დიდი შაბათს ყველა მორწმუნე ადამიანი ტაძარში იკრიბება და ზედმიწევნით ასრულებს იმ ღვთისმსახურებას, რომელიც იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება. ღვთისმსახურება ჯერ კიდევ ცისკარზე იწყება, როდესაც მღვდელმსახურები "წმინდაო ღმერთოს" გალობით გარდამოხსნას ტაძრიდან გამოაბრძანებენ და ნიშნად იესო ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლისა და სიკვდილზე გამარჯვებისა, ხალხის თანხლებით ტაძრის ირგვლივ შემოატარებენ. შემდეგ ისევ ტაძარში შეაბრძანებენ და ღია აღსავლის კართან მიიტანენ. ეს იმის ნიშანია, რომ მაცხოვარი განუყოფლას იმყოფება მამა ღმერთთან და რომ თავისი ვნებითა და სიკვდილით კვლავ გაგვიღო სამოთხის კარი. ამ დროს იგალობება "მშვენიერმან იოსებ..."
იმ დროს, როცა გარდამოხსნას ისევ ტაძრის შუაგულში დაასვენებენ, ითქმება ეკტენია და იკითხება საწინასწარმეტყველო ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნიდან გარდაცვლილთა მკვდრეთით აღდგომის შესახებ;
დიდი შაბათის ღვთისმსახურება მართლმადიდებლური ლიტურგიული ტრადიციის მწვერვალია. ბასილი დიდის საღვთო ლიტურგია ანუ წირვა ამ დღეს ჩვეულებრივზე გვიან იწყება და მწუხრს უერთდება. მღვდელი საკურთხეველში ტრაპეზთან კი არ მსახურობს, არამედ ტაძრის შუაგულში, გარდამოხსნასთან.
მცირე შესავლისა და "ნათელი მხიარულის" გალობის შემდეგ იკითხება 15 საწინასწარმეტყველო საკითხავი ძველი აღთქმიდან. ყოველ მათგანში ნაწინასწარმეტყველევია ღვთის მიერ სამყაროს ხსნა, რაც აღთქმული მესიის მოსვლით აღსრულდა.
სამყაროს შექმნისა (შესაქმეთა წიგნიდან) და ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის შესახებ (გამოსვლათა წიგნიდან) საკითხავებთან ერთად იკითხება ნაწყვეტი ესაია, ეზეკიელ, იერემია, დანიელ და სოფონია წინასწარმეტყველთა წიგნებიდან მესიის ვნების, აღდგომისა და ამ გზით კაცობრიობის ხსნის შესახებ.
საწინასწარმეტყველოსა და სამოციქულოს წაკითხვიდან იწყება მზადება მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულისთვის. ამ დროს სამღვდელოების სამგლოვიარო შესამოსელი სადღესასწაულოთი იცვლება. ასევე იცვლება მთელ ტაძარში შავი ფერები ნათელით.
სადღესასწაულოდ შემოსილი დიაკვანი, როგორც ანგელოზი, გამოდის ტაძრის შუაგულში, გარდამოხსნის წინ, და სახარების კითხვით ხალხს მაცხოვრის აღდგომას ამცნობს. ამის შემდეგ წირვა ჩვეულებრივ გრძელდება, ოღონდ "ღირს არსის" ნაცვლად იგალობება "ნუ მტირ მე, დედაო...".
წირვის დამთავრების შემდგომ აკურთხებენ ღვინოსა და პურს მლოცველთა სანუგეშოდ და განსამტკიცებლად. ამას "მოციქულთა საქმეების" კითხვა მოსდევს, რაც შუაღამიანის ლოცვამდე გრძელდება.
ღამის თორმეტ საათამდე აღესრულება შუაღამიანი, რომლის დროსაც იკითხება დიდი შაბათის კანონი, მის დასასრულს კი სამღვდელოება ტაძრის შუაგულიდან აღსავლის კარით უხმოდ გადაასვენებს გარდამოხსნას საკურთხეველში, წმინდა ტრაპეზზე, სადაც ის უფლის ამაღლების დღესასწაულამდე რჩება, ნიშნად იმისა, რომ იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ორმოცი დღე დაჰყო ამქვეყნად.
ამის შემდეგ მორწმუნენი სასოებით ელიან შუაღამის დადგომას, როდესაც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ბრწყინვალე აღდგომის უდიდესი დღესასწაული იწყება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე