რეზონანსი
12.03.2019

 (რეზონანსი) სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონის სიუჟეტი გურიის რაიონის სოფელ ლიხაურში ვითარდება.

ლიხაურელი თამუნა მახარაძემ სერიალის ფეისბუქგვერდზე პოსტი დაწერა, სადაც საყვედურს გამოთქვამს.

„მოგმართავთ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების" გადამღებ ჯგუფს და სცენარისტებს. ჯერ ერთი, საერთოდ არ ვუყურებ მაგ სერიალს, მეორეც ის, რომ მე როგორც სოფელ ლიხაურის ერთ ერთი მცხოვრები, ძალიან მეწყინა, რომ ასე გაპარტახებულად წარმოაჩინეთ ჩვენი სოფელი. მართალია, გურიაში დიდი გაჭირვება და სიღარიბეა, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე, როგორც მაგ ფილმში გადაიღეთ და აჩვენეთ. ჭირის და ლხინის სუფრა არ გვეშლება გურულებს, მით უმეტეს, მიცვალებულის პატივისცემა განსაკუთრებულადაა ჩვენში.

მარტო „მჭადი და ლობიო" რომ აჩვენეთ, ვითომდა სადილად ჩათვალეთ, რა შეიქნა ის 1კილო ყველი ასეთი სალაპარაკო, მთელი 2 სერია ყველი არ ჰქონიათო, რომ გაიძახდით. კარგი, ბატონო, ყველი (ვერ დავიჯერებ მაგას, მაგრამ), ვთქვათ და, არ იყო. აღარც მწვანილი იყო არავის ბოსტანში და აღარც ერთი თეფში მჟავე იშოვებოდა, რომ დაგედოთ სუფრაზე და გადაგეღოთ ლამაზად? რა ვიცი, სცენარში ისე გაქვთ დაწერილი, თუკი ვინმე გაბედნიერდა, ყველა მაგ ცხონებულ ქალთან ჩამოსულა და დავიჯერო ახლა, ყველას პატივისმცემელმა „ტატიანამ" მთელ სოფელს მისი ვალი ჰქონია, მჭადით და ლობიოთი ხვდებოდა სტუმრებს და ისიც ახალდაქორწინებულებს.

სულ რამდენიმე ხნის წინ გადაიღეს ლიხაურში ფილმი ექვთიმე თაყაიშვილზე. ყოველივე ამის შემდეგ როგორ იფიქრეთ, რომ ასე დაჩაჩანაკებულად და ასე სამასხარაოდ აგეგდოთ სოფელი, უბანი, ხალხი, იმ კუთხის სამეზობლო და ვითომდა გურული სატირალის სუფრა. არ ვართ მთლად მასე წასული ხელიდან გურულები და, მით უმეტეს, ლიხაურლები.

ჭირისა და ლხინის სუფრა საქართველოს არც ერთ კუთხეში არ ეშლებათ და ყველა კუთხემ უაღრესად კარგად იცის სტუმარმასპინძლობა და პურმარილი, მაგრამ ასე ხელწამოსაკრავები ნამდვილად არ ვართ არც გურულები, არც გურული ადათ-წესები, არც ჩვენებური სუფრა და პურმარილი და არც გურია, სხვათა შორის (იმ ატალახებულ ეზოში ერთი ტომარა ნახერხი დაგეყარათ, მადლი იყო)".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×