ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამით ბენეფიციარების ნაწილი კვლავ ვერ სარგებლობს. აფთიაქში მისული მომხმარებელი მედიკამენტს ვერ იღებს, რადგან სათანადო ინფორმაცია კვლავ არ აქვს, სად და როგორ უნდა შეიძინოს წამლები, რომლებიც ესაჭიროება. პროგრამა 2017 წელს დაიწყო და მაშინაც 5-6%-ზე მეტის დაფარვა ვერ მოხერხდა.
ე.წ. იაფი წამლების პროგრამას სხვადასხვა სახით, უკვე ორი წელია, საქართველოში ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. შარშან პროგრამა წარუმატებული აღმოჩნდა და ბენეფიციართა მინიმალურმა რაოდენობამ ისარგებლა, რაც სამინისტრომ არასათანადო საინფორმაციო კამპანიით ახსნა.
2018 წლის სექტემბერში კამპანიის ახალი ტალღა დაიწყო, პენსიონერებს და შშმ პირებს აგვისტოს დასაწყისში ფიქსირებული ღირებულების ნახევარ ფასად შეუძლიათ მიიღონ წამლები. აღმოჩნდა, რომ შარშანდელი პრობლემები კვლავ რჩება და მომხმარებლის ნაწილი წამალს ვერ იღებს იმის გამო, რომ არ იცის, ვის უნდა მიმართოს და რა დოკუმენტაციით.
სამინისტროს გათვლით, უფასო მედიკამენტების პროგრამა დაახლოებით 150 000-დან 200 000-მდე ადამიანზე უნდა გავრცელებულიყო. თუმცა, სერგეენკოს მიერ "ბიზნეს-რეზონანსისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, "ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით" 2017 წელს 13 010 ადამიანმა ისარგებლა. უცნობია, რა შედეგი იქნება წელს. ამას ვერც სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ ჯერჯერობით და შუალედური მონიტორინგის დასკვნას ელოდებიან.
თუკი თავად პროგრამის მონაწილეებს მოვუსმენთ, უკეთესი შედეგი არც ამჯერად იქნება. ია რევიას გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება, წლებია, აწუხებს. მან ახალი ინიციატივის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პრესკონფერენციიდან გაიგო, თუმცა აფთიაქში მისულს უთხრეს, რომ ფასდაკლების შესახებ არაფერი იციან.
"წლებია, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები მაწუხებს. ჩემს ასაკში ამას სხვადასხვა პრობლემაც ემატება და საბოლოოდ მხოლოდ მედიკამენტების ხარჯი თვიურად 120 ლარზე მეტი მაქვს. ტელევიზორში სერგეენკოს პრესკონფერენცია ვნახე, რომ მედიკამენტებზე, მათ შორის იმათზე, რაც მე მჭირდება, მნიშვნელოვანი ფასდაკლება ცხადდებოდა და ძალიან გამიხარდა.
პენსიონერისთვის ყველა შეღავათი მნიშვნელოვანია. ჩემს საცხოვრებელ სახლთან, ფალიაშვილზე მდებარე აფთიაქს მივაკითხე, რომ გამერკვია, რა ცნობები დამჭირდებოდა წამლის ასაღებად. მითხრეს, რომ ჯერ პროტოკოლი არ მიუღიათ და არაფერი იციან საჯარო განცხადების გარდა. ისიც მოაყოლეს, რომ ერთადერთი არ ხართ, მთელი დღის განმავლობაში ბევრი თქვენნაირი შემოდის აქ ამ კითხვებითო.
ეს პროგრამა ხომ ბიუჯეტიდან, ჩვენი ფულით ფინანსდება და როცა ასეთი რამ ანონსდება, მეტი კომუნიკაცია უნდა იყოს ან პირდაპირ უნდა გვითხრან, რომ არ მოგვცემენ მედიკამენტებს", - აღნიშნა ია რევიამ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
შალვა ტაბატაძესაც ქრონიკული დაავადება აწუხებს და ისიც პენსიონერია. მანაც ტელევიიზით გაიგო სიახლის შესახებ, აფთიაქში მისულს კი იგივე პასუხი გასცეს, რომ ჯერ არაფერი იციან და მედიკამენტს მათთან ვერ მიიღებს.
"პენსიონერებს ინტერნეტი და იმდენი სიარულის თავი სად გვაქვს, ყველა უწყება შემოვიაროთ და გავარკვიოთ, სად - რა და როგორ უნდა მივიღო. ტელევიზორში ვნახე რეკლამა, არაერთ აფთიაქში ვიყავი, მაგრამ ყველგან ერთი და იმავე პასუხით გამომაბრუნეს - არ ვიცით ჯერ ჩვენ არაფერიო", - ამბობს შალვა ტაბატაძე.
