თამარ შუკვანი
23.05.2019

 აშშ-ის პრეზიდენტის ოპონენტები დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ ისევ ალაპარაკდნენ; აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, ნენსი პელოსმა და დემოკრატ კონგრესმენებმა ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი განიხილეს,

„ბევრია დამოკიდებული იმაზე ამერიკა ჩაერთვება თუ არა ირანთან ომში. თავის დროზე ჯორჯ ბუში უფროსი დამარცხდა იმის გამო, რომ აშშ სპარსეთის ყურეში ომში იყო ჩართული, რამაც აშშ-ის გეოპოლიტიკური პოზიციები განამტკიცა, თუმცა ეკონომიკურმა დაქვეითებამ გამოიწვია ის, რომ 1992 წელს ბუში მეორე ვადით ამ პოსტზე აღარ აირჩიეს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს.

აშშ-ის პრეზიდენტის ოპონენტების განცხადებით, ტრამპის გარემოცვის მოქმედი და ყოფილი წევრები კონგრესში დანიშნულ მოსმენაზე მისვლასა და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობენ, რითაც ხელს უშლიან კონგრესს გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის შესრულებაში.

ნენსი პელოსის თქმით, „პრეზიდენტი ფაქტობრივად ხელს უშლის მართლმსაჯულებას, რაც შეიძლება იყოს იმპიჩმენტის საბაბი." მის განცხადებას ტრამპის მკაცრი რეაქცია მოჰყვა. აშშ-ის პრეზიდენტმა წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრა დატოვა და მოუწოდა დემოკრატებს, „მისი იმპიჩმენტის ნაცვლად კანონმდებლობაზე იფიქრონ."

ტრამპმა განაცხადა, რომ დემოკრატებთან სხვა საკითხებს არ განიხილავს, ვიდრე მის წინააღმდეგ გამოძიება არ შეწყდება, - ამის შესახებ „ბიბისი" იუწყება. ხოლო დემოკრატები აშშ-ის სპეცპროკურორ რობერტ მიულერის ანგარიშის დეტალებს იკვლევენ და კონგრესში ტრამპის გარემოცვის ყოფილი და მოქმედი წევრების მისვლას ითხოვენ.

რამდენად რეალურია, რომ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს? ამის შესახებ „რეზონანსი" ანალიტიკოსს, ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა.

ჩიტაძის განცხადებით, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ტრამპის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ. მისი თქმით, ის ფაქტორი, რომ აშშ-ში ეკონომიკური ზრდა შეინიშნება, თავად საზოგადოებაც არ გაიზიარებს დემოკრატების პათოსს.

„ამ შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს. მას, როგორც წარმომადგენლობით პალატაში, ასევე სენატში, მნიშვნელოვანი პოზიციები უკავია. ამასთანავე, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ტრამპის იმპიჩმენტის ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ , თანაც ის ფაქტი, რომ საბოლოო ჯამში, ტრამპის კავშირები რუსეთთან არ დამტკიცდა, მნიშვნელოვანია.

„იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-სთვის დღეს დამახასიათებელია შედარებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, კერძოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აშშ-ს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 3%-ს გადააჭარბა, თვითონ საზოგადოებაში გარკვეულწილად, ტრამპისადმი ნდობა იზრდება. ამ ინიციატივას საზოგადოებაც არ დაუჭერს მხარს," - აღნიშნავს ის.

ზოგადად, რა შემთხვევაში არის შესაძლებელი, რომ აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს? ჩიტაძე გარკვეულ მდგომარეობას ასახელებს; მისი თქმით, ეს მოხდება მაშინ, თუკი პრეზიდენტი მხილებული იქნება სისხლის სამართლის დანაშაულსა თუ კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში.

„იმპიჩმენტის საკითხი სხვადასხვა პრეზიდენტის მიმართ, რამდენჯერმე ჩავარდა; გვახსოვს კლინტონის მიმართ იყო დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა იგი ტყუილზე და რეალურ ფაქტზე იყო მხილებული ტრამპისგან განსხვავებით, თუმცა ვიცით, რომ კონგრესმენთა უმრავლესობამ კლინტონის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა.

„იგივე იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც რიჩარდ დიქსონის წინააღმდეგ აღიძრა, დიქსონი თვითონ გადადგა თანამდებობიდან. ის არ იყო გადაყენებული პრეზიდენტის პოსტიდან. მეეჭვება, რომ იმპიჩმენტის პროცედურა ტრამპის წინააღმდეგ დაიწყოს.

„საერთოდ იმპიჩმენტის პროცედურა იწყება იმ შემთხვევაში თუ, პრეზიდენტი მხილებული იქნება სისხლის სამართლის დანაშაულში. ამ შემთხვევაში კონგრესმენთა ნაწილი საქმეს განსახილველად უზენაეს სასამართლოს გადასცემს. თუ სასამართლომ დაშვებულად სცნო იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, ამას შემდეგ საკითხს ორმა მესამედმა უნდა დაუჭიროს მხარი. კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში, თეორიულად შეიძლება პრეზიდენტის გადაყენება, თუმცა ცოტა რთულ პროცედურას წარმოადგენს," - აცხადებს ჩიტაძე.

რა შეიძლება მოხდეს 2020 წელს და აშშ-ის ამომრჩეველების დამოკიდებულება ტრამპის მიმართ როგორია? შესაძლოა თუ არა, რომ ის მომავალ წელს მეორე ვადით იქნას არჩეული?

ჩიტაძე ამბობს, რომ ეს რეალურია, რადგან ტრამპის რეიტინგი იზრდება, რაც ერთის მხრივ, ქვეყანაში ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა.

„არ არის გამორიცხული, რომ მისი არჩევა 2020 წელსაც მოხდეს, მაგრამ ეს გარკვეულ ფაქტორებზეა დამოკიდებული. ნდობის ხარისხი ტრამპის მიმართ იზრდება. ერთ-ერთი პრიორიტეტული კონომიკური ზრდაა.

„ასევე ბევრია დამოკიდებული ამერიკა ჩაერთვება თუ არა ირანთან ომში. თავის დროზე ჯორჯ ბუში უფროსი დამარცხდა იმის გამო, რომ ამერიკა ჩართული იყო ომში სპარსეთის ყურეში 1991 წელს, რამაც ერთის მხრივ, აშშ-ის გეოპოლიტიკური პოზიციები განამტკიცა, - ბუშ უფროსმა ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნის შესახებ განაცხადა და მის დროს მოხდა ამერიკის მიერ ცივ ომში საბოლოო გამარჯვება, მაგრამ ეკონომიკურმა დაქვეითებამ გამოიწვია ის, რომ 1992 წელს ჯორჯ ბუში მეორე ვადით პრეზიდენტის პოსტზე უკვე აღარ აირჩიეს, ის ბილ კლინტონმა შეცვალა.

„ახლაც ბევრი არის დამოკიდებული, თუ აშშ ირანთან ომში არ იქნება ჩართული. თუ ამერიკის ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება, ბუნებრივია ამ შემთხვევაში, ტრამპს შესაძლებლობა ექნება, მან ხელმეორედ დაიკაოს პრეზიდენტის პოსტი," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ცნობისათვის, მიულერი დონალდ ტრამპის და რუსეთის შესაძლო კავშირების საქმეს იძიებდა, თუმცა საბოლოოდ ეს კავშირი არ დაადასტურა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ვაშინგტონის სასამართლომ დემოკრატ კონგრესმენთა პოზიციას მხარი დაუჭირა. ისინი აუდიტორული კომპანიისგან აშშ-ის პრეზიდენტის საგადასახადო დეკლარაციების წარდგენას ითხოვდნენ. აშშ-ის პრეზიდენტი ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

აშშ-ის კონგრესში დემოკრატიული პარტიის წევრებმა დონალდ ტრამპის 2013-2018 წლების ფინანსური დოკუმენტების გასაჯაროება ოფიციალურად მოითხოვეს. წარმომადგენელთა პალატის ფინანსებისა და გადასახადების კომიტეტის თავმჯდომარემ, რიჩარდ ნილმა შესაბამისი მოთხოვნით აშშ-ის საგადასახადო სამსახურს მიმართა. მან ასევე უწყებას ტრამპთან და მის ბიზნესთან დაკავშირებული შესაძლო საგადასახადო შემოწმებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება მოსთხოვა.

თუმცა, ტრამპი აცხადებს, რომ არ არის მზად, გამოაქვეყნოს დეკლარაციები, ვიდრე მის წინააღმდეგ საგადასახადო შემოწმებები გრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×