დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობა, აგვისტოდან მოყოლებული, შეფერხებულია. თბილისელებს აწუხებთ გადაჭედილი გზები. მოსახლეობის უმეტესობა შიშობს, რომ სკოლებისა და უნივერსიტეტების დაწყების პერიოდში პრობლემა კიდევ უფრო მეტად გამძაფრდება. დედაქალაქში გადაადგილება ტრანსპორტით შეუძლებელი ხდება არა მხოლოდ პიკის საათებში, არამედ - დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ქალაქის ცენტრის მსგავსად, საცობებია გარეუბნებშიც.
დღის განმავლობაში თითქმის პარალიზებულია დედაქალაქის ყველა სტრატეგიული სატრანსპორტო კვანძი. საცობების კერაა სააკაძისა და გმირთა მოედნები, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთა, მარჯანიშვილის მოედანი, ახმეტელისა და ვარკეთილის მეტროების მიმდებარე ტერიტორიები და ა.შ.
ორშაბათიდან სასწავლო წელი იწყება და ვითარება კიდევ უფრო გამძაფრდება. დედაქალაქი გაივსება მოსწავლეებით, სტუდენტებითა და შვებულებიდან დაბრუნებული პედაგოგებით. თბილისელები იმ სამომავლო პრობლემებზე ღელავენ, რომლებიც შესაძლოა, საცობებმა შექმნას. ტრანსპორტით დანიშნულების ადგიზე მისვლა შეუძლებელი ხდება.
ქეთი სოლომონაშვილი 22 წლის სტუდენტია. მას დედაქალაქში არსებული საცობების პრობლემა ძალიან აწუხებს:
"რაიონიდან აგვისტოს ბოლოს ჩამოვედი უნივერსიტეტისთვის საბუთებისა და გარკვეული დეტალების მოსაწესრიგებლად. მართალია, ჯერ სწავლა არ დამწყებია, მაგრამ უკვე ვნერვიულობ დედაქალაქში არსებული პარალიზებული მდგომარეობის გამო. ლექციები, ხუთშაბათის გარდა, მუდმივად დილის საათებში მაქვს. ადრე თუ ერთი საათი მჭირდებოდა უნვერსიტეტამდე, ახლა, გადაჭედილი ქუჩების გამო, საათ-ნახევარიც აღარ მყოფნის. ესე იგი, უნდა ავდგე იმაზე ადრე, ვიდრე საჭიროა, რომ არ დავაგვიანო ლექციაზე.
პირად დისკომფორტს რომ თავი დავანებოთ, ძალიან ცუდი სანახავია პარალიზებული თბილისი და გადათხრილი მთავარი ქუჩები. დღეს უზნაძეზე ვიყავი კლინიკაში და ირგვლივ ყველაფერი გადათხრილი იყო, ექთნები ამბობდნენ, შეეშალათ და შემთხვევით ეს ქუჩა გადათხარესო. ნამდვილად არ ვიცი, ასე არის თუ არა, მაგრამ სრული ქაოსი რომ არის, ფაქტია.
მთელი ქალაქის ერთდროულად გადათხრა არ მგონია, მართებული იყოს. ასე ხალხი ზარალდება, ისედაც დაბინძურებული ჰაერი კიდევ უფრო ბინძურდება და ამ შუა ზაფხულში სუნთქვა შეუძლებელი ხდება. მესმის მერიის პოზიციაც, რომ ვერ ასწრებენ და ნამდვილად არ არის ცოტა სამუშაო, მაგრამ სწორედ ამიტომ უნდა გაეკეთებინათ მეთოდურად ეს საქმე და არა ასე ერთბაშად", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ქეთი სოლომონაშვილმა.
თბილისში საცობების პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები და ეკოლოგები. გარდა იმისა, რომ ახლა დედაქალაქში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თბილისში საცობების პრობლემა მუდიმავად იყო.
ეკოლოგი თამთა მაჭარაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას იმ დეტალებზე საუბრობს, რომლებიც ხალხს ნაკლებად აქვს გააზრებული, არადა, იგი გადაადგილების პრობლემაზე უფრო საყურადღებო და მნიშვნელოვანია:
"საცობები, მანქანის გამონაბოლქვი, მშენებლობები და ამას შუა აგვისტოში დაემატა გზების რეაბილიტაცია, თან ისე, რომ რამოდენიმე ქუჩა ერთად გადათხარეს. აბსოლუტურად მესმის, რომ ყველაზე ოპტიმალური ეს დრო იყო მერიისთვის, რადგან დედაქალაქი შედარებით დაცლილია და ასე მოსახლეობას ნაკლები ზიანი მიადგა ყოველდღიური გადაადგილების თვალსაზირისით, მაგრამ არავინ იაზრებს, რა ცუდი რამ მოხდა ეკოლოგიისთვის და მომავალზე საერთოდ არავინ ზრუნავს.
ეს გახურებული სამშენებლო მასალები, ისედაც მშრალი მიწა, რომელიც ბოლომდე ამოითხარა და ეს ცხელი ასფალტი, რომელიც მთელ თბილისს მოედო, ჰაერსაც მავნე ნივთიერებებით აჯერებს და მიწასაც, სადაც, სავარაუდოდ, ხესაც გაუჭირდება ამოსვლა.
უამრავი ადამიანის წუწუნი მესმოდა, ამ ზაფხულს შეუძლებელი იყო ქალაქში სუნთქვა, მაგრამ ვერავინ ხვდებოდა, ასე რატომ გამძაფრდა ეს პრობლემა. ქუჩების გაკეთება, რა თქმა უნდა, კარგია და აუცილებელი, მაგრამ ვფიქრობ, დრო საგულდაგულოდ უნდა შეირჩეს და ნელ-ნელა გაკეთება უმჯობესია, ვიდრე ერთბაშად ყველაფრის მიდებ-მოდება.
აუცილებელია, ახალი გზების ჩაყოლებაზე ხეებიც დარგონ და როგორმე გაანეიტრალონ დედაქალაქში არსებული მძიმე ეკოლოგიური ფონი. თითოეული ხე ჩვენი ჯანსაღი მომავლისთვის იქნება კარგი და სასიკეთო", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას თამთა მაჭარაშვილმა.