თამარ შუკვანი
19.05.2019

 არაბულმა ქვეყნებმა აშშ-ს თავიანთ ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო შენაერთების განთავსების უფლება მისცეს. ერაყში განლაგებული ამერიკული შენაერთები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ბაღდადში აშშ-ის საელჩოდან თანამშრომელთა ნაწილის ევაკუაცია განხორციელდა. საუდის არაბეთის მეფემ კი არაბული ქვეყნის ლიდერებს ქალაქ მექაში საგანგებო შეხვედრის გამართვის თხოვნით მიმართა.

ექსპერტთა შეფასებით, ეს სპარსეთის ყურეში ვითარების უკიდურესად გამწვავებაზე მიუთითებს. თუმცა, რამდენად მოსალოდნელია, რომ ეს დაძაბულობა შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზრდება, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია.

არაბულმა ქვეყნებმა „შეერთებულ შტატებსა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს შორის ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე“ თავის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროების განთავსებაზე თანხმობა განაცხადეს. ამის შესახებ გამოცემა „აშ-შარქ ალ-აუსათი“ იუწყება არაბ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, თუმცა ცნობაში კონკრეტული ქვეყნები მითეთებული არ არის.

საუდის არაბეთის მეფემ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდმა კი არაბული ქვეყნების ლიდერებს ლიდერებს 30 მაისს მექაში საგანგებო სამიტის გამართვის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ „ტვიტერზე“ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი

შეთავაზება ეხება „სპარსეთის ყურის არაბულ სახემწიფოთა თანამშრომლობის საბჭოსა“ და „არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში“ გაწევრიანებულ ქვეყნებს. 

ვითარების ამგვარი გამწვავება გასულ კვირას სპარსეთის ყურეში მომხდარ ინციდენტებს მოყვა. 14 მაისს საუდის არაბეთის საკუთრებაში არსებულ ნავთობის სატუმბო სადგურებზე საბძოლო დრონებით განხორციელდა თავდასხმა, რის გამოც საუდის არაბეთმა ნავთობსადენ აღმოსავლეთ-დასავლეთზე ნავთობის გადაქაჩვა დროებით შეწყდა. ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმაში ჰუსიტი ამბოხებულები მონაწილეობდნენ. 

ასევე 12 მაისს, არაბთა გაერთიანებული საემიროების ტერირტორიულ წყლებში, ფუჯეირის პორტის მახლობლად, ოთხ სავაჭრო გემს დაესხნენ თავს.

რამდენად რეალურია, რომ არაბულ ქვეყნებსა და ირანს შორის ვითარება უფრო მეტად დაიძაბოს? იმის გათვალისწინებით, რომ აშშ და საუდის არაბეთი სტრატეგიული მოკავშირეები არიან და თანაც აშშ-ირანის ურთიერთობაც დღითიდღე მძიმდება, რა სურათი შეიძლება მივიღოთ?

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია „რეზონანსთან“ აშშ-ირანს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი თქმით, სამხედრო ესკალაცია ამ ეტაპზე არ არის მოსალოდნელი. 

„მთავარი, რაც უნდა აღინიშნოს, ის არის, რომ დაპირისპირება არსებობს აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებსა და ირანის ამჟამინდელ რეჟიმს შორის. აშშ-ის პოლიტიკა ამ მიმართულებით თანმიმდევრული იყო, თუმცა ახლა გაცილებით უფრო კრიტიკულია. 

„სანქციების განხორციელების პიროებებში ირანი მაინც ცდილობდა, რომ ამერიკულ ინტერესებს რეგიონში დაპირიპირებოდა და ბოლო დროინდელი, თუნდაც ბოლტონის განცხადებებიც, სწორედ ამ სტრატეგიის უფრო აქტიურ ფაზაში გადაყვანას ემსახურებოდა. 

„რამდენად გადავა აქტიურ სამხედრო მოქმედებებში, ძნელი სათქმელია. აშშ-ს რეგიონში ჰყავს თავისი მოკავშირეები და ბუნებრივია, ამ მოკავშირეებს თავიანთი პრობლემები აქვთ ირანთან. აქედან გამომდინარე, აშშ-ის სტრატეგიას დაუჭერენ მხარს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ეს აქტიურ საომარ მოქმედებებში გადავა,“ - აღნიშნა ქუთელიამ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი აშშ-სა და ირანს შორის ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება, საუდის არაბეთი აშშ-ს დაუჭერს მხარს. 

„საუდის არაბეთი, სამხედრო კუთხით, აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა და ამ დაპირისპირებაში, ირანის წინააღმდეგ სანქციების აქტიურ განხორციელებაში, საუდის არაბეთი აშშ-ის მხარეს დაიჭერს. თუმცა, ეს რა ფორმაში გადავა, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ცნობისათვის, ბოლო რამდენიმე კვირაა, აშშ-სა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში განაცხადეს, რომ ირანის მხრიდან გარკვეული სახის საფრთხეს ელოდებიან, რის გამოც, რეგიონში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×