რეზონანსი
24.03.2019

 რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს. რომლის მიხედვით დაიბლოკება ფეიკი ინფორმაცია და დაისჯებიან ისინი, ვინ შეურაცხყოფს ხელისუფლების წარმომადგენლებს მედიასა და ინტერნეტ სივრცეში. 

რუსმა ჟურნალისტემა აღნიშნულ კანონს პირდაპირი ცენზურა უწოდეს. პაველ კანიგინი, რუსი ჟურნალისტი და რეპორტიორი, „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტი აქტიურად აქვეყნებდა ხელისუფლების მამხილებელ მასალას, ახლა კი ამგვარი ინფორმაცია გენერალური პროკურატურის კონტროლის ქვეშ მოექცევა,

„სულ უფრო და უფრო ნაკლებია ისეთი მედია საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ წერონ იმაზე, რაზეც მე ახლა ვსაუბრობ, როგორც სანდო ინფორმაციაზე. ახლა ისინიც იძულებული იქნებიან, მოუწევთ ისე იტრიალონ, რომ არ მოხვდნენ რეპრესიული მანქანის დარტყმის ქვეშ. ეს, რა თქმა უნდა, ახალი  ეტაპია რუსული პრესისთვის“, - აღნიშნავს კანიგინი.

ახალი კანონის მიხედვით, სოციალურ ქსელში განთავსებული ხელისუფლებისთვის  არასასურველი ინფორმაციის  წასაშლელად  24 საათი იქნება მოცემული. წინააღმდეგ შემთხვევაში საიტი დაიბლოკება, ან დაეკისრება ჯარიმა 30 ათასიდან ნახევარ მილიონ რუბლამდე (დაახლოებით 1 250-დან 21 ათას ლარამდე), აგრეთვე შეიძლება კანონის დამრღვევს 15 დღით პატიმრობა მიუსაჯონ.

ჟურნალისტი ვიქტორია ივლევა, რომელმაც მიიღო პრესტიჟული საერთაშორისო ჟურნალისტური ჯილდო ჩერნობილზე რეპორტაჟისთვის, მხარს უჭერს უკრაინას და  არ ერიდება რუსეთის ხელისუფლების კრიტიკას, ამგვარ კანონს ძალის დემონსტრირებას უწოდებს. ის აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ამგვარად უჩვენებს საზოგადოებას, რომ ის არსებობს და ყველაფერს ხედავს.

„ეს გახლავთ „დიდი ძმის“ ცხოვრების ისტორია. ხელისუფლების დეპუტატებისა გარკვეული ფუსფუსი პირველ რიგში იმ მიზნით, რომ ასიამოვნონ მეფეს, აჩვენონ თავიანთი ერთგულება, მეორე - აჩვენონ საზოგადოებას ვინაა აქ მთავარი“, - ამბობს ივლევა.

ასეთი ცენზურის გატარება, პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინის აზრით, გამოიწვევს ლოგიკურ შედეგს - იზოლაციას და სოციალური და ეკონომიკური  ცხოვრების პირობების დაქვეითებას ქვეყანაში.

„იმისათვის, რომ ინფორმაცია აღიქვას პოზიტიურად, საჭიროა  საზოგადოებამ იგი მიიღოს „როსტატისგან“ - ოფიციალური ჩინოვნიკებისგან. სადაც ყველაფერი კარგადაა. ეს არის აბსოლუტურად საბჭოთა მოდელი და მას ეწოდება ინფორმაციული ფარდის, ან რკინის ფარდის აღდგენა“, - აღნიშნავს ორეშკინი.

იურისტი მარკ ფეიგინი ამბობს, რომ აღნიშნული კანონი უფრო ინტერნეტ სივრცის გაკონტროლებას ისახავს მიზად, სადაც საზოგადოება აზრს თავისუფლად აფიქსირებს. მისივე თქმით, „მილიონობით ადამიანი შეურაცხყოფს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ ყველას ვერ გაასამართლებენ“. აგრეთვე ამბობს რომ ეს იქნება „კანონის შერჩევითი მოქმედება“ - შესაძლოა მხოლოდ ის პირები დასაჯონ, რომეთა დასჯაც აწყობს ხელისუფლებას.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთში  ათი ათასობით ადამიანი  გამოვიდა აქციაზე „ინტერნეტის თავისუფლებისთვის“, რომელსაც დაკავებების გარეშე არ ჩაუვლია.

ნინი იკაევა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×