„დიდი შვიდეულის“ წევრმა ქვეყნებმა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვს წერილით მიმართეს, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენისკენ მოუწეოდებდნენ, რათა 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს და არჩევნების ჩაშლის მცდელობები თავიდან იყოს აცილებული. ამის შესახებ საინფორმაციო „რადიო თავისუფლება“ იუწყება.
„დიდი შვიდეულის“ მხარდამჭერმა ჯგუფმა, რომელშიც კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ და დიდი ბრიტანეთი შედიან 15 მარტს, ავაკოვს გაუგზავნეს წერილი უკრაინულ და ინგლისურ ენებზე, სადაც აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა რადიკალების მიერ.
კერძოდ, დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდეს, რომ მიიღოს ზომები „ძალადობრივი პოლიტიკური-ექსტრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ, რომელთაც შეუძლიათ ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა და უკრაინის ეროვნული პოლიციის უზურპაცია“.
მინისტრმა ავაკოვმა დაადასტურა წერილის მიღება და განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები მას სთხოვდნენ სამართლიანი არჩევნებისთვის ჩასატარებელი პროცედურის უზრუნველყოფას:
„დიახ, (მივიღე) წერილი, რომელშიც ისინი მთხოვენ, რომ ხმის მიცემის სამართლიანი პროცედურა უზრუნველვყო და არ დავუშვა რადიკალების მიერ პროცესის ჩაშლა. ასევე მომწერეს, რომ აფასებენ ამ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციასა და ძალისხმევას“, - განაცხადა არსენ ავაკოვმა.
აღსანიშნავია, რომ არსენ ავაკოვისთვის მიწერილ წერილში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები კონკრეტულად არ ასახელებენ არცერთ დაჯგუფებას, რომელზეც აქვთ ეჭვი. საფრანგეთის ელჩმა უკრაინაში, იზაბელ დიუმონმა თავისი კოლეგების სახელით გამოთქვა შეშფოთება უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ-ექსტრემისტულ ჯგუფებთან დაკავშირებით. თუმცა, კონკრეტულად ვის გულისხმობდა, არც ელჩს არ დაუწერია:
„ისინი აშინებენ უკრაინის მოსახლეობას, ცდილობენ (საპრეზიდენტო) არჩევნების უზრუნველყოფაში ეროვნული პოლიციის როლის უზურპაციას და აზიანებენ უკრაინის ხელისუფლების, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო რეპუტაციას,“ -აცხადებს იზაბელ დიუმონი.