უკრაინული მედიის ცნობით, 22 ნოემბერს უკრაინაში სასულიერო იერარქების გამაერთიანებელი კრება უნდა ჩატარდეს, რომელმაც პატრიარქი, უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის მეთაური უნდა აირჩიოს და მას გადაეცემა სწორედ კონსტანტინეპოლის პატრიარქის მიერ გამოცემული ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსიც.
15 ოქტომბერს კიევში ჩავიდა კონსტანტინეპოლიდან წარგზავნილი საფრანგეთის მიტროპოლიტი იმანუილი, რომელმაც ამ გამაერთიანებელ კრებას უნდა უხელმძღვანელოს.
უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის მომავალი მეთაურის კანდიდატის ვინაობას ჯერჯერობით არც კიევში და არც მსოფლიო საპატრიარქოში არ ასახელებენ. ამჟამად ცნობილია, რომ ორი მთავარი პრეტენდენტი - კიევის საპატრიარქოს ხელმძღვანელი ფილარეტი და მიტროპოლიტი მაკარი ამ თანამდებობის დაკავებაზე პრეტენზიას არ გამოთქვამს. მათ შესაბამისი პირობა წერილობით დადეს, რათა კრებაზე გადაწყვეტილება უფრო თავისუფლად იყოს მიღებული.
კიევის საპატრიარქოს ხელმძღვანელი ფილარეტი აცხადებს, რომ ის არ დააყენებს თავის კანდიდატურას უკრაინის ერთიანი კანონიკური ეკლესიის მეთაურის პოსტზე და ამ პოზიციაზე იგი სთავაზობს მიტროპოლიტ ეპიფანეს (კიევის საპატრიარქო) პერსონას. აქვე, ფილარეტი ითხოვს, რომ მას შეუნარჩუნდეს საპატიო პატრიარქის წოდება და ხაზი გაესვას მის დამსახურებას უკრაინის ეკლესიის წინაშე. მიტროპოლიტი მაკარი კი ითხოვს, რომ უკრაინის ერთიანი ეკლესიის მეთაურად აირჩიონ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ეპისკოპატიდან რომელიმე მღვდელმთავარი.
უკრაინული მედიის ცნობით, სტამბოლში მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომა, სადაც უკრაინის მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიაზე ტომოსის გადაცემა უნდა მოხდეს, 28-29 ნოემბერს შედგება.
პარალელურად გააქტიურებულია რუსეთის ეკლესიის მხრიდან წნეხი მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის იმ ეპისკოპოსებზე, რომლებიც მზად არიან, შეუერთდნენ უკრაინის ერთიან ეკლესიას. ამის შესახებ სასაუბროდ ეპისკოპოსები რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსაც შეხვდნენ. გუშინ კი კიევში მდებარე წმინდა ანდრიას ტაძარში უცნობმა პირებმა "მოლოტოვის კოქტეილებიც" შეაგდეს. ხანძარი არ გაჩენილა, მაგრამ დაშავდა კიევის საპატრიარქოს მღვდელი. კიევი მოსკოვს ადანაშაულებს და როგორც უკრაინის ეკლესიის კიევის საპატრიარქოს პრესმდივანი ევსტრატი ზორია აცხადებს, "მოსკოვის თანამზრახველები ცდილობენ, "ცხადი მინიშნებებით" შეაშინონ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები, რომელთაც უნდა გადაეცეთ ეს ტაძარი."
თეოლოგ გოჩა ბარნოვის თქმით, ფილარეტი და მაკარი უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის მეთაურად კენჭს არ იყრიან, რადგან მათ წარსულთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები იყო და ამან რაიმე დაბრკოლება რომ არ წარმოქმნას, თავადვე თქვეს უარი, რაც ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო, ამიტომ ახალი კანდიდატი დასახელდება.
"ჯერჯერობით კანდიდატები არ არიან დასახელებული. გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, დასახელდეს იობ გეჩა, რომელიც უკრაინული წარმომავლობის კანადელია და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იერარქი იყო, შვეიცარიაში კი - ტელმესუს არქიეპისკოპოსი. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და დაზუსტებული არ არის, დასახელდება თუ არა," - აღნიშნავს ბარნოვი.
მისი თქმით, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინულ სამიტროპოლიტოში განხეთქილებაა და ყველა მღვდელმთავარი არ ეთანხმება მოსკოვის პოლიტიკას, ამიტომ იქაც საინტერესო პროცესები წავა.
"სერიოზული უთანხმოებაა, ზუსტად რამდენი მღვდელმთავარია მოსკოვის პოლიტიკის წინააღმდეგ, არ ვიცით, მაგრამ, ლოგიკურად, მათაც სურთ, გახდნენ უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის წევრები. მე ვფიქრობ, რომ ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ ძალიან ბევრი მღვდელმთავარი გადავა უკრაინის დამოუკიდებელ ეკლესიაში," - ამბობს ბარნოვი.