მართალია, კარგა ხანია უკვე, სირია ომსა და ადამიანის მსხვერპლთან ასოცირდება, მაგრამ მკითხველს იქ განვითარებულ ბოლოდროინდელ ტრაგიკულ მოვლენებს არ შევახსენებთ და გვინდა, მსოფლიოს ამ უძველესი კულტურის ქვეყნის ისტორიიდან რამდენიმე ეპიზოდი შევთავაზოთ.
სირია რომ უძველესი კულტურის ქვეყანაა, ამის დამადასტურებელი მრავალი ძეგლი დღესაც არსებობს. მისი ქალაქები: დამასკო, პალმირა, ბოსრა, აფამეა და სხვები ბევრ საიდუმლოს ინახავს.
სირიის უძველესი ქალაქები
დამასკო - სირიის დედაქალაქი მსოლიოში ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მის შესახებ პირველი ცნობები ჩნდება ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-მდე მე-16 საუკუნეში, როდესაც დამასკო ეგვიპტის ფარაონებს ემორჩილებოდა.
დამასკო მოხსენიებულია ბიბლიაშიც ძვ.წ.აღ-ის მე-11-მე-10 საუკუნეების მიჯნაზე. ჯვაროსნებმა ამ ქალაქის აღება სამჯერ სცადეს, ჯერ - 1125, შემდეგ - 1129 და 1148 წლებში, თუმცა - უშედეგოდ. 1260 წელს დამასკო მიიტაცეს მამლუქებმა. 1401 წელს იგი დაიპყრო თემურლენგმა. 1516 წლიდან პირველ მსოლიო ომამდე დამასკო ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.
დამასკო ცნობილია ძველი და შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლებით. მის ზოგ კვარტალს ამშევენებს სელევკიდების დროინდელი ქუჩები. რომის ბატონობის პერიოდიდან დამასკოში შემოჩენილია ქალაქის გალავანი, ჭიშკარი, მონუმენტური თაღის ნანგრევები.
შუა საუკუნეების ძეგლს მიეკუთვნება ნურ-ალ-დინის ჰოსპიტალი - აგებული 1154 წელს, მედრესე ალ-ნიურია - აგებული 1171 წელს, სადაჰ ალ-ადინის მავზოლეუმი, რომელიც მე-12 საუკუნის ძეგლია, ასევე - აზემის სასახლე, რომელიც აიგო 1749 წელს.
მაგრამ დამასკოში ყველაზე გამორჩეული მაინც ქრისტიანული უბანია - ბაბ-თუმა და მის გარშემო განლაგებული ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩები, ბაბ-თუმა თომას კარებს ნიშნავს, ადგილს, სადაც ურწმუნო თომა დამასკოში შევიდა. ამ კარის ფრაგმენტები დღესაც შემორჩენილია. იქვეა მე-12 საუკუნეში აგებული ჰამიდიის ბაზრი და ომაელთა მეჩეთი. ბაბ-თუმანზე მდებარეობს მეორე საუკუნეში აგებული მარიამის ტაძარი.
ამ უბანშივეა წმ. ჰანანიას ეკლესია, სადაც პეტრე ქრისტიანად მოექცა, ხოლო სავლე -პავლედ.
პალმირა - სირიის მეორე უძველესი ქალაქი, რომელიც დამასკოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ეს ქალაქი ბიბლიაშიც არის მოხსენიებული და მას თადმორი ეწოდება.
პალმირას რომაელი მმართველები სიტრატეგიულ კედლად მიიჩნევდნენ და ის ერთ დროს რომაულ პროვინციას შეუერთეს, თუმცა დიდი ბრძოლის შემდეგ მან დამოუკიდებელი ქალაქის სტატუსი მოიპოვა. მის დიდებულ კოლონადებით დამშვენებულ ქუჩებზე უზარმაზარი ტაძრები, მონუმენტური თაღები, აბანოები და თეატრები იყო აგებული.
პალმირას ცენტრალური ქუჩების ნაწილი მოკირწყლული არ იყო, აქლემებსა და ქარავნებს რომ გაადვილებოდათ გავლა, იმ ქარავნებს, რომლებსაც ჩინეთ-ინდოეთისა და საბერძნეთ-რომს შორის საქონელი გადაჰქონდათ. ძვ.წ.აღ-მდე მესამე საუკუნეში პალმირამ თავისი დიდების ზენიტს მიაღწია, მისი მოსახლეობა დაახლოებით 200 000 ადამიანს ითვლიდა.
პალმირას ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია დედოფალ ზინობიას, ოდენტასუსის მეუღლეს. მათი მეფობის დროს გადაიქცა პალმირა იმპერიის ცენტრად, რომელმაც შეძლო, არაერთგზის დაემარცხებინა სპარსეთის მეფე, დაეთმობინებინა მისთვის მდინარე ევფრატი.
ალეპო - ის მსოლიოს იმ უძველეს ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელშიც მუდამ სიცოცხლე ჩქეფდა. ახლო აღმოსავლეთში ეს ქალაქი გამოირჩევა ყველაზე ორიგინალური - დახურული ბაზრებით.
თელ-მარდიხი - ასევე უძველესი ქალაქი, არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქ აღმოჩენილი იქნა იმ ტაძრის ნანგრევები, რომელიც მიუძღვნეს ქალღმერთ იშთარის. ასევე აქ არის მეფის სასახლე, რომლის საცავებშიც აღმოჩნეილია 1700-მდე თიხის ფირფიტა და ბრინჯაოს ნაკეთობები.
