ოდესის პორტიდან მარიუპოლის მიმართულებით მოძრავი სამი უკრაინული ხომალდი გუშინ აზოვის ზღვაში შევიდა. უკრაინული წყაროების ინფორმაციით, მათ რუსული სანაპირო დაცვის რამდენიმე საბრძოლო ხომალდი და ვერტმფრენი მიაცილებდნენ, რომლებიც უკრაინული ხომალდებისაგან ახლო მანძილზე სახიფათოდ მანევრირებდნენ.
რუსული მხარე იტყობინება, რომ მათ შესახვედრად აზოვის ზღვის უკრაინული პორტიდან - ბერდინსკიდან ორი უკრაინული საბრძოლო ხომალდი დაიძრა, რომლებიც მაქსიმალური შესაძლო სიჩქარით მიცურავდნენ ქერჩის სრუტის მიმართულებით.
რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ქერჩის სრუტე დაიკეტა სამოქალაქო გემებისთვის. ამის შესახებ განაცხადა კომპანია "კრიმსკიე მორსკიე პორტის" გენერალურმა დირექტორმა ალექსეი ვოლკოვმა.
ამას წინ უძღოდა რუსული და უკრაინული გემების შეჯახება შავ ზღვაში. მოგვიანებით კიევში კიდევ ერთი შეტაკების შესახებ განაცხადეს, რომლის დროსაც რუსული საბრძოლო ხომალდი დაზიანდა. ამ ინფორმაციის თანახმად, მეორე შეტაკება უკვე აზოვის ზღვაში მოხდა, რის შედეგადაც დაზიანდა რუსეთის სანაპირო დაცვის კატარღა "ამეტისტი". ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი მეთაური სერგეი გაიდუკი გამოცემა "112 უკრაინასთან" საუბრობს.
აყველაფერი შაბათ დილით მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ სამი უკრაინული სამხედრო ხომალდი - საარტილერიო ჯავშნოსანი კატერები "ბერდიანსკი" და "ნიკოპოლი", ასევე რეიდული ბუქსირი "იანი კაპუ" ოდესის პორტიდან გამოვიდნენ და ქერჩის სრუტისაკენ აიღეს გეზი.
რუსული მხარის ცნობით, ეს გადაადგილება მათთან არ იყო შეთანხმებული და, ამასთან, უკრაინული გემები რუსეთის ტერიტორიულ წყლებშიც შევიდნენ.
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ოდესიდან აზოვის ზღვაში მდებარე მარიუპოლის პორტისკენ 3 ხომალდის გადაადგილების შესახებ მათ წინასწარ აცნობეს რუსებს. გარდა ამისა, ოფიციალური კიევი მოსკოვს საზღვაო პროვოკაციაშიც ადანაშაულებს, რომლის დროსაც რუსულმა საბრძოლო კატარღა "დონმა" უკრაინულ "იანი კაპუზე" ტარანი განახორციელა და მას მთავარი ძრავა დაუზიანა.
მოგვიანებით რუსულმა მხარემ ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომლის თანახმადაც, სასწრაფოდ უნდა მოხდეს რუსეთის საქციელზე რეაგირება, რადგან ეს საფრთხეს უქმნის შავი ზღვის რეგიონში არსებული ყველა სახელმწიფოს:
"რუსეთის პროვოკაციულმა ქმედებებმა შავ და აზოვის ზღვებში საზღვარს გადააჭარბა და აგრესიული სახე მიიღო. რუსულმა გემებმა უკანონოდ გამოიყენეს ძალა უკრაინული ხომალდების წინააღმდეგ, რითაც დაარღვიეს ნავიგაციის თავისუფლება. ასეთი ქმედებები საზიფათოა შავი ზღვის რეგიონის ყველა სახელმწიფოსთვის და, შესაბამისად, მოითხოვს მკაფიო რეაგირებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან", - წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მიმართვაში.