უცხოელები საქართველოში დამკვიდრების ან ცხოვრების ვადის გასახანგრძლივებლად უამრავ მაქინაციას მიმართავენ. ხშირ შემთხვევაში ეს პროცესი იურიდიულად გამართლებული და უხარვეზოა, მაგრამ ბევრი კანონგარეშე გზაც არსებობს. ხელისუფლებამ საფრთხე იგრძნო და პრობლემის მოგვარებას კანონმდებლობის გამკაცრებით ცდილობს, თუმცა, შეიძლება ითქვას, ეს ნაბიჯი ცოტა დაგვიანებულიცაა.
"ბიზნეს-რეზონანსი" შეეცადა გარკვევას, რა ხრიკებით ახერხებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში დარჩენას, ბინადრობის მიღებას და ყველაზე ხშირად რა ხერხი გამოიყენება. ცოტა ხნის წინ საუბარი იყო, რომ ბინადრობის უფლების მიღებას უცხოელები საინვესტიციო ვალდებულების ზრდით ახერხებენ. საამისოდ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხია ბინის ყიდვა და შემდეგში მისი გადაყიდვა კვლავ უცხოელზე, რაც ბინადრობის მიღების უმარტივესი გზაა.
მიუხედავად ამისა, როგორც გაირკვა, ყველაზე ცნობილი ხერხი ე.წ. ფიქტიური ქორწინებაა. შესაძლებელია ისიც, რომ რამდენიმე პირი თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირდეს. გარდა ამისა, საკმაოდ ბევრი ადამიანი ახერხებს საქართველოში ცხოვრებისა და საქმიანობის ვადის გახანგრძლივებას. ერთ-ერთი მეთოდია სტუდენტობაც. ამ მხრივ საკმაოდ დიდი არჩევანია და ახალგაზრდა უცხოელებისთვის ამ საშუალებით საქართველოში თავის დამკვიდრება ყველაზე იოლია.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბინადრობის მიმღებთა უმრავლესობა ღარიბი მოსახლეობაა, რომელიც თავის გადარჩენის მიზნით შემოდის საქართველოში.
სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების რიცხვი, რომლებსაც ბინადრობის უფლება აქვთ, 80 000-ს აჭარბებს. ამ საგანგაშო სტატისტიკის ფონზე, უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი იცვლება და მნიშვნელოვნად რთულდება. ცვლილების შეტანა "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში იგეგმება. კანონის პროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია, გოჩა ენუქიძეს და ივლიანე წულაიას ეკუთვნით.
ამ საკითხს თბილისის მერიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანონში ხარვეზებია და აუცილებელია, გამოსწორდეს.
"ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის იღებს ერთწლიანი ბინადრობის უფლებას, მაგრამ თუ ამ საკუთრებას გადასცემს სხვას, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ერთი ადამიანი ბინას ყიდულობს, შემდეგ სხვა პიროვნებებზე ფიქტიურად გადააფორმებს და ისინიც ანალოგიურად იღებენ ბინადრობის უფლებას. ე.წ. კარუსელს ატრიალებენ, რაც ჩვენთვის მიუღებელია", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ერთ-ერთი მოქმედი სქემა, რომელიც უცხოელებს საქართველოში ბინადრობის მიღებას უადვილებს, დეველოპერული ხრიკია, რაზეც დეველოპერული კომპანია "არსის" ხელმძღვანელმა თორნიკე აბულაძემ "ჯიბისისთან" ისაუბრა - უცხოელი ბინას ყიდულობს, ის შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ იღებს ბინადრობას, შემდგომ კი ამ ბინას კვლავ უცხოელზე ყიდის. ბინის საყიდლად ჩადებული ინვესტიცია კი ხშირად ე.წ. უცხოური სამაკლერო ან საბროკერო კომპანიების თანხაა, რომელსაც რეალურად ბინადრობის მიღების სანაცვლოდ იღებენ.
"შესაბამისად, თანხა არ შემოდის ქვეყანაში და, პრაქტიკულად, 1000 დოლარად იღებენ უცხოელები ბინადრობას", - აცხადებს აბულაძე და აღნიშნავს, რომ ბინადრობის მიღების შემდგომ უცხოელს უძრავი ქონების გაყიდვის შეზღუდვა უნდა დაუწესდეს, ან მსგავსი ინფორმაცია მიგრაციის სამსახურს უნდა მიეწოდოს და მას ბინადრობა შეუწყდეს.
"ამ გზით კი მივიღებთ იმას, რომ 1 ბინის სანაცვლოდ 20 უცხოელი ვერ მიიღებს ბინადრობას. მიიღებს ერთი და შემოვა რეალური თანხა", - აღნიშნა აბულაძემ.
