(რეზონანსი) 13 წლის მოზარდის ტრაგედიამ, რომელიც ჯართის შეგროვების დროს თხრილში ჩავარდა და მიწის ჩამოშლის შედეგად გარდაიცვალა, საზოგადოების მხრიდან აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ტრაგედიით შეძრული საზოგადოება სოციალური თანადგომის აუცილებლობაზე აალაპარაკა. საზოგადოების ნაწილს კი - აღნიშნული ტრაგედიის მიმართ ხელისუფლების არასათანადო დამოკიდებულების გამო, პროტესტი გაუჩნდა.
"13 წლის მოზარდის ტრაგედიას სახელმწიფო არ გლოვობს? სახელმწიფო თანამდებობის პირები არ ჩადიან ადგილზე? მაღალი სასულიერო იერარქები არ უგებენ წესს და არ უკეთებენ პარაკლისს? ეს ტრაგედია სხვა ტრაგედიაზე ნაკლებია რამით, რომ სახელმწიფო ასე უყურადღებოდ იქცევა? რა ლოგიკით მოქმედებენ პრემიერები, როდესაც გლოვის დღეებს ნიშნავენ ან არ ნიშნავენ? სასულიერო პირები? საზოგადოება? ტრაგედიების გარემოცვაში ვართ და ერთ ტრაგედიას ტრაგედიად ვთვლით და მეორეს არა. ესა ვართ? რატომ ასეთი შერჩევითობა? - წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია.
"თუ, რა თქმა უნდა, აღარ გვინდა ამდენი გლოვა, მთავრობას უნდა მოვთხოვოთ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სადაც არიან ბავშვები, მშობლებს შეუქმნან დასაქმების პროგრამები, თუნდაც ეს იყოს ქალაქის ახლოს სოფლის მეურნეობის შესაძლებლობა და იმ პროდუქტს გაუჩინონ ფასი იმპორტის შეზღუდვით, სხვას თუ ვერაფერს მოიფიქრებენ ქვეყანაში, სადაც თურმე "საქმე ცოტაა". იმ მშობლების ბავშვებზე, რომლებიც უარს გამოაცხადებენ მუშაობაზე, როცა მუშაობის შესაძლებლობა იარსებებს და ბავშვის მათხოვრობით ან შრომით გადაწყვეტენ თავის რჩენას (იქნება მცირე ნაწილი ასეთიც), ან იმ მშობლების ბავშვებზე, ვისი მშობლებიც ჯანმრთელობის გამო ვერ მუშაობენ, სოც მუშაკების მეშვეობით იზრუნოს სახელმწიფომ განათლების, კვების და ყველა აუცილებლობის მხრივ. რასაც ვერ გასწვდება სახელმწიფო, შექმნან ფონდი უშუალოდ ამ სეგმენტისთვის პირობების შესაქმნელად და დაგვიხმარონ მოსახლეობა. ლარითაც რომ შევეწიოთ ყველა, მილიონები დაგროვდება. მოვთხოვოთ ხელისუფლებას, პროგრამა წარმოადგინონ მალე, - სამი თვე ინტენსიური მუშაობა სრულიად საკმარისია, ერთი საკითხის გადაწყვეტის გეგმის შექმნისთვის", - წერს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, რომელიც საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, თბილისში, უბედური შემთხვევის შედეგად, 13 წლის მოზარდი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის გიგა ბაგაშვილი აფრიკის დასახლებაში არსებულ ქაღალდის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯართს აგროვებდა, რა დროსაც თხრილში ჩავარდა, რის შედეგადაც მიწა ჩამოიშალა და ზემოდან დაეყარა. გიგა ბაგაშვილი სოციალურად დაუცველი ოჯახის ერთ-ერთი წევრი იყო. ბაგაშვილები შვილს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ძებნის ოპერაციაში ჩართულმა სამართალდამცავებმა კი, შემთხვევის ადგილზე მოზარდის ველოსიპედი და წერაქვი აღმოაჩინა. გარდაცვლილი ბიჭის ცხედარს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე და 115 -ე მუხლით დაიწყო.
2020news.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე