მოსალოდნელ საბანკო რეგულაციას ხალხში პანიკა მოჰყვა და სესხზე მოთხოვნა ელვისებურად გაიზარდა. ადამიანებს სჭირდებათ თუ არა კრედიტი, მაინც ითხოვენ იმის შიშით, რომ შესაძლოა, 15 ნოემბრის შემდეგ ვეღარ აიღონ. სპეციალისტების აზრით, ფინანსური რესურსის ამ დოზით შეზღუდვა აუცილებლად უარყოფით რეაქციას გამოიწვევს.
საბანკო რეგულაცია, რომელიც სესხებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ისახავდა მიზნად, 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ორი კვირით გადავადდა. ეროვნული ბანკის ხისტმა გადაწყვეტილებამ მოსახლეობა დააფრთხო და მთელი ოქტომბრის განმავლობაში აჟიოტაჟური მოთხოვნა იყო კრედიტებზე. ამ ინფორმაციას ადასტურებენ როგორც ფინანსისტები, ასევე საკრედიტო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მოსახლეობაში არსებობდა მოლოდინი, რომ შეზღუდვა პირველი ნოემბრიდან შევიდოდა ძალაში. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალის" ხელმძღვანელ არჩილ ბაკურაძის ინფორმაციით, სწორედ ამიტომ კრედიტებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო.
"აჟიოტაჟური მოთხოვნა იყო ოქტომბერში. ყველას ჰქონდა განცდა, რომ პირველი ნოემბრიდან ძალაში შევიდოდა რეგულაცია და ძალიან შეიზღუდებოდა სესხები. მართლაც დიდი იყო კონკურენცია მომხმარებლის მხრიდან. ახლა დამშვიდდება ბაზარი, რადგან, საბოლოო ჯამში, რეგულაცია იღებს ისეთ სახეს, რომ ძალიან არ უნდა შეიზღუდოს დაკრედიტება. მიუხედავად ამისა, იქნება გარკვეული შეზღუდვები, ამიტომ ბაზარი არ გაიზრდება ისე, როგორც წინა წლებში", - განუცხადა "ბიემს" არჩილ ბაკურაძემ.
თუკი 2-3 დღეში მთავარი რეგულატორი არ შეცვლის დაანონსებულ ცვლილებას, გაზრდილი მოთხოვნა კრედიტებზე კვლავ უცვლელი დარჩება. ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე სესხებზე შექმნილ აჟიოტაჟს ადასტურებს და ამბობს, რომ მიწოდების შეზღუდვა მომხმარებელს ალტერნატიული გზების მოძებნისკენ უბიძგებს.
"მას შედეგ, რაც გაცხადდა ახალი რეგულაციის შემოღების შესახებ, მოთხოვნა სესხებზე ძალიან გაიზარდა როგორც საბანკო, ასევე, არასაბანკო სექტორში. მთავარი ის კი არ არის, რომ სესხი არ გაიცეს, არამედ მთავარია გადახდისუნარიანობა. რეალურად, დღეს მოქალაქეები გაუაზრებლად იღებენ სესხებს და შემდეგ ვეღარ აბრუნებენ. მათი მომსახურების პრობლემა დგება მიზანმიმართული საჭიროების შემთხვევაში აღებული სესხების დროსაც.
სამომავლოდ თუ ადამიანი არ იქნება გადახდისუნარიანი, სესხს ვეღარ აიღებს, მაგრამ ეს არ შეამცირებს მოთხოვნას, რომელიც იყო, არის და იქნება. ვინმე თუ ელის, რომ რეგულაცია მოთხოვნას მინიმუმზე დაიყვანს, ის 100%-ით ცდება. თუ არ იქნება ადეკვატური მიწოდება, მომხმარებელი გადაინაცვლებს სხვა ბაზარზე და ალტერნატიულ გზას იპოვის თანხის მისაღებად.
წინ საახალწლო პერიოდია და ყველანი ერთად ვნახავთ, რამდენად გაიზრდება მოთხოვნა როგორც იპოთეკურ, ასევე სამომხმარებლო სესხზე და რას გამოიწვევს მიწოდების შეზღუდვა. იმედია, თვითონ მიხვდება სებ-ი, რომ საქართველოში არსებულ სასესხო პირამიდას ვერც სახელმწიფო ჩამოშლის და ვერც ფინანსური სექტორი", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ირაკლი ბერძენაძე. ფინანსისტი განმარტავს, რომ მიუხედავად გაზრდილი მოთხოვნისა, საბანკო და არასაბანკო სექტორის მხრიდან არ ყოფილა იმ დოზის მიწოდება, რომ ამას სავალუტო ბაზარზე გავლენა მოეხდინა.
შეგახსენებთ, რომ ახალი საბანკო რეგულაცია პირველი ნოემბრიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ეროვნულმა ბანკმა მისი ამოქმედება 2 კვირით გადადო, რის შესახებაც საზოგადოებას ამოქმედებამდე 2 დღით ადრე აცნობა.