არმაზისხევის ძვირფას ლითონთა მხატვრული ნაკეთობების შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა, გავიხსენოთ არმაზისხევის სამარხებში აღმოჩენილი ოქროსა და ვერცხლის ის ნაკეთობები, რომლებიც, ისტორიკოსთა აზრით, მსოფლიო ხელოვნების საუკეთესო ქმნილებებს შორის ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს.
არქეოლოგიური გათხრები მე-19 საუკუნის 90-იან წლებში ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაიწყო, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა და მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ისტორიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტის თაოსნობით გაგრძელდა. აღმოჩენილი ნივთები საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
არმაზისხევში აღმოჩენილი არქიტექტურული ნაშთებით დასტურდება, რომ იქ არსებობდა სამეფო სახლი და ერისთავთა (პიტიახშთა) ნეკროპოლი.
ქვის სარკოფაგები შეიცავდა იშვიათ მხატვრულ ნივთებს, რომლებსაც, უძველესი ტრადიციის მიხედვით, თან ატანდნენ მიცვალებულებს.
ბერძენ და რომაელ მწერალთა თხზულებების მიხედვით, "ყველაფერი, რაც კი რამ იყო სასახლის კედლებში ადამიანის თვალწინ, აღბეჭდილი იყო მაღალი მხატვრული გემოვნებით, ოქრო-ვერცხლით მოჭედილი". რომაელი მწერლის, პლინიუსისის თქმით: "ეს ფუფუნება ყოველგვარ ზღვარს იყო გადასული".
არმაზისხევში აღმოჩენილი უამრავი ოქროსა და ვერცხლის ნივთის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ რამდენიმე უნიკალური ნივთის ისტორიას გავიხსენებთ, რომელთა უმრავლესობა სამკაულია.
აყელსაბამები, სარტყლები, გულსაკიდები, სამაჯურები, დიადემები, ნაირგვარი საკიდი, დაწნული ძეწკვები, ბეჭდები - ყველა ეს ნივთი უზადო ოსტატობით არის შესრულებული.
ერისთავთა ნეკროპოლის პირველ სამარხში აღმოჩენილი ოქროს სამკაულთა შორის იყო ოქროს ბეჭედი, რომლის ბუდეში მოთავსებულია წითელი სარდიონის თვალი. მასზე დიდი ოსტატობით არის ამოკვეთილი მამაკაცის პროფილი.
ამავე სამარხშია აღმოჩენილი დიდი ოსტატობით შესრულებული ოქროს სარტყელი, რომლის ბალთებსაც ბუდეებში ჩასმული ქვები ამკობს. სარტყლის ერთ-ერთ ბალთაზე მოთავსებულია წითელ თვალზე, ალმანიდზე ამოკვეთილი მამაკაცისა და ქალის პორტრეტები, ასევე - ოქროს სატევარი, რომლის ქარქაში ოქროს ვარსკვლავით არის შემოსილი.
როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, აღმოჩნილ ნივთებს შორის ერთ-ერთი უნიკალურია ოქროს ყელსაბამი, დახვეწილ წვრილ ბუდეებში წითელი თვლებით ჩასმული. ყელსაბამის ცენტრში ოქროს მრგვალი კოლოფია მოთავსებული, კოლოფის სარქველი კი შემკულია ალმანიდისა და ფირუზის ნუშისებრი თვლებით, რომლებიც მონაცვლეობითაა განლაგებული და თავისებურ ფერადოვნებას ქმნის ოქროს ფონზე.
არმაზისხევის ოქროს ნაკეთობათა შედევრებს შორის არის მეშვიდე სამარხში მიკვლეული ოქროს ყელსაბამიც, რომელსაც ძნელად მოეძებნება ბადალი მსოფლიოს სახელგანთქმულ სამკაულთა შორის.
აყელსაბამი შედგება სამი ნაწილისგან, ნატიფად დაწნული რთული ხლართვის ძეწკვი, რომლის ბოლოებზე დამაგრებულია ოქროს მრავალწახნაგა მძივები. წახნაგები ფირუზებით არის შემკული. ძეწკვის ბოლოები იკვრება მრგვალი ოქროს კოლოფით, სახურავის ცენტრში ამეთვისტოსგან გამოკვეთილი ვერძის თავია, რომელიც გარშემო ფირუზისა და ალმანიდის თვლებით არის შემკული.
ამ ყელსაბამს სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა, ადამიანს იცავდა ავი სულისა და ბოროტი ძალებისაგან. ასევე სამარხებში აღმოჩნილია ოქროს დიადემა, ოქროს კილიტები და ოქრომკედის ნაწყვეტები ქსოვილის დასამშვენებლად.
სამარხებში აღმოჩენილია სარეცელის ფეხების ვერცხლის გარსაკრავები. ოთხი ერთნაირი ფეხი, ერთაირი ფორმისა და ზომის, ყოველი ფეხი რთული სკულპტურული ნაწარმოებია. კაკლის ხისგან გამოჩარხული ეს ნაკეთობა ვერცხლის ფირფიტით არის გარშემოკრული.
მეცნიერთა აზრით, ვერცხლის ეს ნაკეთობა ოქრომჭედლობის ურთულესი ტექნოლოგიით არის შესრულებული. ვერცხლის ფეხები ოთხი სრულიად განსხვავებული ნაწილისგან შედგება. ქვედა ნაწილი ნახევარსფეროა, რომელშიც თითქოს არწივის ხუთი კლანჭია ჩაფრენილი.