ახალგარემონტებულ ბაღებსა თუ სკოლებში ჭერი და კედლები ინგრევა. ბოლო ორი შემთხვევა სასწავლო წლის დაწყებამდე სულ რაღაც 2 კვრიით ადრე მოხდა. როგორ და რატომ იგებენ ისეთი კომპანიები ტენდერს, რომლებიც უხარისხოდ ასრულებენ სამუშაოებს და ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს? მიზეზი ერთადერთია - სახელმწიფო პოლიტიკა როგორც სატენდერო პირობების მხრივ, ასევე სამუშაოების ზედამხედველობის დროს.
სასწავლო წლის დაწებამდე რამდენიმე დღით ადრე ერთ ახალრეაბილიტირებულ ბაღში და ერთ სკოლაში ჭერი ჩამოინგრა. საბედნიეროდ, ეს მაშინ მოხდა, როცა სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობდა და არავინ დაშავებულა. ზედიზედ მომხდარი ეს ორი შემთხვევა ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ტენდერებში არაკომპეტენტურ კომპანიებს ირჩევს, რომლებიც სამუშაოებს უხარისხოდ ასრულებენ, რაც ბავშვებისა და მოზარდების, ასევე სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.
ბოლო შემთხვევა 6 სექტემბერს მოხდა. ლანჩხუთის საბავშვო ბაღში ჭერი ჩამოვარდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის, რადგან შემთხვევის დროს ბაღის აღსაზრდელები შენობაში არ იმყოფებოდნენ. შესაძლოა, სასწავლო პროცესი ვერც 17 სექტემბერს განახლდეს, რადგან ერთი წლის წინ გარემონტებულ ბაღს ისევ რეაბილიტაცია სჭირდება.
3 სექტემბერს კი ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჩამოინგრა ჭერი და სასწავლო პროცესის დაწყებას ასეთ პირობებში ხვდებიან, რადგან მისი შეკეთება ვერ ესწრება. დირექტორი მურად ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ ერთი წლის წინ სკოლის შენობის რეაბილიტაციის დროს შეკიდული ჭერი ისე გაკეთდა, მისი გამაგრება არ მომხდარა. უკვე მზადაა რეაბილიტაციის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, თუმცა როდის დაიწყება სამუშოები, უცნობია.
სკოლაში რეაბილიტაციის დაწყება სასწავლო პროცესს ნაწილობრივ ხელს შეუშლის, რადგან სამი საკლასო ოთახი დროებით დაიკეტება. შენობაში რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ უნდა განახორციელოს. ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები ერთი წლის წინ ჩატარდა, ჭერი უკვე ორჯერ ჩამოვარდა.
ესენი მხოლოდ ის ფაქტებია, რომლებიც 2018 წელს, სასწავლო წლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა, ასეთი შემთხვევები კი ხშირია და მათი დიდი ნაწილი მედიაში ვერ ხვდება.
"ახალგაზრდა ადვოკატების" თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი მიიჩნევს, რომ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების უმკაცრესი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ამგვარი ფაქტების გახშირება დაუსჯელობის სინდრომიდან მომდინარეობს.
"სახელმწიფო ტენდერები ყველა შემთხვევაში უნდა იყოს გამჭვირვალე და ობიექტური. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, არა თუ გამარჯვებული, არამედ მონაწილე კომპანიების შესახებაც, რათა გამოირიცხოს მიკერძოებისა და პირადი ურთიერთობით სახელმწიფო ფინანსების მიღების საკითხი. ჩვენ ლამის ყოველდღე ვხედავთ, რომ ტენდერში იმარჯვებენ არაკეთილსინდისიერი კომპანიები, რომლებიც არაჯეროვნად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. ამის ნათელი მაგალითი იყო მეტრო ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული ჭერის ჩამოშლის ფაქტი, რასაც კინაღამ ფატალური შედეგი მოჰყვა და ქვეყანა შემთხვევით გადაურჩა მასობრივ ტრაგედიას.
