გოდერძი ჩანქსელიანი ერთაერთია საქართველოში, ვისაც ოქტომბრიდან საკუთარი ტრანსპორტით ხორბლის შემოტანის საშუალება ექნება
თამარ მუკბანიანი
19.09.2018

 ხორბლის შემომტან მძღოლებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. დემონსტრანტები უკვე მე-3 დღეა, ხორბლის ავტოტრანსპორტით შემოტანის აკრძალვის გაუქმებას მოითხოვენ. რამდენადაც მათი მოთხოვნის შესრულება ვერ ხერხდება, მძღოლები ვა-ბანკზე მიდიან და რუსთაველის გამზირის გადაკეტვას აპირებენ.

ხორბლის იმპორტიორები ფინანსთა სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ხორბლის სახმელეთო გზით იმპორტი იკრძალება. გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სამუშაო პროცესი უკვე მეორე დღეა, შეწყვეტილია. მიზეზად ის ფაქტი სახელდება, რომ გეზ-ის ტერიტორიაზე აქციის მონაწილე ხორბლის იმპორტიორებს ამ დრომდე კვლავ ხელოვნურად, ავტომანქანებით აქვთ ჩახერგილი როგორც უწყების მიმდებარე ტერიტორია, ასევე - გეზ-ის ტერიტორიიდან გამოსასვლელი ნაწილი.

მძღოლები დაშლას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებას არ გააუქმებს, აქცია მასშტაბურ სახეს მიიღებს. ისინი რუსთაველის გამზირის გადაკეტვასაც გეგმავენ.

"არსად წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყარო არის სწორედ ეს საქმიანობა. ჩვენ უკან დგას რამდენიმე ათასი ოჯახი. ასე რომ, თუკი ფინანსთა მინისტრის ბრძანება არ გაუქმდება, ვრჩებით აქ ხვალამდე. შემდეგ დავიძრებით ქალაქის ცენტრალური ქუჩებისაკენ და ტრაილერებით გადავკეტავთ რუსთაველს", - აცხადებენ მძღოლები.

"რეზონანსი" სატვირთო ავტომობილებით ხორბლის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით არაერთხელ წერდა. რედაქციამ სტატიების გამოსვლის შედეგ მიიღო წერილი, რომელსაც ხელს მცირე და საშუალო მეწარმეები აწერდნენ. "მავნებლები, ფქვილის ფაროსანები", - ასე მოიხსენიებენ წერილში მათ, ვინც, მათი აზრით, ფქვილის ხელოვნურად გაძვირებას ახდენენ.

"ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში უკვე მესამე მცდელობაა, როდესაც ვიწრო ჯგუფს სურს, ფქვილისა და ხორბლის ბიზნესი მოირგოს (პირველად ეს 2008 წელს მოხდა, მეორედ - 2015 წელს, მესამე ტალღა კი დღესაა).

საბაზრო პრინციპების უარყოფა უმალ ვლინდება ჩვენში ფქვილის გაძვირებაში და პრობლემები ექმნება პურის, კვერცხისა და ხორცპროდუქტების ფასებს. თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ და მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასებს დავეყრდნობით, ფქვილი 2-3 ლარით უნდა გაძვირებულიყო და არა - 8-10 ლარით, ეს სუფთა სპეკულაციაა. საქართველოში დღეში 5000 ტომარა იხრაჯება და სწორედ ამ მოგების ხელში ჩაგდება სურს მავანს", - აღნიშნულია წერილში, რომელიც "რეზონანსმა" მიიღო და ხელს აწერენ: მალხაზ იაშვილი, გიორგი ხვთისიაშვილი და ნუგზარ ჯოხაძე. მასში პარლამენტის უმრავლესობის წევრ გოდერძი ჩანქსელიანის ინტერესებზეცაა საუბარი.

ჩანქსელიანი, ვინც შპს "ბევრილი" ჯგუფის 70%-ის მფლობელია, "რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, ფლობს გემსაც და ის ერთადერთია პურპროდუქტების ბიზნესში, ვისაც, რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, საკუთარი ტრანსპორტით ხორბლის შემოტანის საშუალება ექნება. მისი ბიზნესი საოჯახოა და წილის დანარჩენი ნერო ჩანქსელიანს ეკუთვნის, საწარმოო კაპიტალი კი 5 267 835 ლარია. მცდელობის მიუხედავად, დეპუტატთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და უპასუხოდ დარჩა კითხვა, ადასტურებს თუ არა ის ინფორმაციას, რომელსაც წყარო უტყუარად აცხადებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×