შავი ზღვის პარალელურად, ნატო-სა და რუსეთის დაპირისპირება ბალტიის რეგიონშიც მწვავდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხეების პრევენციის მიზნით, ნატო-ს მისიის ფარგლებში, ესტონეთში თავის სამხედრო კონტიგენტს საფრანგეთიც აგზავნის.
ბალტიისპირეთში იგზავნება 300 ფრანგი სამხედრო მოსამსახურეს, 4 ტანკი და 25 საბრძოლო მანქანა. ისინი 23 აპრილს ჩავლენ ესტონეთის ქალაქ ტაპაში, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 140 კილომეტრში მდებარეობს და იქ აგვისტომდე დარჩებიან.
სამხედრო კონტინგენტთა შემადგენლობაში იქნებიან დაქირავებული მებრძოლები საფრანგეთის უცხოური ლეგიონიდან.
მანამდე დიდ ბრიტანეთმა, ბალტიისპირეთში, ნატოს მისიის ფარგლებში თავის მხრივ გააგზავნა ხუთი სამხედრო თვითმფრინავი.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ მთლიანად წყვეტს წყვეტს როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სფეროში ნატო-სთან თანამშრომლობას.