პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივია შევა, რომლის მიხედვითაც მოზარდებისთვის ისეთ საიტებზე წვდომა აიკრძალება, სადაც აზარტული თამაშების, ალკოჰოლის, ნარკოტიკის და ფსიქოტროპული საშუალებების პროპაგანდა ხორციელდება.
ამასთანავე, საჯარო დაწესებულებებს, სკოლებს, ბიბლიოთეკებს, საგანმანათლებლო და გასართობ სივრცეებს, ინტერნეტ კაფეებს, მათ ბალანსზე არსებულ საჯარო საქმიანობისთვის განკუთვნილ კომპიუტერებზე, სპეციალური ინტერნეტ ფილტრების დაყენება მოუწევთ.
„კანონი, რომელიც განხორციელებას ექვემდებარება და შეიძლება მისი აღსრულება, არის აუცილებელი. მოზარდები ძალიან დამოკიდებულები ხდებიან და ეს დღეს სერიოზული პრობლემაა არა მხოლოდ ქართველი მოზარდებისთვის, არამედ კაცობრიობისთვის," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ფსიქოლოგი ნანა ჩიჩუა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას.
ფსიქილოგის განცხადებით, როდესაც რაიმეს კრძალავ, ალტერნატივაც უნდა იქნას შეთავაზებული, რაც ამ შემთხვევაში, მისი თქმით, არ ჩანს.
„ქალაქებში სხვა საშუალება არ არსებობს; ეზოები არაა, ბავშვებს ურთიერთობის კომუნიკაციის არანაირი სივრცე არ ეძლევათ. ამიტომ, მიჯაჭვულები არიან ამ სოციალურ ქსელს, მობილურს, ინტერნეტს, კომპიუტერს და საერთოდ, ელექტრონულ საშუალებებს. მათ სხვა ალტერნატივა ნაკლებად აქვთ. ეს არის მიზეზი იმისა, რომ გახდნენ დამოკიდებული - კომუნიკაციის საშუალებები სულ დაიკარგა.
„კანონი ეფექტურია მაშინ, თუ ისე არის შედგენილი, რომ მისი განხორციელების ყველა ნიუანსი გათვალისწინებულია. თუ კანონი ვერ განხორციელდა, ეს უკვე კანონ-შემოქმედის პრობლემაა. კანონის შექმნაში არ უნდა იყოს მხოლოდ ის ჩადებული, რომ „ეს ცუდია და უნდა აიკრძალოს," არამედ ის, აკრძალვა როგორ შეიძლება განხორციელდეს და რამდენად არის შესაძლებელი მისი განხორციელება, - ამის გათვალისწინებაც უნდა მოხდეს. როდესაც კრძალავ, ალტერნატივა უნდა იყოს შეთავაზებული," - აღნიშნა მან.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, შეზღუდული იქნება ისეთ აუდიო თუ ვიდეო მასალაზე წვდომა, სადაც ძალადობის, პორნოგრაფიის, მკვლელობისა და სასტიკი მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოჩენილი.
„თბილისი არის ბეტონის ქალაქი. რა ალტერნატივა აქვთ ბავშვებს? ეზოები ნაკლებადაა. ისეთი ადგილები, სადაც ბავშვებს ურთიერთობის კომუნიკაციების საშუალებების მიიღება შეეძლებათ, ფასიანია. ეს კი ბავშვებისთვის უკვე სირთულეს ქმნის. ძალიან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. ალტერნატივა უნდა ჩანდეს, - კრძალავ, მაგრამ რას ტოვებთ?" - განაცხადა ნანა ჩიჩუამ.
ამასთანავე, ამ ინიციატივის მიხედვით, აიკრძალება მოზარდის ისეთ დაწესებულებაში დასაქმება, სადაც ალკოჰოლური, ტოქსიკური და ფსიქოტროპული მასალის წარმოება, ტრანსპორტირება, რეალიზაცია ხდება.
„ბავშვის უფლებათა კოდექსი" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით მომზადდა. კანონი პარლამენტში პირველ მოსმენაზე შემდეგ სასესიო კვირას გავა. დამტკიცების შემთხვევაში კი ძალაში 2020 წლის 1 ივნისიდან შევა.