თამთა ჩაჩანიძე
16.05.2019

 უკრაინიდან გაქცეული ოლიგარქი იგორ კოლომოისკი, რომელიც, როგორც უკრაინაში მიაჩნიათ, ახლადარჩეული პრეზიდენტის "ნათლიმამაა", სამშობლოში დაბრუნდა. ამ ქვეყანაში ბევრს მიაჩნია, რომ ზელენსკისგან პოლიტიკური ლიდერის გამოძერწვის უკან სწორედ ეს კაცი დგას, რომელმაც ამ ნაბიჯით შური იძია თავის მთავარ მტერზე, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოზე.

ის პირველად მშობლიურ ქალაქ დნეპრში ჩაფრინდა (ყოფილი დნეპროპეტროვსკი). როგორც ჟურნალისტებს უთხრა, ჯერ რაიმე კონკრეტული გეგმა არა აქვს და თავიდან ცოტა ხნით ქალაქგარეთ დასვენებას აპირებს.

კოლომოისკი უკრაინელი ბიზნესმენი და დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორია, მან 2017 წელს დატოვა უკრაინა, იგი იყო უკრაინული "პრივატბანკის" მსხვილი აქციონერი. მთავრობამ მას ეს ბანკი წაართვა და მისი ნაციონალიზაცია განახორციელა. მას სხვა აქტივებიც ჩამორთვეს. თავად ამბობს, რომ ბანკის დასაბრუნებლად არ იბრძოლებს, მაგრამ სახელმწიფოსგან სასამართლოს კომპესაციის სახით 2 მილიარდ დოლარს მოითხოვს.

18 აპრილს, კიევის სასამართლომ კოლომოისკის სარჩელი დააკმაყოფილა და პრივატბანკის ნაციონალიზაცია ანუ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა უკანონოდ ცნო.

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ოპონენტები საარჩევნო კამპანიის დროს ამტკიცებდნენ, რომ შოუმენი იგორ კოლომოისკისთან არის დაკავშირებული, თუმცა თავად ზელენსკი აცხადებს, რომ ბიზნესმენთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს.

თავად კოლომოისკიმ კი რამოდენიმე ხნის წინ, რუსულ ტელეკომპანია ენტევე-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზელენსკის რჩევა ერთი-ორჯერ მისცა და მზადაა არჩეულ ლიდერს დროდადრო გაუწიოს კონსულტაცია.

უნდა აღინიშნოს, რომ კოლომოისკი უკრაინის მოქმედ შს მინისტრ არსენ ავაკოვის მიმართაც დადებითადაა განწყობილი, მან ერთერთ ინტერვიუში თქვა, რომ ავაკოვი შესაძლებელია ზელენსკის მთავრობაში პრემიერ-მინისტრიც კი გახდეს.

კოლომოისკი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ევრომაიდანის გამარჯვებაში, მალევე დაუპირისპირდა ყოფილ "კოლეგა" მილიარდერ პეტრო პოროშენკოს.

დაპირისპირება პრეზიდენტთან მას ძალიან ძვირად დაუჯდა და რომ ქვეყნიდან არ გაქცეულიყო, დაიჭერდნენ კიდეც. ის 2016 წელს ჯერ შვეიცარიაში წავიდა, მერე კი ისრაელში გადაბარგდა, სადაც აქამდე ცხოვრობდა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს კოლომოისკი საქართველოს ექს პრეზიდენტსა და მაშინ ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს მწვავედ დაუპირისპირდა.

იმავე წელს, კოლომოისკიმ მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე დანიშვნა უარყოფითად შეაფასა და თქვა, რომ სააკაშვილი უკრაინას რუსეთს ჩააბარებს.

" სააკაშვილთან დაკავშირებით საერთოდ გაოცებული ვარ, ის დროებითი ფიგურაა, ახლა ის ოდესას რუსებს ჩააბარებს, შემდეგ კი მისი ბრძოლით დაბრუნება მოგვიწევს," - განაცხადა მაშინ კოლომოისკიმ.

საქმე ისაა, რომ კოლომოისკი მთლიანად აკონტროლებდა ქალაქ დნეპრსა და შესაბამის ოლქს, და ცდილობდა ოდესაშიც საკუთარი კადრები დაენიშნა, რასაც სააკაშვილის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

სააკაშვილმა კოლომოისკი ფულის გათეთრებასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში დაადანაშაულა, იგი უკრაინის ერთერთ ტელეარხზე მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ კოლომოისკი მას პირადად ემუქრებოდა. ოდესის ყოფილი გუბერნატორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარლამენტის შუალედურ არჩევნების დროს, მიხეილ სააკაშვილი ქალაქ ჩერნიგოვში ჩავიდა პეტრო პოროშენკოს პარტიის კანდიდატის მხარდასაჭერად, რომლის მეტოქეც კოლომოისკისთან დაახლოებული ბიზნესმენი იყო.

2017 წელს კი ბიზნესმენი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას გამოეხმაურა, მან რადიკალურად შეიცვალა ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორზე აზრი და თქვა, რომ რომ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა ქვეყნისთვის სამარცხვინო ლაქაა.

"მხოლოდ ისტორია შეაფასებს, ის უკრაინისთვის დადებითი გმირი იყო თუ უარყოფითი, მე პირადად ვიტყვი, რომ მასთან ერთად მოსაწყენი არ იყო და ვიმედოვნებ, არც იქნება," - განაცხადა ბიზნესმენმა.

იგორ კოლომოისკისა და საქართველოს პრეზიდენტის შერიგების აღსანიშნავი შეხვედრა 2017 წლის სექტემბერში შედგა, რომლის დეტალები საზოგადოებისთვის არ გახმაურებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×