვი ასრულებდა, პურის მოედანზე ცხოვრობდა. ყოველ დილით მანქანას ვუგზავნიდი, რომ გადაღებაზე მოეყვანათ. მთელმა უბანმა გაიცნო.

"ბონდო დოლაბერიძის, ანუ ფეოლას როლის თამაში მე თვითონ მინდოდა, მაგრამ შემეშინდა, ვიფიქრე, ფილმი ძლივს ჩავიგდე ხელში და ახლა თამაშიც რომ მოვინდომო, პრობლემები არ შემექმნას-მეთქი.

"გადავწყვიტე, იპოლიტე ხვიჩია მომეწვია. მაშინდელი წესების მიხედვით, აუცილებელი იყო სინჯების გადაღება, თანაც სამი კანდიდატი უნდა წარმედგინა, მაგრამ რომ გაიგეს, იპოლიტე ითამაშებდა, სხვა კანდიდატურა აღარც მოუთხოვიათ, ისე დაამტკიცეს", - იხსენებდა წლების შემდეგ ბაადურ წულაძე.

ხვედელიძის როლის შემსრულებლი გიორგი ცინცაძე კი იხსენებს, რომ ბათუმში, მანთაშოვის ბაღში, თანატოლებთან ერთად ფეხბურთის თამაშის დროს შეუნიშნავს გადამღები ჯგუფის ერთ-ერთ წევრს და მერე მშობლებისთვის უთხოვიათ, რომ ბავშვი სინჯებზე თბილისში ჩამოეყვანათ.

"სასინჯი გადაღებისთვის ბათუმიდან თბილისში წამიყვანეს და როგორც ჩანს, ეკრანმა ჩემი სახე კარგად აიღო. მაგრამ შავი თმა არ მოეწონათ და გადამიღიავეს. მაშინ 12 წლის ბიჭი ვიყავი. ფილმის ძირითადი ნაწილი ბათუმთან ახლოს, სოფელ ანგისას სტადიონზეა გადაღებული.

"გადაღება ხშირად ჩაშლილა იპოლიტე ხვიჩიას მიმიკებისა და ხუმრობების გამო. რეჟისორი სულ გვაფრთხილებდა, არ გაიცინოთო, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდით. ერთ-ერთი კადრის დროს კი შვიდი დუბლი ჩავუგდე სიცილის გამო. იპოლიტეს ვერაფერს ეუბნებოდნენ, მე კი მტუქსავდნენ.

"იპოლიტე თანატოლივით გვექცეოდა. ხშირად გვეპატიჟებოდა კაფეში, ხაჭაპურებითა და ნაყინით გვიმასპინძლდებოდა. ნარდისა და "დურაკას" თამაში უყვარდა და მაგრადაც თამაშობდა. ჩვენ, ბავშვები, ვგულშემატკივრობდით ხოლმე, წაგებას ვერ იტანდა და ყველას უგებდა, შეიძლება ხანდახან აგებინებდნენ კიდეც.

"კიევში 8 ბავშვი წაგვიყვანეს. სამი თვე მიდიოდა გადაღება. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კიევში იქაურ სტადიონზე თამაში იყო. ამ ეპიზოდში რეალური კადრებია გამოყენებული ფლორენციის "ფიორენტინასა" და კიევის "დინამოს" თამაშიდან" - ასე იხსენებს "ფეოლას" გადაღების ისტორიას გიორგი ცინცაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×