კომუნიკაციის პრობლემა რომ დგას, ამაზე, ბენეფიციარების გარდა, სფეროს სპეციალისტებიც საუბრობენ.
სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში მართვის ძირეული პრობლემა არსებობს, რის გამოც იაფი მედიკამენტებისა და ბევრი სხვა პროგრამაც სათანადოდ ვერ ხორციელდება.
"ფაქტია, ეს ე.წ. იაფი წამლების პროგრამა ჩავარდა შარშანაც და წელსაც. არაერთხელ მითქვამს და დამიწერია, ისევ ვიმეორებ, ეს არის შედეგი ჯანდაცვის სამინისტროს არასწორი მენეჯმენტისა. როცა პროგრამას იწყებ, არ შეიძლება, ეს მხოლოდ ერთი სარეკლამო კლიპით და ერთი პრესკონფერენციით შემოიფარგლებოდეს. ვნახეთ, რომ შარშან ეს პროგრმა ვერ შედგა. ბენეფიციართა 5-6 პროცენტიც კი ვერ მოიცვეს, იგივე მდგომარეობაა წელსაც.
სამინისტრო თანხას ვერ ითვისებს, ხოლო მოსახლეობამდე ვერ მიდის ეს სიკეთე. ყველა ბენეფიციარს რომ ესარგებლა, გადახარჯვა იქნებოდა ბიუჯეტში. შარშან თავად სამინისტრომ აღიარა, რომ საინფორმაციო კამპანიის პრობლემა იყო, სამწუხაროდ, წელს ვერ გამოიტანეს დასკვნები შეცდომებიდან. უცნაურია, იწყებ პროგრამას და ამის შესახებ არ იციან ბენეფიციარებმა, სამედიცინო პერსონალმა და სააფთიაქო ქსელებმა, ანუ პროგრამა ისევ არ მუშაობს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სერგო ჩიხლაძემ.
სხვაგვარად აფასებს პროგრამის მიმდინარეობას "პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის" გამგეობის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან საინფორმაციო კამპანია მაქსიმალურად ხორციელდება და ბენეფიციართა მიმართვაც მაღალია.
"მედიკამენტებზე ხემისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პროგრამა მიმდინარეობს ორი მიმართულებით. პირველია სახელმწიფოს მიერ შესყიდული მედიკემენტები, რომლებიც სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ 1 ლარად, ხოლო უკვე პირველი სექტემბრიდან შშმ პირებს (1-ლი და მე-2 ჯგუფის) მედიკამენტები გადაეცემათ აგვისტოს დასაწყისში ფიქსირებული ფასის ნახევარ ფასად. ასევე, გვაქვს დიაბეტის პროგრამა, რომელიც შეეხო დიაბეტის მედიკამენტებს და 3 აგვისტოდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელში და ყველას ეხება, ვინც ამ მედიკამენტებს საჭიროებს.
პროგრამა, რომელიც მოიცავს სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს, ხორციელდება მხოლოდ "პეესპეში", რომელიც ტენდერში გამარჯვებულია. ბენეფიციარს ერთჯერადად 3 თვის მარაგის მიღება შეუძლია და ყველა აფთიაქში ამ რაოდენობის წამალი ვერ იქნებოდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩა "პეესპეს" 70-მდე აფთიაქი, დედაქალაქში კი ასეთი ხუთია.
პროცედურა არის შემდეგნაირი: პენსიონერი ან სოციალურად დაუცველი პირი მიდის სოცმომსახურების სააგენტოში და რეგისტრირდება, რის შემდეგაც ის იღებს სპეციალურ ცნობას. შემდეგ მიდის ექიმთან, მოაქვს რეცეპტი და ამ დოკუმენტების საფუძველზე პაციენტი იღებს მედიკამენტს 50%-იანი ფასდაკლებით.
თუ მომხმარებელი შედის სხვა ქსელში, რა თქმა უნდა, შეიძლება ამან გამოიწვიოს დაბნეულობა, მაგრამ ტენდერში გამარჯვებული აფთიაქის ნებისმიერ ფილიალში მას ინფორმაციას მიაწვდიან, სად უნდა მივიდეს და რა უნდა გააკეთოს.
მოთხოვნა არის საკმაოდ მაღალი. ამ ეტაპზე ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, რადგან ახლა მიმდინარეობს მონიტორინგი, მაგრამ უახლოეს პერიოდში გვექნება შუალედური მონიტორინგის შედეგი, რამდენმა ადამიანმა ისარგებლა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მარგველაშვილმა.
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის 2017 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 3 360 ათასი ლარით განისაზღვრა, თუმცა რეალურმა ხარჯმა 2 686 ათასი ლარი შეადგინა. 2018 წლისთვის კი პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით განისაზღვრა.