სირიაში უძველესი ქრიტიანული ძეგლები მრავლად არის შემორჩენილი, განსაკუთრებით საინტერესოა მალულა და წმ. თეკლას ტაძარი, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმიდან რამდენიმე წელიწადშია აგებული.
თეკლა პავლე მოციქულის მოწაფე იყო, მდიდარ ოჯახში გაზრდილი თეკლა 18 წლის ასაკში დიდგვაროვან ახალგაზრდაზე დაინიშნა, მაგრამ ქალიშვილმა, როცა შემთხვევით პავლე მოციქულის ქადაგება მოისმინა, გადაწყვიტა, აღარ გათხოვილიყო.
მის გადაწყვეტილებას დედა არ დაეთანმა, საქმრომ კი მოციქულს სასამართლოში უჩივლა და დააჭერინა. როცა თეკლამ ამის შესახებ გაიგო, სახლიდან გაიპარა, სამკაულებით მოისყიდა მცველი და სამი დღე პავლეს ფეხებთან მჯდომი ისმენდა მისგან ქადაგებას.
როცა დედამ მიაგნო, ქალიშვილი მმართველს მიჰგვარა, რომელმაც მისი დაწვის ბრძანება გასცა. ალმა ვერაფერი ავნო თეკლას, მაშინ მას მხეცები მიუსიეს, არც მხეცებმა ავნეს რამე, მმართველი შეშინდა და მისი გათავისუფლების ბრძანება გასცა. თეკლა ისევ მოციქულთან დაბრუნდა და მისი ლოცვა-კურთხევით უდაბნოში დასახლდა.
იქ წყალი არ იყო და ღმერთმა მას წყალი აღმოუჩინა. თეკლამ დაიწყო ხალხის მკურნალობა, მაგრამ მას ქურუმები დაუპირისპირდნენ. როცა მოძალადეებმა მისი განადგურება გადაწყვიტეს, თეკლამ დახმარება ღმერთს სთხოვა. მაშინ კლდე ორად გაიპო და თეკლა გაიქცა.
საიდანიას მონასტერში ინახება ლუკა მახარობლის მიერ დაწერილი იმ 4 ხატისაგან ერთ-ერთი, რომელიც წმინდა მარიამის სიცოცხლეშივე დაიწერა. ეს მონასტერი 450 წელსაა აგებული. იმ დროს უამრავი მლოცველი დადიოდა წმინდა მიწაზე მოსალოცად და გზად სწორედ ამ მონასტერში ისვენებდა.
ერთხელ მონასტრის წინამძღოლმა ერთ-ერთ მომლოცველს სთხოვა, რომ აღდგომის ტაძრიდან ლუკა მახარობლის მიერ დაწერილი ხატი ჩაეტანა, რაზედაც თანხმობა მიიღო. მომლოცველმა ხატი მართლაც წააბრძანა წმინდა მიწიდან.
გზად უამრავი განსაცდელი გადალახა, რაშიც ხატი დაეხმარა და გადაწყვიტა, თუ წინამძღვარი არ მოიკითხავდა, აღარ მიეცა. წინამძღვრს მართლაც აღარ მოუკითხავს ეს ხატი, მაგრამ მომლოცველმა ვერაფრით ვეღარ შეძლო კარებში გასვლა.
იქიდან გასვლა მხოლოდ მოხრით იყო შესაძლებელი, რაც მან ვერ შეძლო, მიხვდა, რომ ხატი არ აძლევდა კარიდან გასვლის ნებას და წინამძღვარს დაუბრუნა. სასწაულმოქმედი ხატი დღემდე მონასტერში ინახება.
ერთ დღეს დამასკოში კოკისპირულად წვიმდა, რასაც სეტყვა მოჰყვა. იმ დღეს საიდანის მონასტერში ღვთისმშობლის ხატი ატირდა. მაშინვე თქვეს, რომ ეს მოახლოებულ განსაცდელს წინასწარმეტყველებდა, ეს იყო "არაბული გაზაფხულის" გარიჟრაჟზე. თუ ამ წინასწარმეტყველებას დავუჯერებთ, სირიაში მართლაც დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელსაც 100-ათასობით სირიელი შეეწირა, 2 მილიონამდე კი ლტოლვილად იქცა.
ქართული კულტურის ძეგლი სირიაში
აღმოსავლეთ სირიაში, ანტიოქიის მახლობლად შავ, ანუ საკვირველ მთაზე მე-6 საუკუნიდან არსებობდა ქართველთა სამონასტრო ცენტრები. იქ მოღვაწეობდა სვიმონ მესტვირე-უმცროსი, ვინც შემოიკრიბა ქართველი ბერები.
სწორედ აქედან წამოვიდნენ საქართველოში 13 "ასურელი მამა". შავ მთაზე მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მუშაობა იწყება მე-11 საუკუნიდან, როცა იქ დასახლდა სამხრეთ საქართველოდან წასული ბევრი ცნობილი ფილოსოფოსი და მწიგნობარი: გიორგი მთაწმინდელი, ეფრემ მცირე, საბა თუხარელი, ანტონ ტბელი და სხვები. ამ წერილში როგორც ამბობენ, შავ მთაზე 60-მდე ქართველი მოღვაწეობდა. მე-13 საუკუნის ბოლოს შავი მთის მონასტრებში ლიტერატურული საქმიანობა შეწყდა.
სირია თურქებმა დაიპყრეს და ანტიოქია მაჰამდიანურ ქალაქად იქცა, მონასტერი დაინგრა და განადგურდა, ქართველები კი იძულებული იყვნენ, იქაურობა დაეტოვებინათ.