აფთიაქებში რეცეპტის მოთხოვნა საერთოდ გაუქმებულია
თამარ მუკბანიანი
12.09.2018

 პაციენტისათვის გამოწერილი 5 მედიკამენტიდან 2 ან 3 საკვებდანამატია. არის შემთხვევები, როცა ექიმები ერთსა და იმავე დანიშნულების წამალს ნიშნავენ, რათა რეცეპტის მოცულობა გაზარდონ. ხალხს უკვე მკურნალობის ეშინია და თუ ახლობელი ექიმი არ არის, მასთან ვიზიტს თავს არიდებს.

მომხმარებელი ქართულ ბაზარზე წამლის არაადეკვატურად მაღალ ფასზე მუდმივად საუბრობს. ფასის გარდა, პრობლემაა ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები, რომლებიც პაციენტს არ სჭრიდება. ხშირად ეს საკვები დანამატია ან, უარეს შემთხვევებში, ერთი და იმავე დანიშნულების 2-3 მედიკამენტი, რომლებიც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ბენეფიციარები საუბრობენ, რომ თუ ექიმი ძალიან ახლობელი არ არის, შეუძლებელია მის გამოწერილ მედიკამენტებს ენდონ. პრობლემას ექიმის კვალიფიკაციაზე მეტად არასაჭირო წამლის გამოწერის დროს, ფარმაცევტული კომპანიები ქმნიან, რომლებსაც ნაირ-ნაირი წამლები შემოაქვთ და ექიმებს გარკვეულ თანხას უხდიან წასახალისებლად.

"საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების" აღმასრულებელ მდივან არჩილ მორჩილაძის ინფორმაციით, ექიმების მიერ დანიშნული წამლების ჩამონათვალში საკვები დანამატების წილი თითქმის ნახევარია, რაც მედიკამენტებზე გაწეულ ხარჯს მნიშვნელოვნად ზრდის. მისივე აზრით, სახელმწიფო დონეზე ერთი მხრივ მონიტორინგი, მეორე მხრივ კი ექიმთა უწყვეტ განათლებაზე მუშაობა უნდა გაძლიერდეს.

"დღეს ექიმის მიერ დანიშნული 5 პრეპარატიდან 2 ან 3 საკვები დანამატი იქნება. ხშირად საუბრობენ, რომ ჯანდაცვაში მედიკამენტებზე გაწული ხარჯი მაღალია. პირველადი შეფასებით, 30%-40% სწორედ ამ ტიპის მედიკამენტებზე გაწული ხარჯი შეიძლება, იყოს.

აუცილებელია წამლების დანიშვნა პროტოკოლების მიხედვით. ამის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს და ასევე აუცილებელია ექიმების უწყვეტი განათლება. ხშირად ხდება ისეც, რომ სხვადასხვა ღირებულების მქონე ერთი და იმავე შემცველობის ორი მედიკამენტია ბაზარზე და ამაშიც ექიმი პაციენტს უნდა დაეხმაროს", - განუცხადა "ბიემს" არჩილ მორჩილაძემ.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე თვლის, რომ საქართველოში პოლიტფარმაცია მძვინვარებს. მისივე თქმით, საკვები დანამატის გარდა, ხშირია შემთხვები, როცა ექიმი ერთი დანიშნულების რამდნიმე მედიკამენტს ნიშნავს.

"პოლიტფარმაცია რომ მძვინვარებს, ფაქტია. ვიცით, რომ ნიშნავენ ჭარბ წამლებს, რიგ შემთხვევებში, ეს არის საკვები დანამატი ან უარესი, რაც დაუშვებელია ავადმყოფისთვის. ხშირად რამდენიმე ერთი და იმავე მოქმედების წამალიც კი ინიშნება, რათა უფრო დიდი მოცულობის დანიშნულება გამოვიდეს. ეს ბევრი ქვეყნის პრობლემაა, მაგრამ საქართველოში მწვავედ დგას ფინანსური საკითხიც.

ექიმთან ვიზიტის შემდეგ ისედაც გაღატაკებულ მოსახლეობას კიდევ უფრო ნაკლები თანხა რჩება საარსებოდ. მთავარი აქ არის ფარმაცევტული კომპანიების პრობლემა და ვერტიკალური მონოპოლიები", - ამბობს "რეზონანსთან" ჩიხლაძე.

ჯანდაცვის სფეროში, ამ პრობლემის გარდა, მოუგვარებელი რჩება რეცეპტების საკითხი. როგორც ჩიხლაძე ამბობს, ელექტრონული რეცეპტის პროგრამა მთლიანად ჩავარდა.

"არც ერთი წამალი, გარდა სუსტი ტკივილგამაყუჩებლებისა და სუსტი ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტებისა, არ უნდა გაიცემოდეს ექიმის დანიშნულების გარეშე. ელექტრონული ბაზებით რეცეპტირების შემთხვევაში, დაშვებულია იგივე შეცდომა, რაც იყო საქაღალდე დანიშნულებების დროს. პროექტი ისევ მოუმზადებლად ჩაეშვა. არ იყო ქაღალდის რეცეპტების აუცილებლობა და არც მომზადებული იყო ველი იმისთვის, რომ ეს ნორმა ამოქმედებულიყო. ის პერიოდი, დრო და რესურსი რომ ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის მომზადებაში გახარჯულიყო, მერწმუნეთ, რეცეპტის გარეშე მედიკამენტების გაცემის მეორე ფაზაც კრახით არ დასრულდებოდა.

სპეციალისტების რჩევის მიუხედავად, ელექტრონული ბაზები უფრო გათვალისწინებული ყოფილიყო, არ მოხდა არც აქ წინასწარ მომზადება. როცა ამ მასშტაბისა და მოცულობის ბიუჯეტის პროექტს იწყებ, არ არის აუცილებელი, მაშინვე მთელი ქვეყნის მასშტაბით აამოქმედო. შეიძლებოდა, თავიდან საპილოტე არეალები შერჩეულიყო ან - რამდენიმე ქსელური აფთიაქი, რომლებზეც ტესტირებას გაივლიდნენ", - განაცხადა ჩიხლაძემ.

ფაქტია, რომ დღეს ყველა მომხმარებელი მიდის და ნებისმიერ წამალს (ფსიქოტროპულების გარდა) ურეცეპტოდ ყიდულობს. არც არავინ გეკითხება აფთიაქში ექიმის დანიშნულების შესახებ. ფარმაცევტებისგან ერთადერთი კითხვა ისმის - გაქვთ თუ არა კონკრეტული სააფთიაქო ქსელის ბარათი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×