მისივე ინფორმაციით, უცხოელები ხშირად ქირით ცხოვრობენ. კომპანია "არსის" შიდა სტატისტიკით, გაქირავებული ბინების 45% ქართველზე მოდის, 35% - ირანელებზე, ხოლო დარჩენილი ნაწილი სხვა ქვეყნების მოქალაქეა.
საქართველოს ინსტიტუციური რეფორმების ცენტრის დამფუძნებელი აკაკი ჩარგეიშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ ბინადრობის საკითხი უდავოდ მოსაგვარებელია, თუმცა ხელისუფლების მიდგომას არაკომპლექსურს და არასათანადოს უწოდებს. გარდა ამისა, იგი საუბრობს რამდენიმე ხერხზე, რასაც უცხოელები საქართველოში ბინადრობის მისაღებად მიმართავენ.
"ბინადრობასთან დაკავშირებული საკითხი საქართველოსთვის ნოვაცია არ არის, ამ მხრივ სხვა სახელმწიფოებს დიდი გამოცდილება აქვთ. არიან ქვეყნები, რომლებიც გარკვეულ პირობებს ქმნიან იმისთვის, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა უცხოელი რეზიდენტებით შეავსონ და გარკვეულ პოლიტიკას ეფუძნებიან.
საქართველოს შემთხვევაში უამრავი მახინჯი ქმედებაა, რითაც ადამიანი ქვეყანაში რეზიდენტობის მიღებას ცდილობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხია ე.წ. ფიქტიური ქორწინება, რა ხერხსაც სხვა ქვეყნებში ჩვენი ემიგრანტებიც მიმართავენ. ეს ნამდვილად არაკეთილსინდისიერი ქმედებაა, მაგრამ ამ ადამიანებმა კარგად იციან ხერხი, რითაც შეიძლება, უცხო ქვეყანაში თავი დაიმკვიდრონ.
ასევე, როცა მშობლები იმყოფებიან საქართველოში, შვილს დარჩენის უფლება რომ მიეცეს, მშობლისთვის არასათანადო მეურვეობისა თუ მოვლის არაზომიერ ქმედებებს "მიმართავენ", რათა საქმეში სოციალური მუშაკები ჩაერთონ და ქვეყანაში ყოფნის ვადა გაიხანგრძლივონ (სანამ იურიდიული საკითხები მოგვარდება). ამით არაერთი წელი გაჰყავთ.
გარდა ამისა, შეიძლება ფიქტიურ ფინანსურ მაჩვენებლებთან გვქონდეს საქმე, როცა ბინადრობის მიმღები პირი თავის ქონებას (ან ინვესტიციას) გადასცემს მეორე პირს ან შესაძლებელია ისიც, რომ რამდენიმე პირი თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირდეს.
შეიძლება ბევრი კანონგარეშე გზაც არსებობდეს. ერთ-ერთი გზაა სტუდენტობაც. ამ მხრივ საკმაოდ ბევრი ადამიანი ახერხებს საქართველოში ცხოვრების ვადის გახანგრძლივებას", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" ჩარგეიშვილი.
მისი თქმით, ქვეყანაში საცხოვრებლის რეგისტრაციის საკითხი ბინადრობის უფლებით არ შეიძლება რეგულირდებოდეს.
"რეალურად, ხელისუფლებას უნდა აწუხებდეს ქაოსი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების საცხოვრისთან დაკავშირებით არსებობს, რის მოწესრიგებასაც ისინი თავს არიდებენ. კანონის ამ ცვლილებით კი, უფრო მეტად დააფრთხობენ უცხოელ ინვესტორებს და დაიტერესებულ პირებს. არსებობს შრომისა და დასაქმების ბაზარი და ამ მიზეზით შემოსვლის რეჟიმიც უნდა აამოქმედოს. ფაქტია, საკითხი მოსაგვარებელია, მაგრამ მიდგომაა არასწორი", - დასძინა ჩარგეიშვილმა.
სპეციალისტების განცხადებით, ფინანსური ბარიერის გარდა, უნდა იყოს სხვა მოთხოვნებიც, რის გარეშეც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქვეყანაში 180 დღეზე დიდხანს ცხოვრების უფლებას ვერ მიიღებს.
არსებობს მოსაზრება, რომ სახელმწიფო ენის მინიმალურ დონეზე ცოდნის გარეშე არ შეიძლება, ვინმეს 180 დღეზე მეტხანს ცხოვრებისა და მით უფრო საქმიანობის უფლებას აძლევდეს ქვეყანა.