თეო გუდავაძე
29.08.2018

 მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული სოციალური ქსელები, რაც უკვე კომუნიკაციის დამყარების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა. მათი საშუალებით მსოფლიოს ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში სულ მარტივად ხდება დაკავშირება. სოციალურმა ქსელებმა საზოგადოების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ადამიანები ერთმანეთს "მესენჯერით", "ინსტაგრამითა" და "ვაიბერით" ეკონტაქტებიან, რამაც საქართველოშიც ეპიდემიის სახე მიიღო.

ბოლო დროს სატელეფონო ხაზები აღარ არის იმდენად პოპულარული და ესემეს შეტყობინებასაც ნაკლებად იყენებენ. პერსონალური კომპიუტერების გარეშე, მობილური ტელეფონით ადამიანები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ახერხებენ კომუნიკაციას ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით.

21-ე საუკუნეში ადამიანების ცხოვრება სოციალურმა ქსელებმა და ინტერნეტსივრცემ რადიკალურად შეცვლა. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ კიბერინდუსტრიამ გაამარტივა კომუნიკაციის გზები, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ინტერნეტსივრცე რეალურ კომუნიკაციას, რასაც ადამიანების ურთიერთობა ჰქვია, ძალიან უშლის ხელს და, ფაქტობრივად, დავიწყებას მიეცა ურთიერთობის სხვადასხვა ფორმა.

სანდრო ხელაშვილი 27 წლის პროგრამისტია, რომელიც ფიქრობს, რომ აუცილებელია, ინტერნეტის გამოყენება ადამიანებმა სწორი მიზნებისთვის დაიწყონ, თორემ საზოგადოება ძალიან დამოკიდებული გახდა კომპიუტერებსა და ტელეფონებზე.

"ადამიანთა უმრავლესობა დღე-ღამეში 16-18 საათს ატარებს სოციალურ ქსელში და ინტერნეტში. ამ უმრავლესობიდან 97% უაზროდ ფლანგავს როგორც დროს, ასევე ინტერნეტის რესურსს, რომლის გამოყენებაც ნამდვილად არ იციან. არ მესმის, როგორ შეიძლება, 24 საათი მეგობარს "ეჩათაო" "მესენჯერით" ან ელაპარაკო.

საოცარი ფუნქციები აქვს სოციალურ ქსელებს და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ გვერდზე ოთახში მჯდომ ადამიანსაც "მესენჯერით" არ უნდა ურეკავდე, როდესაც რაღაც გჭირდება. ამ ყველაფერმა ხალხი გააზარმაცა, ერთმანეთის მონახულება შეწყვიტა ზოგიერთმა, რადგან სოციალური ქსელით მარტივია, თვალი ადევნო ყველას ცხოვრებას და ისედაც იცი, როგორ, სად და რატომ არის. ასე ნელ-ნელა დაიკარგება კომუნიკაციის პირვანდელი სახე, როდესაც ადამიანები ამბების მოსაყოლად იკრიბებოდნენ და არ არსებობდა "ჩათები", სადაც მთელი სამეგობროა შეკრებილი და ყველა ამბავი იქ იწერება, ყველაფერი მნიშვნელოვანი ასე წყდება და ა.შ.

აყველაფერს აქვს თავისი ზომა, ზომიერების დაცვა კი ყოველთვის გვიჭირს, რაც არ არის მხოლოდ ჩვენი სენი, მსოფლიოს ეს დაავადება  ჭირს. მე პროგრამისტი ვარ და ყველაზე დიდი ემოციური კავშირი მაქვს ჩემს პროფესიასთან, კიბერინდუსტრია ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ვხედავ, როგორ აუფერულებს ურთიერთობას და ცვლის ისეთ კარგ ტრადიციებს, რაც მე ძალიან მიყვარს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას სანდრო ხელაშვილმა.

ტერმინმა სოციალური ქსელი მოგვიანებით სოციოლოგიიდან ინტერნეტშიც გადაინაცვლა. ინტერნეტში იგი ისეთ ვებ-გვერდებს ან სერვისს აღნიშნავს, რომლებსაც თავად მომხმარებლები ამდიდრებენ. მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული მრავალი სოციალური ქსელი: "ფეისბუქი", "ტვიტერი", "ინსტაგრამი", "მაისფეისი" და ა.შ. ამ საიტებზე ახალგაზრდები რეგისტრირდებიან, მათზე ათავსებენ პერსონალურ მონაცემებს, პირად ინფორმაციასა და ფოტოსურათებს. მალევე "მეგობართა" წრეში ერთიანდებიან, ეცნობიან ერთმანეთს, ამყარებენ კავშირს ერთობლივი ინტერესების პრინციპით. თუმცა მსგავსი კავშირი ხშირად ხდება ადამიანებში უარყოფითი ემოციების გამომწვევი, იმედგაცრუების საწყისი და ა.შ.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ სოციალურ ქსელებზე მსგავსი დამოკიდებულება სახიფათოა, რადგან ადამიანს პირადი სივრცის აღქმის უნარს აკარგვინებს. ფსიქოლოგი ლილი სოფრომაძე "რეზონანსთან" სოციალურ ქსელზე მიჯაჭვულობის უარყოფით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას.

"მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვერკვევი ამ ამბის ცუდ მხარეებში, მეც და ჩემი შვილებიც სწორედ ამ სენით ვართ შეპყრობილები. მე პირადად, რაც "მესენჯერის" და "ვაიბერის" გამოყენება დავიწყე, გაცილებით იშვიათად ვრიცხავ თანხას ტელეფონზე, რადგან თითქმის არ ვრეკავ ტელეფონით. ახლობლებსა და მეგობრებს ვურეკავ სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით, რამაც გააიაფა და გაამარტივა კომუნიკაცია და ეს ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ სახიფათოა, რადგან რეალურ სივრცეში კომუნიკაციას აფერხებს, რაც ადამიანურ ურთიერთობაზე, ემოციასა და განვითარებაზე ძალიან მოქმედებს.

შესაძლოა, დღეს ვერ ვხვდებით ამას, მაგრამ ვირტუალურ სივრცეში კონტაქტი სულ სხვა დატვირთვისაა და რეალური ცხოვრება სულ სხვა ემოციებს იწვევს. ის რესურსი, რასაც განვითარებული მსოფლიო გვაძლევს, სწორად უნდა გამოვიყენოთ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ფსიქოლოგმა ლილი სოფრომაძემ.

რას ფიქრობს ხალხი

სალომე თაყაიშვილი, 19 წლის, სტუდენტი: 

"მე მომწონს "მესენჯერი" და ყველა მსგავსი საკომუნიკაციო საშუალება. მიმარტივებს ყველაფერს, ტელეფონით იშვიათად ვრეკავ. თვეში ერთხელ ვრიცხავ 5 ლარს და მყოფნის. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ 5 ლარი ერთი კვირა არ მყოფნიდა, რადგან "ანდროიდი" არ მქონდა და ძველი ტელეფონის მოდელით ვერც ინტერნეტს ჩავრთავდი და ვერც "მესენჯერით" დავიწყებდი მიმოწერას. შესაბამისად, საკმაოდ დიდი თანხა მჭირდებოდა, რომ მეგობრებთან და ახლობლებთან მუდმივი კავშირი მქონოდა. დღეში, მინიმუმ, 100 "ესემესს" ვხარჯავდი. ახლა კი ეს ყველაფერი უფასოდ მაქვს, თუ არ ჩავთვლით ინტერნეტის მინიმალურ თვიურ გადასახადს. არ მესმის, ეს ყველაფერი ცუდი რატომ არის, მე მომწონს ცხოვრების გამარტივება".

გიორგი თევზაძე, 31 წლის, ანიმატორი:

 "ინტერნეტი ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა არ მომწონს, როცა ადამიანები მთლიანად ვირტუალურ სივრცეზე არიან დამოკიდებული. ვფიქრობ, ზედმეტი დოზით ცხოვრებაში ყველაფერი ცუდია. ადამიანებს პირისპირ კომუნიკაცია უჭირთ, რასაც ვირტუალურად გაცილებით კარგად ახერხებენ. ეს ნამდვილად არ არის დადებითი."

ელისო ჭანტურია, 48 წლის, დიასახლისი: 

"ჩემი და და მული უცხოეთში არიან სამუშაოდ წასულები. ტელეფონით ძალიან ძვირი ჯდება საზღვარგარეთ დარეკვა და როდესაც "მესენჯერი" არ არსებობდა, იშვიათად ვახერხებდით. ახლა ყოველდღიური კონტაქტი მაქვს დასთანაც და მულთანაც. მონატრებასაც იმდენად ვერ ვგრძნობ, რაც ცხოვრებას მიმარტივებს. ვიცი, ვხედავ და თვალს ვადევნებ მათ, ისინიც ანალოგიურად არიან და არ მესმის, ეს ცუდი რატომ უნდა იყოს? ემიგრაციაში მყოფი ადამიანებისა და მათი  ოჯახებისთვის ეს ერთადერთი შვებაა".

თათა სიჭინავა, 18 წლის, სტუდენტი: 

"გაცვლითი პროგრამით როდესაც ვიყავი ვარშავაში, "მესენჯერის" წყალობით გადავიტანე ოჯახთან და მეგობრებთან განშორება. ამდენად, ჩემთვის მხოლოდ დადებითი ფუნქცია აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს. თუ დროს სწორად გადაანაწილებ და იმაზე მეტ დროს არ დაუთმობ ამას, ვიდრე საჭიროა, ძალიან კარგი გამოგონებაა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×