არქეოლოგებმა გონიო-აფსაროსის ისტორიულ ციხეში გათხრების შედეგად უნიკალური ნაგებობები აღმოაჩინეს. საუბარია თავდაცვითი კედლის საძირკვლის ორი რიგის აღმოჩენაზე, რომლებიც პირველი-მესამე საუკუნეებით თარიღდება და რომლებიც რომაელების შემოსვლასა და აქ დამკვიდრების ეპოქაზე მიგვითითებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "რეზონანსი" გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტორული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველსა და პროფესორ შოთა მამულაძეს გაესაუბრა.
მისი განცხადებით, აღნიშნული არქეოლოგიური ექსპედიცია ქართულ-პოლონური პროექტია, რომელიც უკვე ოთხი წელია, არსებობს და ექსპედიციის მონაწილეებმა წელს პირველად გადაწყვიტეს ციხის შიდა ტერიტორიაზე მუშაობა.
"გონიო-აფსაროსში ოთხი წელია, ერთობლივად მუშაობს ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიცია. ციხის შიგნით, შიდა ტერიტორიაზე წარმოებული გათხრებისას აღმოჩნდა სხვადასხვა ტიპის ნაგებობათა ნაშთები, რომლებიც, ძირითადად, პირველი-მესამე საუკუნეებით თარიღდება და რომაელების აქ ყოფნასთან არის დაკავშირებული.
"წელს პირველად გადავწყვიტეთ ციხის გარეთ საცდელი თხრების გავლება. გათხრების შედეგად დადასტურდა, რომ აქ რომაელების მოსვლისთანავე, ანუ პირველი საუკუნის პირველ ნახევარში, მათ აუშენებიათ უფრო ადრეული, საკმაოდ დიდი, დაახლოებით 200 მეტრის ნაგებობა.
"ეს ნაგებობა უნდა ეკუთვნოდეს ვერონის მმართველობის ეპოქას და უნდა ყოფილიყო ის პირველი ნაგებობა, რომელიც რომაელთა შემოსვლისა და დამკვიდრების პერიოდს ეხება. პირველი ლეგიონერებიც აქ უნდა ყოფილიყვნენ ჩაყენებული", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, პირველი საუკუნის შემდეგ, დაახლოებით მესამე საუკუნეში, დამატებითი ნაგებობის მშენებლობა მოხდა, რაზეც მიგვანიშნებს სწორედ ახლახან აღმოჩენილი ნაგებობა. მამულაძემ ასევე განაცხადა, რომ მოხდება ციხის გარეთა ტერიტორიის შესწავლაც.
"მომდევნო პერიოდში უკვე მოხდა ამჟამინდელი ციხის მშენებლობა, როგორც ჩანს, უფრო მოგვიანებით, დაახლოებით მეორე საუკუნის დასაწყისში და ამის შემდეგ ითვისებენ შიდა სივრცეს.
"ახლად აღმოჩენილი მასალები, რომლებიც საკმაოდ მონომენტური ნაგებობის საძირკვლის სახითაა წარმოდგენილი, სრულიად ახალი, განსხვავებული სიტყვაა გონიო-აფსაროსის არქეოლოგიური შესწავლის ისტორიაში და ამით, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაეყრება ციხის გარეთ, ჩრდილოეთით, უზარმაზარი ნაქალაქარის ტერიტორიაზე არსებული სხვა ტიპის ნაგებობის შესწავლას.
"ეს აღმოჩენა უნიკალურია, რადგან შესაძლოა, ზუსტად განისაზღვროს ქრონოლოგიური თარიღები, ასევე მოხდეს იმ არქიტექტურული ნაშთების ტიპოლოგიური კლასიფიკაციაც და დალაგდეს ყველაფერი მათემატიკური სიზუსტით", - განაცხადა შოთა მამულაძემ.