განათლების სფეროში არსებული სატენდერო პოლიტიკა ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას. მოცემულ შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებული კომპანიები არა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით უნდა დაჯარიმდნენ, არამედ სანქცია უნდა იყოს ბევრად უფრო მკაცრი. აშკარაა დანაშაულის შესაძლო ნიშნები", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" კაიკაციშვილი.
მისივე თქმით, საკითხი შესასწავლია კომპლექსურად და პასუხისმგებლობის ზომები გასამკაცრებელია.
"როდესაც იღებ სახელმწიფო თანხას, როდესაც შესრულებული გაქვს ბიუჯეტირება და ამ წესებისა თუ სახელშეკრულებო შეთანხმების მიღმა ხდება ობიექტის უხარისხო სამშენებლო მასალით ან არაკვალიფიციურად მშენებლობა, რა თქმა უნდა, ეს დანაშაულია. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დღესდღეობით მინიმალურია, არადა, ეს გამოიხატება არა მხოლოდ იმაში, რომელი კომპნია იგებს ტენდერს, არამედ იმაში, რამდენად კონტროლდება სამუშაოს შესრულება. მოცემულ შემთხვევებში ეს ანრის უკონტროლობა და მისი შედეგი.
ჩემი აზრით, ამგვარი დარღვევების შემთხვევაში მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება არ კმარა. სამინისტროებს აქვთ შიდა აუდიტის სამსახურები. მათ უნდა გამოიკვლიონ ტენდერში გამარჯვებული კომპანიების საქმიანობა და სამუშაოს შესრულების მიმდინარეობა.
რაც შეეხება ჯარიმებს, ხშირად სატენდერო თანხა იმდენად დიდია, რომ კომპანიას უღირს საჯარიმო თანხის გადახდა და საქმიანობის გაგრძელება ფასადური მშენებლობით. საკითხი შესასწავლია კომპლექსურად და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის ზომები არის გასამკაცრებელი. ის დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც გამარჯვებულ კომპანიებს აქვთ, მკაცრი სახელმწიფო პოლიტიკით უნდა მოითოკოს და შეიზღუდოს. სხვანაირად ვიტრიალებთ ერთ წრეზე, თანაც არ ვიცით, სხვა დროს გაგვიმართლებს თუ არა ისე, რომ ჩამონგრევას მსხვერპლი არ მოჰყვეს", - აღნიშნა კაიკაციშვილმა.
"ბიზნეს-რეზონანსი" განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს და თუ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა, შესაბამისი რეაგირება იქნება მათი მხრიდან.
"მუშავდება პროექტი და უნდა მოიძებნოს ახალი კომპანია, რომელიც სამუშაოებს განახორციელებს. 3 სექტემბერს მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და თუ კომპანიის დანაშაული გამოვლინდა, აუცილებლად დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი", - განაცხადეს სამინისტროში.
"ბიზნეს-რეზონანსი" იმითაც დაინტერესდა, რომელი კომპანია აწარმოებდა სამუშაოებს, თუმცა, დაპირების მიხედავად, კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.
სხვათა შორის, სკოლებისა და ბაღების რამდენიმე ტენდერი სკანდალურ შპს "ყვარელმშენსაც" აქვს მოგებული. ეს ის კომპანიაა, რომლის გარემონტებულ მეტრო "ვარკეთილში" 30 იანვარს ჭერი ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა.
"ყვარელმშენს" მოგებული აქვს: თბილისის 160-ე საჯარო სკოლის შენობის დასრულების სამუშაოები - ხელშეკრულების ღირებულება 66000 ლარია;
იუსტიციის სასწავლო ცენტრის აუზის გათბობა - ხელშეკრულების ღირებულებაა 13 469 ლარი;
სოფელ ჭიკაანის საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია - ხელშეკრულების ღირებულება 170 000 ლარი;
სოფელ კუჭატნის საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები - ხელშეკრულების ღირებულება 9 953 ლარი;
სოფელ გავაზის საბავშვო ბაღისა და ყვარლის მედიაცენტრის 2 ოთახის გარემონტება - ხელშეკრულების ღირებულება 38 999 ლარი;