გასულ კვირას ნატო-ს სამხედრო ექსპერტებმა ალიანსის ახალი სამხედრო სტრატეგიის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღეს, რაც რუსეთის მხრიდან ბირთვული ომის საფრთხის ზრდითაა გამოწვეული. ამის შესახებ ნატო-ს გენმდივანმა იენ სტოლტენბერგმა გერმანულ „დი ველტთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება ნატოს სტრატეგიის პირველი წვლილება ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსს ახალი გამოწვევები აქვს ნატო-ს სამხრეთ და აღმოსავლეთ ფლანგებზე. მისივე შეფასებით, ნატო-სთვის საჭიროა ახალი სამხედრო კონცეფცია „სრული უსაფრთხოების“ მისაღწევად და მომავალში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ნატო-ს მიერ სამხედრო სტრატეგიის ცვლილებაზე „ბირთვული საფრთხის“ არსებობის გამო ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს:
„მაგ საკითხთან დაკავშირებით ვარშავაში ომის კვლევების უნივერსიტეტში ვიყავი მეც და დახურული მოხსენება მქონდა, სადაც ამის შესახებაც მითხრეს. აქ საუბარია ახალი სტრატეგიული კონცეფციის შედგენაზე, რომელიც დაეფუძნება რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების კონტრქმედებას და ნატო აამოქმედებს ბითვული შეკავების პოლიტიკას. ამოქმედდება ბირთვული დაგეგმარების კომიტეტი და ის ელემენტი, რაც ცივი ომის პერიოდში იყო.
„კომიტეტის ამოქმედების შემდეგ შემუშავდება რუსეთის ბირთვული ტერორის საწინააღმდეგო კონცეფცია, ანუ როგორ დააბალანსონ რუსეთის მიერ ბირთვული-ტაქტიკური სარაკეტო კომპრესების, ბირთვული ქობინების განლაგების საწინააღმდეგო ქმედება. ე.წ. გერასიმოვის დოქტრინის მიხედვით, რუსეთმა მიიღო დადგენილება, რომ პირველი გამოიყენებდა ბირთვულ იარაღს. აქედან გამომდინრე ნატო-ც საპასუხოდ მოქმედებს“, - ამბობს ვახტანგ მაისაია.
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა, ირკლი ალადაშვილმა თქვა, რომ ნატო-ს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება პროვოცირებული იყო 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიით:
„ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ამ დღეებში განაცხადა, რომ ნატო იღებს ახალ სტრატეგიას. მისი თქმით, ეს გამოწვეულია ახალი სიტუაციითა და გამოწვევებით, რაც აქტუალური გახდა 2014 წლის შემდეგ, ანუ რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ჯერ ოკუპაციის, შემდეგ კი ანექსიის შედეგად. საერთოდ, 2010 წლიდან მიიღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგიული კონცეფცია და გამოდის, რომ მას ცვლიან.
„წესით, ნატო-ს ეს პირველად ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა ეგრძნო, როდესაც რუსეთმა საქართველოს წინააღ,დეგ განახორციელა აგრესია, მაგრამ მაშინ ნატო-მ „წაუყრუა“ ამ სერიოზულ პრობლემას, რასაც რუსეთის მიერ „ბრჭყალების გამოჩენა“ ჰქვია. ეს იყო მას შემდეგ, რაც მან მეტ-ნაკლებად მოაგვარა ჩეჩნეთის პრობლემა ჩრდილოეთ კავკასიაში.
„აქ საუბარია იმაზე, რომ რუსეთის გაძლიერება დასავლეთში, ანუ უშუალოდ ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, ასევე სამხრეთში, იგულისხმება შავი ზღვის რეგიონიც, უკვე სიფრთხილეს მატებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას. მაგრამ მისი წევრი ქვეყნები, პირველ ყოვლისა ეს არის ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, ბულგარეთი - სერიოზული საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ, რადგანაც ნატო-ს დებულებაში არსებობს მე-5 პუნქტი, რაც ურთიერთდახმარებასა და კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს. ნატო-მ იცის, რომ ვადებულია იმავე თუნდაც ბალტიის ქვეყნებისა და მისი წევრი სხვა ქვეყნების უსაფრთხოება უზრუნველყოს“, - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.
ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ახალი სამხედრო სტრატეგია თითქმის მთლიანად „ცივი ომის“ დროინდელ სტრატეგიულ კონცეფციაზე იქნება დაფუძნებული:
„რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ „ცივი ომის“ პერიოდში, 1990 წლამდე როგორიც იყო სტრატეგიული კონცეფცია, მის საფუძველზე აიგება ახალი კონცეფცია. ფაქტობრივად, „ცივი ომის“ პერიოდის დოქტრინის სტრატეგიის აღდგენაზეა საუბარი, მაგრამ, რა თქმა უნდა, პატარა განსხვავება იქნება“, - განმარტა ვახანგ მაისაიამ.
ირაკლი ალადაშვილის თქმით, სამხედრო სტრატეგიის ცვლილების მიუხედავად, ჯერჯერობით ჩრდილოატლანიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას ძალიან დიდი პრობლემები აქვს, რომელთა მოგვარება საჭიროა ელემენტარულად იმისთვის, რომ ნატო-მ თავისი ფუნქცია შეასრულოს და დაიცვას უკვე წევრი ქვეყნები:
„მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირთან დაპირისპირება რომ იყო, ვთქვათ, 1949 წლიდან 1991 წლამდე, 60-70-იან წლებში დაძაბულობა პიკს იყო მიღწეული. შემდეგ ნატო-მ შეცვალა თავისი სტრატეგიული გეგმები და ძირითადი ყურადღება საერთაშორისო ტეორიზმთან ბრძოლაზე გადაიტანა, რა დროსაც გამორჩათ ის, თუ როგორ მოახერხა რუსეთმა ნელ-ნელა თავისი პრობლემების მოგვარება, რის შემდეგაც „საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის“ დიდი ამბიციები გაუჩნდა, პირველ რიგში, თავისი ახლო მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის, წინააღდმდეგ ღია სამხედრო აგრესიის დაწყებით“, - განმარტა ალადაშვილმა.
„ჯერჯერობით ნატო-ს აქვს უდიდესი პრობლემები, რაც შეეხება მის ფინანსურ უზრუნველყოფას - ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყანა თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის სავალდებულო 2%-საც კი არ იხდის თვადაცვაზე. ამიტომ ნატო და მისი წევრი ქვეყნების არმიები საჭიროებს სერიოზულ და სწრაფ გადაიარაღებას.
„დღეს მისი (ნატო-ს) მთავარი მიზანია უშუალოდ თავისი წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადგან იმავე პოლონეთში, რომელიც ნატო-ს წევრია 20 წლის განმავლობაში, აქამდე არ იყო რაიმე ისეთი სერიოზული, რომ ნატო-ს დამხმარე ძალები ან ბაზა განეთავსებინათ. მხოლოდ ახლა იწყებენ იქ ამის გაკეთებას. იგივე, რა თქმა უნდა, შეეხება ბალტიის ქვეყნებსაც.
„საქართველოზე რომ ვიფიქროთ, მას (ნატო-ს) საქართველომდე რუსეთის მეზობლად არსებული ჯერ უშუალოდ თავისი წევრი ქვეყნების უსაფრთოება აქვს უზრუნველსაყოფი და განსამტკიცებელი“, - აღნიშნა ირკლი ალადაშვილმა.