რეზონანსი
08.05.2019

 (რეზონანსი) ჯორჯ ბუშის საქართველოში სტუმრობის დროს ტერაქტის მოწყობის მცდელობის ბრალდებით გასამართლებული ვოვა არუთინიანი, რომელიც უვადო პატიმარია, ციხიდან წერილს აგზავნის და ეძებს ქალბატონს, რომელიც მისი მეორე ნახევარი იქნება და ეყოლებათ შვილი.

აღნიშნული წერილი ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ გამოაქვეყნა.

"ბატონ ზაზა დავითაიას!

მოგესალმებით ბატონო ზაზა. როგორ ბრძანდებით? იმედი მაქვს, თქვენ ყველაფერი კარგად გაქვთ. დიდი მადლობა - დედაჩემმა მითხრა, რომ მომილოცეთ დაბადების დღე. კარგია, თუ თქვენნაირ ადამიანებს ვახსოვარ. ამჯერად, თქვენი დახმარება მე და დედაჩემს ძალიან მნიშვნელოვან საქმეში გვჭირდება.

უკვე რამდენიმე წელია, ციხიდან ვეძებ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი ოჯახის წევრი. როცა თავისუფალი ვიყავი, ვერ მოვასწარი ოჯახის შექმნა, არადა ძალიან მინდოდა. შეიძლება, ვიღაცამ, როცა ამ წერილს წაიკითხავს, თქვას - ეს კაცი ალბათ ხუმრობს, ან გაგიჟდა! უვადო პატიმარი ოჯახის შექმნას როგორ აპირებსო?! მოგახსენებთ - არ გავგიჟებულვარ და არც ვხუმრობ! მიუხედავად იმისა, რომ უკვე 13 წელია საკანში სრულიად მარტო ვარ, რაც არაადეკვატური ვარ და არც ადამიანური თვისებები დამიკარგავს!

ვარ 41 წლის და ციხეში დღეში 3-ჯერ ვვარჯიშობ (კრივი, სირბილი, პრესი, სიმძიმეები), ყოველდღე ცივი წყლით ვბანაობ. როდესაც ვამბობ "ყოველდღე," ეს ნიშნავს რომ მართლაც ყოველდღე ასე ხდება, მთელი წლის განმავლობაში და ეს არ არის ტრაბახი, არამედ, რეალობაა!

ციხეში ვმუშაობ კიდეც. ვსწავლობ უცხო ენებს, ვუსმენ ახალ ამბებს, როგორც ქართულ, ისე უცხოურ არხებზე... ის, რომ უვადო პატიმარი ვარ, არ ნიშნავს, რომ ოჯახის შექმნის შანსი არ მაქვს.

დარწმუნებული ვარ, სადღაც არსებობს ადამიანი, რომელიც გამიგებს და ჩემთვის ახლობელი გახდება, მაგრამ მე არ შემიძლია ის ვიპოვნო დამოუკიდებლად, რადგან შეზღუდული ვარ კომუნიკაციაში. იქნებ საზოგადოებამ ამ წერილით მაინც შეიტყოს, რომ მჭირდება სანდო და ერთგული ადამიანი. მნიშვნელობა არ აქვს არც გარეგნობას და არც ბევრ სხვა წვრილმანს. მთავარია გული ჰქონდეს ადამიანის, იყოს სანდო.

დაეკონტაქტოს დედაჩემს - ანჟელა არუთინიანს, რომელიც ციხეში ჩემთვის წერილის გადმოგზავნაში დაეხმარება. ჩვენი მისამართია: ქ. თბილისი, 0159 ვაშლიჯვარი, კორპუსი 11, ბინა 35. ტელეფონი: 593 58-34-56 (საღამოს 6 საათის შემდეგ).

ბატონო ზაზა, წინასწარ გიხდით დიდ მადლობას დახმარებისთვის და სიკეთისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატბებებს.

მოკითხვა თქვენს კოლეგებს ჩემგან!

პატივისცემით, იბრაგიმ (ვოვა) არუთინიანი."- ნათქვამია წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×